მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს დღევანდელის შენარჩუნება სურს - 06 სექტემბერი 2020

მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხვალ ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გეგმას წარადგენს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს არ უკავშირდება.

„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას, მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას, სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს.

დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან, მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული.

როგორც ჩანს, ამ კაცს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს, დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე კიდია.

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ მომავალზე თვითონ იზრუნონ “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წარსულის პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არის ახალ სახეებში, ახალ პროფესიონალებსა და ახალ ძალაში.

„მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წასული პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას.

თუ ვინმეს უნდა უკანა სვლით სიარული, მე ასეთი საქართველო არ მინდა. შესაბამისად, ჩვენი მომავალი არის ახალი სახეები, ახალი პროფესიონალები, ახალი იმედი და ახალი ძალა“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო დასახელების საკითხს, ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა პარტიის კანდიდატებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი არის წარსული – ერთი და იგივე სახეები, პერსონებზე არ მაქვს საუბარი, ის სახეები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ პოლიტიკას, ვნახეთ, სად მივიდა ეს ყველაფერი, როგორ აისახა ჩვენი ქვეყნის სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, უპერსპექტივობაზე.

შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილება – დაუჭიროს მხარი ახალ სახეებს, ახალ ძალას, ახალ თაობას და ახალ პროფესიონალებს, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს.

თუ ისევ იგივე წრეზე წავა ჩვენი ამომრჩეველი, რისაც არ მჯერა, რადგან ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენ გვჭირდება განვითარება. შესაბამისად, ამ ქვეყანას ალტერნატივა აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ახალ ძალას და ახალ იმედს – ახალ პარტიას, როგორიც არის „ლელო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძე მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი ამოცანაა, „ქართული ოცნება“  ხელისუფლებიდან გაისტუმრონ“.

„შესაბამისად, ნომერ პირველი ამოცანაა, რომ პირველივე ტურში დავამარცხოთ ისინი, თუ მეორე ტურში მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ შერჩევითად ვნახავთ ჩვენს პოზიციას, მაგრამ აქაც ვიხელმძღვანელებთ „ქართული ოცნების“ ჩამოშორების ფორმულით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, „ლელო“ წარმოადგენს ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც იქნებიან „ლელოს“ წარდგენილი მინისტრების კანდიდატურები.

„არა მარტო ჩვენი გუნდიდან, სხვა კანდოდატები, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენი მოქმედება ეფუძნება ერთ რამეს – რაც კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, იმას გავაკეთებთ აუცილებლად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუნდება. დღეს კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ხვალ დაბრუნების გეგმას წარადგენს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია