მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"კოვიდს არ უნდა მივცეთ საშუალება ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს" - 24 აგვისტო 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარება არასახარბიელოა, რაც დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს, შესაბამისად, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რასაც სპეციალისტები იძლევიან.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი, სრულად კინტროლირებადი, ემორჩილება კონტროლს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას, რადგან მთლიანად მსოფლიოში და რეგიონში სიტუაცია არასახარბიელოა. ჩვენთან შეზღუდვები თითქმის სრულად მოხსნილია. უფრო ინტენსიურია მიძრაობა უცხოეთის ქვეყნებთან. ასევე, შიდა მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ეს, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია, რადგან ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს. ყველა ის ღონისძიება, რასაც ვამბობთ, აუცილებლად დასაცავია.

პირველ რიგში, მოსახლეობა მოეშვა და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, ძალიან მარტივი, პროფილაქტიკური, პრევენციული ღონისძიებაა, პირბადე დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ. ასევე, სასურველია, ვატაროთ პირბადე, როცა შენობებს გარეთ ვიკრიბებით, ვართ ჯგუფურად შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი. იქაც სასურველია, ვატაროთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში შემოიღეს პირბადის ტარება ქუჩებშიც, როგორც აუცილებლობა. მეორე, დისტანციის დაცვა. მეტრი, მეტრ ნახევარი, ყველაზე უკეთესია ორი მეტრი, მაგრამ თუ ორი მეტრი ვერ ხორციელდება, დავიცვათ მეტრ-ნახევარი დისტანცია, როდესაც ვიკრიბებით და გვაქვს ჯგუფური თავყრილობები.

ხელების, ზოგადად პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, რაც პრინციპში, ასე თუ ისე, უმრავლეს დაწესებულებაში დაცულია, მაგრამ თუ ხშირად არ შევახსენეთ მოსახლეობას, შემდგომ მივიწყებას ეძლევა ეს წესები, როგორიც არის, მაგალითად, პირბადის ტარება. როცა თავიდან შემოღებული იყო ეს რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მიკროავტობუსებში, ყველა ატარებდა, დღეს, სამწუხაროდ, მივივიწყეთ, რაც, დამერწმუნეთ, არ შეიძლება. კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის და ქვეყანაში ცირკულირებს. არ უნდა მივცეთ მას საშუალება, ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები – 10, 9, 15, 20, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს.

ქვეყანას აქვს ყველა საშუალება, რომ შევაკაოთ მისი მეტად გავრცელება. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დამყოლობას და თვითშეგნების გაზრდას. ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დავიცვათ რეგულაციები, თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს. იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ღია სივრცეში, რადგან ის ყოველთვის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-მდე გაიზარდა. 1137 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან ხუთი, გასული დღე-ღამის განმავლობაში.

10 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ერთი სატვირთოს მძღოლია, ორი – ლენჯერის კლასტერიდანაა, ორი კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ერთ შემთხვევაზე ინფიცირების წყაროს დასადგენად გრძელდება კვლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადია, თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. მისივე თქმით, აჭარასა და მესტიაში გაფართოებული კვლევა გრძელდება, ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს კოვიდ-19-ზე ტესტის გაკეთება სპეციალურად განთავსებულ კარვებში შეუძლიათ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია