მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ღია საზოგადოების ფონდმა კოვიდ 19-ის შემსუბუქებისთვის საქართველოში 900 ათას დოლარამდე დახარჯა - 20 აგვისტო 2020

რუბრიკა - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია

ufleba.ge

სამამულო მითოლოგიის ერთ-ერთი „ცხრათავიანი დევი“, ცნობილი ფილანტროპი და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი და მის მიერ დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდია. ალბათ ბუნებაში არ არსებობს ბრალდება და ქვა, რომელიც წაყენებული და ნასროლი არ არის. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, როდესაც რიგით ობივატელს საწუწუნო აღარაფერი რჩება, ეგრევე სოროსი ახსენდება და მისი გინებით გულს იოხებს.   

ღია საზოგადოების ფონდს საქართველოში ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარების 25 წლიანი ისტორია გააჩნია. საქმიანობა 1994 წელს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების დახმარებით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო. 

ორგანიზაციის სტრატეგია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა. დაარსების დღიდან 2018 წლამდე ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება  ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

ახლადშექმნილი  ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და აქტიური მოქალაქეების მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანიების, საგანმანათლებლო ინიციატივების, პუბლიკაციებისა და სადისკუსიო სივრცეების წახალისებითა და ორგანიზებით,  ფონდმა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო.

ბოლო სასიკეთო საქმეებზე გავამახვილოთ ყურადღება. 2020 წლის მარტიდან ივლისამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში დამატებით 900 ათას აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო.

კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.

გადამზადდა 822 ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის; შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ.

ამ პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული. ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა.

ეს ბროშურა ასახავს მარტიდან ივნისის ჩათვლით პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას. 

კოვიდ-19 გაწეული საქმიანობის აღწერას ვრცლად ამ ანგარიშში ნახავთ.

უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები Covid-19 პანდემიის დროს

კოვიდ-19 ინფიცირების საფრთხის გარდა, ბოლო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობა არანაკლებ საყურადღებო გახდა. ინფიცირების შიში, გაურკვევლობა მომავლის მიმართ და ეკონომიკური კრიზისის შედეგების შიში მოსახლეობის დიდ ნაწილში შფოთვას და  განგრძობით სტრესს იწვევს, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირებაზე მძიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს. 

ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვის ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც შეეხო დაავადება; ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან ამ პროცესის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ადამიანები. გახშირდა ოჯახული ძალადობის შემთხვევები კარანტინსა და იზოლაციის პირობებში, რაც  მოქალაქეების ფსიქიკაზე აისახება.

14 აპრილიდან, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო ფსიქოლოგიურმა სერვისებმა დაიწყო მუშაობა.

1. კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი -  2 911 000. მოსახლეობას პირველად სატელეფონო მომსახურებას უწევს  ასოციაცია „ნდობა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქოლცენტრში შესული მოქალაქეთა თხოვნა, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას მოითხოვს, კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე მისამართდება.

2. დისტანციური ფსიქოლოგიური მომსახურება ტელეფონის და ვიდეოზარის მეშვეობით - მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურ კონსულტაციას ჩაღრმავებული და ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში. კონსულტაცია ხორციელდება ვიდეოზარის ან ტელეფონის მეშვეობით. მოსახლეობას ემსახურება კლუბი „სინერგია“, რომელიც ორგანიზაციის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ეგიდით მუშაობს. 599807021; 599807024.

3. მოსახლეობის უზრუნველყოფა  ფსიქო-საგანმანათლებლო  წყაროებით - სანდო და  მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქო-საგანმანათლებლო მასალების მიწოდება მოსახლეობისთვის. პროექტი ხორციელდება კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების მიერ. საინფორმაციო მასალა ქვეყნდება ფეისბუქზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმაზე სახელწოდებით „ღია“.  

ღია საზოგადოების ფონდი წარმოგიდგენთ მთავრობისთვის მომზადებულ რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც  Covid- 19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. წარმოდგენილი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვას და მათში არ არის საუბარი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, რაც გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება მოხდეს.

COVID 19-ით გამოწვეული კრიზისი და  ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერება უარყოფითად აისახება შრომის ბაზარზე. თუმცა, პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა მშრომელზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

მთავრობისთვის შეთავაზებული  პოლიტიკის დოკუმენტი  საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე მომზადდა.

დოკუმენტის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  COVID-19-ის პრევენციის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტირ საინფორმაციო მასალები ითარგმნა.

იხილეთ: ინფორმაცია სომხურ ენაზე; ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზე.

გარდა ამისა, მომზადდა საინფორმაციო რგოლები უსინათლო, მცირემხედველი და აუტისტური სპექტრის მქონე მოქალაქეებისთვის (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით), რომლებიც ხშირად სტანდარტული ფორმით გავრცელებული ინფორმაციის მიღმა რჩებიან.  

იხილეთ: ინსტრუქციები უსინათლო და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის Covid- 19-სგან თავის დასაცავად

გთხოვთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა ხერხით მიაწოდოთ ეს ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

დაბოლოს, ათი ფაქტი ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობის შესახებ (1994-2018)

- საქართველოდან 1200-ზე მეტმა ახალგაზრდამ ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიით დასავლეთის უნივერსიტეტებში მიიღო განათლება. ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა ექიმმა;

- მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ფონდს დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული. დღეისათვის წამყვანმა ონლაინ გამოცემებმა და რეგიონული მედია ორგანიზაციების უმეტესობამ ფონდის პირველი გრანტით დაიწყეს საქმიანობა;

- ფონდის დამსახურებაა Microsoft-ისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის, პირველი ქართული ვებგვერდებისა და ქართულ უნივერსიტეტებში პირველი უფასო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის გაჩენა, რისთვისაც 1996 წელს დაიხარჯა 1 მილიონი აშშ დოლარი;

- საქართველოში საქმიანობის პირველივე წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ფონდმა 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, რის შედეგადაც შენარჩუნებულია  საეკლესიო-სამონასტრო მხატვრობა და ფრესკები,  გამაგრებულია ტაძრები და შექმნილია ელექტრონული არქივები;

- 1999 წლიდან ფონდმა საქართველოში ქრონიკული და განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანებისთვის პალიატიური მზრუნველობის დანერგვა დაიწყო. 2017 წელს გახსნა პირველი ბავშვთა ჰოსპისი საქართველოში. წლების მანძილზე მხარს უჭერდა ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე და ფერისცვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლში არსებულ ჰოსპისებს;

- 2005 წლიდან, ფონდისა  და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების  სამსახური  შეიქმნა, რომელიც ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს უფასოდ ეხმარება. 2018 წლიდან ფონდმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყეს უფასო იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის;

- 2011 წელს ფონდმა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის ადვოკატირების კამპანია დაიწყო. პარტნიორების, სათემო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადვოკატირების კამპანიაში აქტიური მოქალაქეების ჩართვისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელება ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყო, შემდეგ კი მთელი ქვეყანა მოიცვა, რომლის მოსარგებლე საქართველოს 40 000-ზე მეტი მოქალაქეა;

- 2012 წელს საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ფონდის ძალისხმევით ციხეებში პატიმართა წამების კონტექსტისა და სისტემურობის შესწავლა მოხდა. პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ. ეს კვლევა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ციხეებში 2003-2013 წლებში არსებულ ვითარებას აფასებს;

- დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ფონდის დამსახურებით, საქართველოში შეიქმნა სათემო (ბინაზე) ფსიქიატრიული მომსახურება, რომელმაც 90 პროცენტით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში;

- საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა.

მაინც რა დონეზე უნდა იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული (კონკრეტული დღის წესრიგით), რომ ფონდის გაკეთებული საქმეები ვერ დაინახო. მადლიერებას ყველას ვერ მოსთხოვ. ჰოდა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია