მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ნოდია - ვინ შეინარჩუნებს მორალურ ლეგიტიმურობას, ვინ დაარწმუნებს მეტ ხალხს, რომ სიმართლე მის მხარესაა - 01 სექტემბერი 2020

პოლიტოლოგი გია ნოდია ბელორუსთა პროტესტის ანატომიაზე მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:    

- დისკუსიები იმაზე, რომ ბელარუსის პროტესტების წარმატებისთვის (ანუ ლუკაშენკოს გასაძევებლად) მაინცდამაინც ლიდერი საჭირო თუ არა (იგულისხმობა ერთ ქარიზმატული ლიდერი) სისულელე და წყლის ნაყვაა. არაა ეგ გადამწყვეტი ფაქტორი.

ვარდების რევოლუციის დროს იყო მიშა და წარმატებით დასრულდა.

სომხეთში იყო ფაშინიანი და წარმატებით დასრულდა.

2009 წელს საქართველოში იყო მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ლიდერი - „უცნობი“, და არაფერი არ გამოვიდა.

ევრომაიდანის დროს არ იყო არავითარი გამოკვეთილი ლიდერი და წარმატებას მიაღწია.

უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს თითქოს იყო ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი (იუშჩენკო), თუმცა დიდად ქარიზმატული არა - ამანაც წარმატებას მიაღწია, ოღონდ საკამათოა, რამდენად იყო იუშჩენკოს როლი გადამწყვეტი.

ვენესუელაში არის ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ რად გინდა - ჩიხია ამდენი ხანი, მადურო ისევ თავის ადგილზეა. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? რა და რაც ვთქვი - არაა ეგ გადამწყვეტი ფაქტორი.

გამოკვეთილ ლიდერს ძლიერი მხარეებიც აქვს და სუსტიც. კი, მას მასების დამუხტვა და წარმართვა შეუძლია.

მეორეს მხრივ, ის ერთი ლიდერი შეიძლება დაიჭირო და ამით მოძრაობა დაახეიბრო. ლუკაშენკომ, რაც ლიდერები იყო, სულ დაიჭირა, მაგრამ მოძრაობა გრძელდება.  

მაშ რა არის გადამწყვეტი?

ასეთი დაპირისპირებები პირველ რიგში ნერვების, გამძლეობის, მიზანდასახულობის ბრძოლაა.

ერთი მხრივ: რამდენად ჯიუტი აღმოჩნდება ხალხი, რამდენი ხანი გაგრელდება და შეინარჩუნებს მასობრიობას და ორგანიზებულობას (ორგანიზებულობა, როგორც უკრაინამ გვასწავლა, ერთი გამოკვეთილი ლიდერის გარეშეც შესაძლებელია).

მეორეს მხრივ, რამდენად გაუძლებს ნერვები ხელისუფლებას, მმართველ ელიტას, რამდენად დიდხანს დარჩებიან ლიდერის ერთგული? რა განწყობა იქნება პოლიციასა და სხვადასხვა სპეცდანიშნულების რაზმებში?

ამ მხრივ, მორალურ მხარეს აქვს დიდი მნიშვნელობა: ვინ შეინარჩუნებს მორალურ ლეგიტიმურობას, ვინ დაარწმუნებს მეტ ხალხს, რომ სიმართლე მის მხარესაა. რას იფიქრებს სპეცრაზმელის დედა, მამა, ბებია, ვინც ჯერჯერობით სახლში ზის?

ასეთი პროტესტები შეიძლება თვეები გაგრძელდეს (ისევ უკრაინის ორივე მაგალითი გავიხსენოთ). შედარებით სწრაფი (სამკვირიანი) „ვარდების რევოლუცია“ ვერ იქნება საყოველთაო მაგალითი: იქ სახელმწიფო, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურები, უკვე ძალიან მორყეული იყო და ადვილად ჩამოიშალა.

ლუკაშენკოსთან არ არის ასე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სტრუქტურები მის ერთგულებას განსაზღვრელი ვადით შეინარჩუნებენ. სხვათა შორის, სომხური ხავერდოვანი რევოლუციაც დიდხანს გაგრძელდა. 

და კიდევ: ტემპერამენტიც უნდა გავითვალისწინოთ. ბელარუსები მშვიდი ხალხია, აფეთქებები ნაკლებად ახასიათებთ. სამაგიეროდ, გამძლეობა შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ (როგორც ეს უკრაინელებმა შეძლეს), - წერს გია ნოდია ფეისბუქის გვერდზე.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს. ევროკავშირი ამ შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია