მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯანდაცვის სამინისტრო - შატილის გზაზე გამოძახებისთანავე ეკიპაჟები ორ წუთში გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ - 25 აგვისტო 2020

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ცენტრში დაფიქსირებული გამოძახებისთანავე ეკიპაჟები ორ წუთში გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში, რომლითაც უწყება ტრაგედიის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფების დაგვიანების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება.

ამავე განცხადებაში ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სამძიმარს უცხადებს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს.

უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს.

გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად ორ წუთში, 17:15 საათზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდნენ პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას.

აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.

რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმიანება და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის ადგილზე მისასვლელად 2 საათი დასჭირდა.

გიორგი ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა მუშაობდეს.

„ამ უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად გაუმართავია სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარების მანქანას რომ მისულიყო შემთხვევის ადგილზე.

მთა-გორიან საქართველოში, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს აწყობილი სისტემა და ამაში პირველ რიგში დამნაშავეა ჯანდაცვის სამინისტრო. ხელისუფლება, რომელიც გამართულ სისტემაზე უნდა მუშაობდეს. არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, ზედაპირულობა ყველა საქმეში, რომელსაც მოაქვს ეს უზარმაზარი ტრაგედიები და პრობლემები“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, - აღნიშნულია newsreport.ge-ს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ ვიდეო: „უმძიმესმა ტრაგედიამ გვაჩვენა, რამდენად გაუმართავია სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას სიცოცხლე“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია