მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი - საქმემან შენმან გამოგაჩინოს - 18 აგვისტო 2020

 

რუბრიკა - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია

ufleba.ge

სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) 1996 წლის 10 დეკემბერს დაარსდა.  მისი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ძირეული თავისუფლებების განვითარებას, ასევე წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.

ცენტრი ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების კანონთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. თანამშრომლობს მხოლოდ ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და მათი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარება. ორგანიზაცია არაა არცერთი პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების წევრი.

ამ მცირე მოთელვის შემდეგ კონკრეტულ საქმეებზე გადავიდეთ. ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივმა გავრცელებამ მსოფლიო უპრეცენდენტო კრიზისის წინაშე დააყენა:

- ფართომასშტაბიანი იზოლაცია, რაც ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების შენელებისთვის ყველაზე გამოყენებად ფორმად იქცა, საგანგებო მდგომარეობის თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით, ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას, რაც სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. მსგავსმა შეზღუდვებმა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ყველა სახის უფლების დაცვასა და მათ სრულ იმპლემენტაციას, იქნება ეს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური.

გაეცანით ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკურ დოკუმენტს - COVID 19  პანდემია და ადამიანის უფლებები

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, გააუქმა 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000 ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი.

ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიმართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა. მათი განცხადებით, ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო.

ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდნენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და  შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოწერეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება. ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. სასამართლო დარბაზში დააკავეს.  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა, სასამართლომ ასევე შეუჩერა სამსახურეობრივი უფლებამოსილება. ა. ი-ს ბრალეულობის საქმე  ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებაშია.

2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ-სა და ე. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

აღნიშნულ საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს  პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს.

ქ. თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად.

დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, შსს-მ და სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავალა  ა.ი.-ს საქმე. უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ.  თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალექეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა. ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში აშკარაა სამხარაულის ეროვნული ბიუროს არაეფექტური მუშაობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება პასუხსისმგებლობა, რომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და სავარაუდო დამნაშავეს საშუალება მისცა ყოფილიყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტახტისძირსა და დირბში. ამ სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის აპრილში დაიწყეს უკანონო ბორდერიზაცია - დაამონტაჟეს ძელები და გაავლეს მავთულხლართები. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ტახტისძირში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

მათი ინფორმაციით, დაახლოებით ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო კულტურები, სრულიად მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ეს მიწის ნაკვეთები იყო ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო.

მათივე ინფორმაციით, ბორდერიზაციის ფაქტამდე, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მათ მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ უარი ეთქვათ რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაზე იმ მიზეზით, რომ მიწა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობდა. ოჯახისთვის სახელმწიფოს არ შეუთავაზებია სხვა სანაცვლო მიწა ან კომპენსაცია დაკარგულ მიწასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს არათანმიმდევრულ და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუსაბამო პოლიტიკას საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მის დაუბრკოლებლად გამოყენებასთან დაკავშირებით“.

ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა ილია ბერუაშვილის შემთხვევა, რომლის მიწის ნაკვეთი სოფელ დიცში, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ილია ბერუაშვილის 2018 წელს უარი უთხრა მიწის რეგისტრაციაზე. სააგენტომ უარის მიზეზად დაასახელა სასოფლო-სამეურნეო მიწის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობა, რაც ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგანაც აღნიშნული მიწა არ არის ოკუპირებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად,  საქართველოს საერთო სასამართლოებმა მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს და საჯარო რეესტრს ილია ბერუაშვილისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იურიდიული დახმარებით უზრუნველყო მოქალაქე კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბორდერიზაციასა და საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწით სარგებლობის საკითხებს უკავშირდება. საქმე შეეხება სოფელ ახრისში, გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთს, რომელზეც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მესაკუთრემ წვდომა დაკარგა 2012 წელს სოფელში მავთულხლართებს გავლების გამო. შედეგად, მას წაერთვა აღნიშნული მიწის დამუშავებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახური მოქალაქეს აკისრებდა ქონების გადასახადს აღნიშნულ მიწაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული დახმარების შედეგად, სახელმწიფომ მოუხსნა მას ქონების გადასახადი. ამჟამად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართული აქვს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისათვის, რათა აღნიშნული პირი უზრუნველყოფილი იქნას ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას:

- შეიმუშავოს თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებთან შესაბამისი პოლიტიკა საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით;

- ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწით დაუბრკოლებლად სარგებლობას;

- საკუთრებაში დაურეგისტრიროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს კუთვნილი მიწის ნაკვეთი;

- იმ შემთხვევებში კი, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონო ბორდერიზაციით არის მიტაცებული, უზრუნველყოს დაზარალებულები ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე.

გარდა უკანონო ბორდერიზაციით შექმნილი პრობლემებისა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის - ტყეებზე, საძოვრებსა და მიწებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი სხვა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე არაერთ სოფელში მოსახლეობას შეზღუდული აქვს სასმელი წყლის მიწოდება ან მიეწოდებათ სასმელად უვარგისი წყალი. პრობლემას წარმოადგენს, ასევე, სარწყავი არხების არარსებობა და გაუმართავი სარწყავი არხები, რის გამოც მოსახლეობა ვერ ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს.

სოფელ დირბს, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახლახანს იმყოფებოდნენ,  წლების განმავლობაში სასმელად უვარგისი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ. მოსახლეობამ, ასევე, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დაასახელა სოფელში სარწყავი არხების არარსებობა, რის გამოც ისინი სრულფასოვნად ვერ ამუშავებენ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და ვერ იღებენ მოსავალს. შედეგად, მათ შეზღუდული აქვთ საარსებო წყაროებიც.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი

დოკუმენტში შეფასებულია საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეტაპზე დაშვებული არაერთი შეცდომა თუ სავარაუდო დანაშაული, საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, მართლმსაჯულების ხარვეზები და ა.შ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგამოძიებო ეტაპიდან იცავდა დაზარალებულის, კერძოდ - ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს. ამდენად, მთელი რიგი ინფორმაცია ანგარიშში უშუალოდ მოვლენათა შუაგულიდან, სხვადასხვა პირველწყაროდან არის მოპოვებული და გაანალიზებული.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმის ხარვეზიანმა გამოძიებამ და თანმდევმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული მრავალი პრობლემა და საზოგადოებისთვის ნათელი გახადა არსებული სისტემური პრობლემების მთელი სიმწვავე.  

სიმართლისათვის ბრძოლისას დაზარალებულისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის პრინციპული პოზიციისა და დაზარალებულის მხარდასაჭერად სამოქალაქო საზოგადოების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან მოვლენათა არაადეკვატური შეფასების შედეგია ის, რომ ორი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია.

საზოგადოების მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.

ბრძოლის შედეგად, სახელმწიფოს მოუწია დანაშაულში და მის დაფარვაში მონაწილე არაერთი ადამიანის მხილება, რომელთა ნაწილი უკვე მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ეს სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, არის იმ სისტემური პრობლემების აღიარება, რომელთა მოგვარება მხოლოდ ამ საქმის ხარვეზების გამოსწორებით ვერ მოხდება და აუცილებელია სისტემური ცვლილებები, რომელიც უნდა შეეხოს როგორც ქართულ საგამოძიებო უწყებათა დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე ქართული მართლმსაჯულების რეალურ რეფორმას.

ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების თავდაპირველი შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალა და კიდევ არაერთი ადამიანის მიეცა პასუხისმგებლობაში, კვლავ დაუსჯელი რჩება სამოხელეო დანაშაულში მონაწილე არაერთი პირი. უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალწარმოება გაგრძელდეს იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებებშიც იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

სამართალწარმოების მიზანი არა მხოლოდ იმ სამართალდამცავთა თუ სხვა თანამდებობის პირთა დასჯაა, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოძიებას ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოძიებას, არამედ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სისტემის გაჯანსაღებისათვის. ასეთი დანაშაულების დაუსჯელად დატოვების შემთხვევაში, ვერ აღმოიფხვრება ის სისტემური ხარვეზები, რაც შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვას. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს სრულყოფილად  წარმართული გამოძიება, რაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულების ნიშნების შემცველ ქმედებებზე, კერძოდ - საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა ამ საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება.

ანალიტიკური დოკუმენტი სრულად

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი მოამზადა.

- 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საქმეების შესწავლისას იდენტიფიცირებული ადამიანის უფლებების დარღვევები, პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა აჩენს მრავალ კითხვას სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომასა და კონკრეტული პირების მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების მიზანმიმართულად წარმოებასთან დაკავშირებით, რაც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და მათ დაპატიმრებაში გამოიხატება.

სახელმწიფოს მხრიდან დაუფარავად ვლინდება მკაცრად დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ, როდესაც სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავებისაგან განსხვავებით, გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე, აქტიურად იწყებას დემონტრანტთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და გენერალური პროკურატურის შაბლონური, აბსტრაქტული და ხშირ შემთხვევაში, სრულიად იდენტური შუამდგომლობების საფუძველზე, მათ მიმართ გამოიყენება წინასწარი პატიმრობები, შედეგად კი, დგება გამამტყუნებელი განაჩენები ან ფორმდება საპროცესო შეთანხმებები, ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის აღიარების პირობით. საქმეთა შესწავლამ, ასევე, გამოავლინა, რომ ხშირ შემთხვევაში, გამოძიებას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - მიაღწიოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების უგულვებელყოფის საფუძველზე, სავარაუდოდ, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის, სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებები“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.  

იხილეთ ანალიტიკური დოკუმენტი სრულად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელები. სიმბოლურია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში 1 წლის შემდეგ, სწორედ  ივნისის თვეში დარეგისტრირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტექსტო აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტების: მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვისა და ზაზა სვანაძის  სამართლებრივ ინტერესებს.

ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას დაზარალებულად ეცნო ჟურნალისტები და ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11  (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13  (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევა.

2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფმა ჟურნალისტებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი  დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის  ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია.

ბესლან კმუზოვი არის Кавказский Узел-ის ჟურნალისტი საქართველოში. იგი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც მან მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, სპეცრაზმელების მიერ ნასროლი ტყვიებისაგან,  კერძოდ მოხვდა  ექვსამდე ტყვია სხეულის სხვადასხვა ადგილას, ერთი ტყვია მოხვდა თავში, რის გამოც მიიღო თავის ღია ჭრილობა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

 მერაბ ცაავა არის  საინფორმაციო სააგენტო ,,გურია ნიუსის“  ჟურნალისტი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს. მერაბ ცაავას ჰქონდა ჟურნალისტის ამომცნობი ნიშანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეზინის ტყვია მოხვდა ხელში იმ დროს, როდესაც კამერა თვალებთან ჰქონდა მიტანილი და იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ცაავა საკუთარმა ხელმა დაიცვა თვალის დაზიანებისაგან. 

ზაზა სვანაძე ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტია, იგი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამავე დროს იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საინფორმაციო სააგენტო „ჯეო მედია ტვ“-სთვის იღებდა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას თავისი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; მას სჯერა, რომ აღნიშნული უფლებების გახორციელება არის ძირეული ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობილი დემოკრატიის ასაშენებლად. 

რა შეგვიძლია დავამატოთ ბოლოში - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია