მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვოლსკი - სააკაშვილის ბოდვების განხილვა არ მგონია სწორი იყოს - 12 აგვისტო 2020

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ვოლსკიმ განუცხადა, საერთო კანდიდატზე ვერც შეთანხმდებიან, რადგან განსხვავებული ამბიციების მქონე პოლიტიკური ძალები არიან.

„მათ სულ რომ გაეცალო და დატოვო, ერთი რესუსი აქვთ, ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანონ. სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერობისთვის მზად არის. ამ დროს ის პოლიტიკური ძალა უნდა დაფიქრდეს, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაასახელოს, მას აქვს კი ის რესურსი, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონოს – თუ რა უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, ვის დაუტოვა ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული, რამდენი ადამიანი დატოვა სარჩო-საბადებელის გარეშე, რამდენი ადამიანი ელემენტარული სამედიცინო მომსახურების გარეშე, რამდენი ადამიანი აწამა და გამოასალმა სიცოცხლეს.

ასევე, არის თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რელევანტური იმ ამბიციებთან მიმართებაში, რაც გინდ, სააკაშვილს და გინდ, მის პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. მიხეილ სააკაშვილის ბოდვების განხილვა, იმ ადამიანის, რომელმაც გაცილებით უფრო მეტი დააშავა, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ იცის, არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პარტია ათ დღეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას წარადგენს.

დეპუტატის თქმით, მსჯელობის საგანი იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს წარდგენილი კანდიდატად, როდის და რა ფორმით – მხოლოდ პრემიერობის კაბინეტი იქნება დასახელებული, თუ ფარული კაბინეტი.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი, გოცირიძე აცხადებს, რომ ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

„წინასწარ კაბინეტის შემადგენლობას ვერ გავამჟღავნებთ. გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს და კანდიდატს დაასახელებს. ეს წინასწარ რატომ უნდა ვთქვათ? მიხეილ სააკაშვილის პოზიცია როგორი არის, ამასაც მოგვიანებით გავიგებთ. რაც შეეხება სხვა პარტიების პოზიციას, ყველა პარტია თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. მათ შორის, არიან ისეთი პარტიებიც, რომელთაც დიდი შანსია, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახონ. ქვეყანაში აუცილებლად იქნება კოალიციური ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიებიდან ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამას მოლაპარაკებები და საკმაოდ რთული პროცესი გადაწყვეტს. არჩევნების შედეგებამდე კონსულტაციების გამართვა არასერიოზული იქნება, მით უმეტეს, არ ვიცით, ზოგიერთი პარტია პარლამენტში მოხვდება თუ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია