მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სესილი ტ-ს საკუთარ ჭერქვეშ ღირსეული სიბერე დაუბრუნა - 17 აგვისტო 2020

რუბრიკა - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია

ufleba.ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე სხვადასხვა შინაარსის მითები ვრცელდება. ყველა მათგანს წითელი ხაზი გასდევს, თითქოს ისინი უცხოეთის აგენტები არიან და ეროვნულობის ყოველგვარ გამოვლინებას ებრძვიან. ხშირად, ამგვარი ბრალდებების უკან კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ინტერესები იმალება. 

სამოქალაქო სექტორი რომ არა, 30 წლის შემდეგაც ისეთივე ჭაობში ვიყურყუმალავებდით, როგორც ამას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ვჩადიოდით. გასაკვირი არ არის, რომ ყოველ მომდევნო მთავრობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსული კადრების რიცხვი განუხრელად იზრდებოდა. აქ დაგროვილი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის განვითარებისთვის ფასდადაუდებელ როლს ასრულებს. 

რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. თუნდაც მეტი სამართლიანობის გამოჩენა პრიორიტეტების შერჩევის, პროექტების დაფინანსების სფეროში. მაგრამ სამოქალაქო სეტორი ამ ქვეყნის ნაწილია და მასთან ერთად უკეთესობისკენ ვითარდება. 

„ufleba.ge“ უსამართლო მითების დასამსხვრევად გთვაზობთ არასამთავრობო  ორგანიზაციების მუშაობის ბოლო კონკრეტულ შედეგებს რუბრიკით - ეს ქვეყანა ჩვენი მოსასვლელია! განსჯა და გამოხმაურება თქვენთვის მოგვინდია. მაშ ასე, დავიწყოთ.   

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მორიგი წარმატებული საქმე, რომელმაც 90 წლის ქალბატონის, სესილი ტ.-ს ცხოვრება მთლიანად შეცვალა და მას ღირსეული სიბერე დაუბრუნა

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, სესილი ტ. ერთადერთ სახლში სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს და ღირსეული სიბერე უზრუნველყოფილი ექნება.

დავის ისტორია ასეთია: მოსარჩელე არ ყოფილა დაოჯახებული, ხოლო მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი შედგება ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე 30.00 კვ.მ ფართით. სესილი საცხოვრებელს სახლს უწყვეტად ფლობდა 1992 წლის 3 აპრილიდან, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. 

მან დისშვილისგან მიიღო დაპირება, რომ უზრუნველყოფდა დამხმარე ქალბატონით, საკვებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებით, სანაცვლოდ კი, საცხოვრებელი სახლი სიცოცხლეშივე დაეთმო. 

დეიდასა და დისშვილს შორის 2007 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (მაგრამ დეიდას არავითარი ნასყიდობის ღირებულება არ მიუღია). 

სესილის მიმართ, პირველ ეტაპზე, მართალია შეინიშნებოდა ყურადღება და ჯანსაღი დამოკიდებულება, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოპასუხემ მოსარჩელესთან კონტაქტი გაწყვიტა. დისშვილი ოჯახთან ერთად, 2018 წლის ზაფხულიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში; დეიდას ერთადერთ საცხოვრებელ ფართზე, ბანკთან სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა იპოთეკა. 

სესილი სანათესაოს მხრიდან აღმოჩნდა გარიყული, დარეგისტრირდა სოციალურ დაუცველთა ბაზაში და ყოველდღიური ულუფა საბურთალოს სასადილოდან მიეწოდებოდა.  ამასთან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანდაზმული ადამიანის დამხმარე და ყოველდღიური მზრუნველი მხოლოდ მეზობლები გახდნენ.

სასამართლომ 2019 წლის 1 ოქტომბერს წარმოებაში მიიღო სესილის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება. სასამართლომ საქმეზე გამოიყენა უძრავი ნივთის გასხვისების აკრძალვის უზრუნველყოფის ღონისძიებაც. ორგანიზაციამ სწორად განსაზღვრა სესილის კანონიერი ინტერესები და პროცესი წარმართა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით.

მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე, რომელმაც შექმნა არსებითი გარანტიები სესილის უზრუნველყოფილი პირობებისთვის. კერძოდ, მოპასუხე მხარემ დეიდას სასარგებლოდ, სიცოცხლის ბოლომდე, იკისრა რჩენის ვალდებულება: 

ა) დადგენილი გრაფიკისა და პერიოდის მიხედვით, ყოველთვიური ფინანსური დანახარჯის სახით, რაც ემსახურება სარჩენი პირისთვის საკვებით, ტანსაცმლით, მომვლელის ყოლის მომსახურებას; 

ბ) მარჩენალმა აიღო ვალდებულება, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებით აანაზღაუროს სარჩენი პირის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ხარჯი, რაც აღემატება სახელმწიფოს მხრიდან თითოეული შემთხვევისთვის დაფინანსებულ ლიმიტს; 

გ) მარჩენალმა აიღო ვალდებულება, გაიღოს სარჩენი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მოიცავს დაკრძალვის, მაგიდის, საფლავის მოწყობის და საფლავის მოვლის ფინანსურ დანახარჯს; 

დ) მარჩენალმა აიღო ვალდებულება, რომ დეიდა სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონებაში და მარჩენალი არ მოახდენს აღნიშნული ქონების გასხვისებას. ყველა შეთანხმება ან გარიგება, რომელიც მარჩენალის მიერ უძრავ ქონების გასხვისებაზე სარჩენი პირის სიცოცხლის მანძილზე დაიდება, ბათილია; 

ე) აღნიშნული ვალდებულება აისახება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების შესახებ არსებულ ჩანაწერში და: 

ვ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც მარჩენალი პირის მეშვეობით, 2019 წლის 30 სექტემბრამდე (უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოიშვა და განაპირობა ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონების იძულებითი წესით გასხვისების პროცედურების წარმოება, მარჩენალი ვალდებულია სარჩენ პირს დაუქირავოს საცხოვრებელი ფართი, გადაუხადოს ყოველთვიური ქირა და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს სარჩენი პირი. 

იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე დისშვილი შეწყვეტს ფინანსურ დახმარებას, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მოთხოვნით, სესილის აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სააღსრულებლო ფურცლის გაცემაზე. განჩინების აღსრულებისთვის განისაზღვრა მესამე პირიც.

სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შევიდა კანონიერ ძალაში. დავის მორიგებით დასრულებას წინ უძღოდა მოლაპარაკების რთული პროცესი, მათ შორის დისშვილის მხრიდან დეიდას პირადი ავტორიტეტის საფუძველზე, სამეზობლო პირებისგან სესხის სახით აღებული ვალის გადახდაც.

საქმე მოსამართლე ლილი ტყემალაძემ განიხილა. სესილის ინტერესებს საერთო სასამართლოში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა, რომელიც საქმეზე დამდგარი შედეგისთვის აფასებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის, სოფიკო მენაბდიშვილის ძალისხმევას და მადლობას უხდის კოლეგა ადვოკატს საერთო ღირებულებების გაზიარებისთვის.  

ასევე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს დაუსაბუთა, რომ 2019 წლის ოქტომბერში პოლიციის მიერ ჩამორთმეული 5000 ევრო არ იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ინკრიმინირებული თანხა; რის გამოც, პოლიციამ გაიზიარა ორგანიზაციის მტკიცება და არგუმენტები თანხის ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების თაობაზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა „გალერია თბილისის“ მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის (10 ათას ლარამდე) ანაზღაურების გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მენეჯერის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა ემსახურება საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ღია მართველობის მხარდაჭერასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ორგანიზაცია მუშაობს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან, უზრუნველყოფს ინსტიტუციურ დიალოგს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ინტერესების ლობირებას და დაცვას, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მისიაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია