მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საია - პროფესიონალი კადრების სამჭედლო ადამიანის უფლებების სადარაჯოზე - 26 აგვისტო 2020

 

რუბრიკა - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია

ufleba.ge

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქართულ რეალობაში პროფესიონალი კადრების ნამდვილი სამჭედლოა. ვინც ამ სკოლას წარმატებით გაივლის, უბრალოდ ვალდებული ხდება ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებას. ბოლო ათწლეულების საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტიები ორგანიზაციასთანაც არის მჭიდროდ გადახლართული.

საია წელიწადში 50 ათასამდე მოქალაქეს უწევ იურიდიულ კონსულტაციას უფასოდ და ათეულობით ადამიანს იცავ სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ყოველწლიურად მიმართავ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საქმეებზე. 

აქტიურად თანამშრომლობ ხელისუფლების სამივე შტოსთან და იღვწი იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. ასოციაციის ცხრა ოფისი ყოველწლიურად 200-მდე გასვლით შეხვედრას ატარებს მოსახლეობასთან, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ვყავს 800-მდე წევრი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და ათეულობით დონორი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

ყოველწლიურად 200-მდე სტუდენტ იურისტს აძლევ საშუალებას, გაიღრმავოს ცოდნა და განავითაროს იურისტის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ბიბლიოთეკა ყოველთვიურად ათობით მკითხველს ემსახურება.

ახლა, საიას ბოლოდროინდელ, კონკრეტულ საქმეებზე გადავიდეთ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც ბრალი ედებოდა ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობასა და ცრუ დასმენაში, სასამართლომ გაამართლა

საია იცავდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც პროკურატურა ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და ცრუ დასმენას ედავებოდა.

2018 წლის თებერვალში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა თავად მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მასზე და მის ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის ყოფილი ქმრის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და ის აკავე. თუმცა, რამდენიმე თვის შემდგომ, პროკურატურამ მოულოდნელად ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად ცნო და მსხვერპლს წარუდგინა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით, ხოლო რეალური მოძალადის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა.

პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებული მოწმეების ჩვენებებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის, მხედველობაში არ მიიღო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც  ბრალდებული ცნობილი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლად.

პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა  არ დადასტურდა არცერთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურას საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარებლად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის დაწესებული სასჯელი არაკონსტიტუციურად სცნო

2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ საია- კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა. საია იცავდა ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის. ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ამ თვალით უხილავი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე (საია- სარჩელი გაერთიანდა კიდევ ერთი პირის მიერ წარდგენილ სარჩელთან და მათი განხილვა ერთად მოხდა).

საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანი დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის, რომელის არათუ გავრცელება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს არაადამიანური სასჯელის გამოყენებას. საიას არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა და ძალადაკარგულად სცნო ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ.

საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს განჩინება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარების გზაზე. ასოციაცია აღნიშნულ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა

რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. მის ინტერესებს საია იცავდა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ  სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული და იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდა.

მოსარჩელე მხარის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, მობილობა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხევაში, თუ კუმულაციურად არსებობს შემდეგი პირობები: 1. სახეზეა დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; 2. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება; 3. არსებობს შესაბამისი მოხელის თანხმობა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ იყო გაუქმებული  და არც მისი ფუნქციური დანიშნულება იყო შეცვლილი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა პირი, ხოლო სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე დაექვემდებარა მობილობას.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მობილობას დაქვემდებარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა შეფასება - კარგი, ხოლო მობილობის წესით მოხელის გადაყვანისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო მოხელის შეფასების შედეგები.

მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10 000 ლარის (დაკრძალვის ხარჯები) გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. პაციენტის მშობელი დავობდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარ სამედიცინო ქმედებას, რაც გამოიხატა ექიმის  მიერ  საჭირო სამედიცინო მოქმედებების აღიარებული სამედიცინო სტანდარტების  შეუსრულებლობაში, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.

სასამართლომ პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობის საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის პაციენტის სავარაუდო ჩივილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძახებაზე მისულ სამედიცინო პერსონალს ელექტროკარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა.  სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პაციენტის ჩივილების (ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში)  მიუხედავად (რომლის შესახებაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის გამოძახების ეტაპზევე იყო ცნობილი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო მისთვის ელექტროკარდიოგრამა არ გადაუღია და არც ამ ჩივილებისთვის გათვალისწინებული სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარებია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის დადგომა (მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება) სამედიცინო პერსონალის მხრიდან მკურნალობის პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ ადგენს პირის ახლო ნათესავი გარდაცვალების გამო სამედიცინო დაწესებულებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების (საქმეზესარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“) შემდგომ შეცვლილი პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნია, რომ  არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი. სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შვილის მოულოდნელი გარდაცვალებით მშობელმა ძლიერი სულიერი სტრესი განიცადა, რაც იძლეოდა პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ შვილის გარდაცვალებით განცდილი ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, მშობლის ჯანმრთელობას მიადგა იმგვარი ზიანი, რასაც შედეგად სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური სტრესი და საბოლოოდ ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვა, აღნიშნული კი სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობად შეაფასა.

საიას წარმატებული სამართალწარმოება დევნილის საცხოვრებლის უფლების დასაცავად

პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს იძულებით გადაადგილებული ქალის სარჩელი, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. დევნილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

ქობულეთში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალი ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით არ არის დაკმაყოფილებული და იძულებულია ძმის სახლში იცხოვროს. მან კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეავსო საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი განაცხადი და მიღებული ქულები საკმარისი იყო საცხოვრებლის მისაღებად, თუმცა, სსიპსოციალური მომსახურების სააგენტომმას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე (რადგან ცხოვრობდა ძმის სახლში).

ადმინისტრაციული ორგანოს ეს დასაბუთება კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა ფასდება ქულათა სისტემით. შესაბამისად, თუ მიღებული ქულები საკმარისია საცხოვრებლის მისაღებად, ეს ნიშნავს, რომ დევნილი საჭიროებს საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და ადმინისტრაციულმა ორგანომ სუბიექტური შეფასებით არ უნდა გადაუხვიოს მინიჭებული ქულის პრიორიტეტულობას. სამწუხაროდ, არაერთ დევნილს დაერღვა საცხოვრებლის უფლება ამგვარი დაუსაბუთებელი მიდგომით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10 მარტის განჩინებით, დადასტურდა, რომ დევნილს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და ,,სოციალური მომსახურების სააგენტოვალდებულია ამ საკითხზე ახალი გადაწყვეტილება მიიღოს.

პარლამენტმა შვებულების მიცემაზე თანამშრომელს უარი დაუსაბუთებლად უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა

2020 წლის 26 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ბათილად ცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და დაავალა საქართველოს პარლამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მოთხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება. მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ სამუშაო ადგილას მის მიმართ შექმნილი იყო მტრული გარემო და იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას სურდა, ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, ხოლო თუ მას არ მისცემდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლებას, ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. ანაზღაურების გარეშე 1 წლამდე ვადით შვებულების გამოყენების უფლებას მას ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა მას არ მისცა კანონით გათვალისწინებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

შვებულებით უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საიას დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მიიჩნია, რომ პარლამენტის არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღებას შეძლებს

საიას რამდენიმეწლიანი ადვოკატირების კამპანიის შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემა მოგვარდა. წლების განმავლობაში საკუთრების უფლება ეზღუდებოდა ბოხვაურში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს, რადგან მიწის რეფორმის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტებით მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება და 25 წლიანი იჯარით გადასცა კერძო კომპანიას.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში საიას ორგანიზებით განხორციელდა სხვადასხვა  აქტივობები: ჩატარდა კრებები მოსახლეობის წარმომადგენლებთან, შედგა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო დოკუმენტების შეტანის ორგანიზება, მონიტორინგი გაეწია სარეგისტრაციო წარმოებების მიმდინარეობას, შედგა წერილობითი კომუნიკაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.

შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელდა იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია. ამასთან, სააგენტომ განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოქალაქეებთან დაფიქსირებული ზედდების ნაწილში, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პროცედურებით დადგინდება მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

შესაბამისად, ზედდების პრობლემა აღმოიფხვრა და მოქალაქეებმა შეძლეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთებზე.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა თბილისის საკრებულოსგან კომპენსაცია მიიღო

თბილისის საკრებულომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს 43 750 ლარი გადაუხადა. საკრებულოსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს შორის 2013 წელს დაწყებული დავა საბოლოოდ 2020 წელს მორიგებით დასრულდა.

მოსარჩელე 2013 წლიდან სასამართლოში უკანონო გათავისუფლებასა და სამსახურში აღდგენაზე დავობდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით საკრებულოს მიერ მიღებული გათავისუფლების ბრძანება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და საკრებულოს დაავალა საკითხის ხელახალი შესწავლის შემდგომ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა. თუმცა მოპასუხემ კვლავ არ აღადგინა პირი სამსახურში. ამის შემდგომ დაიწყო ხელახალი დავა მხარეებს შორის, რომელიც ისევ დასრულდა მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა მოპასუხემ კვლავ არ აღასრულა გადაწყვეტილება. შესაბამისად, საჭირო გახდა ხელახალი სარჩელის შეტანა.

საია დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში გათავისუფლებიდან დღემდე იცავდა.

ზურაბ ავალიანმა ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა

ეროვნულ დონეზე ზურაბ ავალიანის დარღვეული საკუთრების უფლება აღდგა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით აღნიშნული საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის საფუძველი გახდა. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დაახლოებით 1950 წლიდან ზურაბ ავალიანის ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთი. 2008 წელს ავალიანმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა. მიმართვის საფუძველი გახდა 2007 წელს სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონიფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთრების უფლება მოეპოვებინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც ისინი მართლზომიერად ფლობდენ, სარგებლობდნენ ან თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული.

ხელვაჩაურის კომისიამ ავალიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად დაარეგისტრირა. თუმცა, 2009 წლის 23 იანვარს კომისიამ იმ მოტივით, რომ მომჩივნისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი ურბანული განვითარების ზონაში ხვდებოდა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

2011 წელს მომჩივანმა, რომლის ინტერესებს საია წარმოადგენდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. წარდგენილ საჩივარში ავალიანი დავობდა, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რადგან მას არ მიეცა მიწის ნაკვეთით მშვიდობიანად სარგებლობის უფლება, ამასთან, ნაკვეთის ჩამორთმევა არ იყო საზოგადოების ინტერესში და არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 2016 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მომჩივანმა და საქართველომ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, წერილობითი არგუმენტაციები წარადგინეს.

2019 წლის 24 იანვარს, მომჩივანმა ხელახლა მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა. განხილვის შემდეგ კომისიამ ავალიანის განცხადება დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მომჩივნისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა მოხდა ისე, რომ რეალურად არ ყოფილა გამოკვლეული ნამდვილად ხვდებოდა თუ არა ავალიანის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ურბანული განვითარების ზონაში. 2019 წლის სექტემბერში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ზურაბ ავალიანი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ფარგლებში წამოჭრილი საკითხები ეროვნულ დონეზე მოგვარდა, ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის მიმართვის საფუძველზე საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

2007-2010 წლებში მომჩივნის საქმის მსგავსად ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არაერთ მოქალაქეს გადასცა საკუთრებაში ის მიწის ნაკვეთები, რომელიც წლების განმავლობაში მათ მფლობელობაში იყო. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნულ მოქალაქეებსაც გაუუქმა მინიჭებული საკუთრების უფლება. ზურაბ ავალიანის საქმის შედეგის გათვალისწინებით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიამ ასევე, გაუუქმა საკუთრების უფლება, შეუძლიათ, ხელახლა მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვონ დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენა.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს განაცდური აუნაზღაურდება

საია 2016 წლიდან იცავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს. იგი დავობდა სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო.  სამი წლის განმავლობაში საქმის განხილვა სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში მიმდინარეობდა. მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2017 წელს საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.

ბოლოს მხარეები მორიგდნენ. მორიგების პირობების თანახმად, საიას ბენეფიციარი იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომით ანაზღაურებას - 20.000 ლარს მიიღებს.

საიას საქმეზე სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროება დაადგინა

საია იცავდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის პერიოდში ერთ-ერთი დირექტორის/ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. საიას დახმარებით, მან სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს 2018 წლის აპრილში მიმართა. მსხვერპლმა წარდგენილ საჩივარში ასევე მიუთითა, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინა ორგანიზაციის დირექტორს, თუმცა, მან მომხდარ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

2019 წლის 16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროებით გამოხატულ სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. რეკომენდაციის მიღებისას სახალხო დამცველი დაეყრდნო  მხარეთა გამოკითხვას და სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებულ ინფორმაციას და აუდიო ჩანაწერებს, რომლის საფუძველზეც დადგინა, რომ პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა  არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.

სახალხო დამცველმა ფიზიკურ პირს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განახორციელა, მიმართა რეკომენდაციით, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას, საქართველოს ორგანული კანონისშრომის კოდექსისმე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.

საიას ყველა პროექტი თუ აქტივობა ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე. აღნიშნული მიდგომით საიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე საერთაშორისო დონეზე.

ამის დადასტურებაა 20 წლის განმავლობაში 3 ათასამდე წარმატებით დასრულებული საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი 30 საკონსტიტუციო საჩივრიდან - 8, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარდგენილი 135 საჩივრიდან - 8 წარმატებით დასრულდა, უმრავლესობა კი განხილვის პროცესშია“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ საიას!

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია