- გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა ჩაინგრა. 15 მილიონამდე ლარი დახარჯა კალაძემ და ხარისხიანად გავაკეთეო. ყოველდღიურად გვპარავენ და გვძარცვავენ. როგორი სიმბოლურია „ზედა“ ბანერი და ქვევით მათი მმართველობის სიმბოლო - ორმო, - წერს ფეისბუქის გვერდზე ლევან ხაბეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გლდანში ახალრეაბილიტირებული ქუჩა უხვი ნალექის გამო ჩაინგრა.
„როგორც ვიცით, ახლახან დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა - მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა.
კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება მოხდა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია“, – ამბობს ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი.
მისივე თქმით, მსგავსი სახის პრობლემა რამდენიმე ლოკაციაზეა და „საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა“.
კახა კალაძის კითხვაზე, აქვს თუ არა პრობლემა შესრულებულ სამუშაოებს, ბენდელიანი პასუხობს, რომ სამუშაოები დაექსპერტებული პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა.
დედაქალაქის მერმა შესრულებულ სამუშაოებსა და საპროექტო დოკუმენტაციაზე მოკვლევის დაწყება შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა.