მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფილიპ ბრიდლავი - ქართველები საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცები არიან - 18 აგვისტო 2020

ქართველი ჯარისკაცები ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ, ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ, ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატო-ს წევრებზე, – ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლავმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ქართველ ჯარისკაცებზე, ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მას ქართველ ჯარისკაცებზე ორი სახის შეფასების გაკეთება შეუძლია.

„ორ შეფასებას მოგცემთ. ერთი მთავარსარდლის გადმოსახედიდანაა. მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად პატრულირებაზე ან მათთან ერთად სანგარში არ მიბრძოლია, მაგრამ ნატო-ს ჯარების მთავარსარდლის პოზიციიდან სტრატეგიული შეფასება ისაა, რომ საქართველოს ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ამერიკასა და ნატო-ს სჭირდება. ისინი ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ, ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ. ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატო-ს წევრებზე.

ქართველები, რომლებიც წევრები არ არიან, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად. ტაქტიკურ დონეზე ის შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა, ვინც მათთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, და თქვენ იცით, რომ ქართველებს საზღვაო ქვეითებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცები არიან. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ ისინი ჩვენს გუნდში არიან“, – განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის, – ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლავმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – რას ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს, ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მისი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატო-ს ჯარების მთავარსარდალი გახდა.

„მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატო-ს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე, იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატო-სთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა.

ყველა ამ მიმართულებით პროგრესი არის. როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორე მხრივ, ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატო-სთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატო-სთვის გაღებულ წვლილს ეხება“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია