მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ბურჯანაძე - თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის - 10 სექტემბერი 2020

Survation-ის კვლევა - 55,7 % "ქართული ოცნება"- 16,2% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

ufleba.ge

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან უმრავლესობა 55,7 % ხმას  "ქართულ ოცნებას" მისცემს.

"ნაციონალურ მოძრაობას" 16,2 %. მესამე ადგილზე რეიტინგის მიხედვით არის გიორგი ვაშაძე -" სტრატეგია აღმაშენებელი", რომელსაც გამოკითხულთა - 6,0 % უჭერს მხარს, მას მოჰყვება "ევროპული საქართველო" - 5,6%-ით, შემდეგ "ლეიბორისტული პარტია" - 4,5 %-ით, და "პატრიოტთა ალიანსი" - 3,9 %-ით.

„ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 1 200 ადამიანი გამოკითხა. კითხვა დაისვა რომელ პარტიას მისცემთ ხმას და ამავე პასუხის დასაზუსტებლად კვლევის ავტორები გამოკითხულებს ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან“, - აღნიშნულია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციაში.

შეკითხვაზე - დღეს რომ  საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად სავარაუდოა, რომ თქვენ მასში მონაწილეობას მიიღებთ - 68,9 % თითქმის დარწმუნებულია.

12,5 % ფიქრობს, რომ ალბათ მიიიღებს მონაწილეობას.

გამოკითხულთაგან არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს 6,0 %

არ ვიცი/უარი პასუხზე კი - 0,4 %.

შეკითხვაზე - როგორ აფასებენ მოქალაქეები სხვადასხვა სამსახურისა და ინსტიტუტის საქმიანობას - ჯარს დადებითად აფასებს 84%, უარყოფითად კი - 6%. ეკლესიას 83 %-იანი ნდობა აქვს.

საჯარო სამსახურებიდან ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს თბილისის მერიას. მის საქმიანობას დადებითად აფასებს- 71 %, უარყოფითად - 27 %.

პოლიციას კი, 68 %იანი ნდობა აქვს. ძალოვანი უწყების საქმიანობას, უარყოფითად 24% აფასებს.

ადგილობრივი თვითმართველობას  დადებითად - 63 % აფასებს, უარყოფითად - 28 %,

არ ვიცი/უარი პასუხზე - 9%.

ბრიტანული კომპანიის Survation-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულს უწოდებს.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის რეიტინგი 60%-მდეა.

"მაქსიმალურად მიახლოებულია იმ მონაცემებთან, რაც არის რეალობაში და, რაც ჩვენც და ყველა ოპოზიციურ პარტიას მაგიდაზე უდევს. ცოტა კიდევ უფრო მეტია "ქართული ოცნების" რეიტინგი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვლევაში, რატომღაც "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტური, ქვედა მონაცემია მითითებული.

რეალობას თუ შევხედავთ და შევადარებთ, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით, როდესაც თქვენი კვლევა ვნახე, მათთვის არის ძალიან ოპტიმისტურად, ანუ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმზე არის ეს მონაცემები გასული. რეალობა ცოტა სხვანაირია, ოდნავ განსხვავებულია, "ქართულ ოცნებას" 60%-მდე რეიტინგი და ეს სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიის კვლევებშიც არის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად, არჩევნების დღის მიახლოვებული სურათის პროგნოზირება" - განმარტებას ბრიტანული კომპანია "სერვეიშენი" აკეთებს.

კომპანიის ხელმძღვანელი თავის ვიდეოპრეზენტაციაში "რუსთავი 2"-ის დაკვეთით შესრულებული კვლევების მეთოდოლოგიას განმარტავს და ამბობს, რომ მონაცემები, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ეგზიტპოლების შედეგებთან მიახლოებულია.

"სერვეიშენი" არის ბრიტანეთში ბაზირებული პოლიტიკური კვლევების ლიდერი კომპანია, რომელსაც აქვს ჩატარებული პროექტები ევროკავშირის ქვეყნებში.

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ვატარებთ კვლევას საქართველოში, მთავარი ამოცანაა ჩავატაროთ ეგზიტპოლი არჩევნების დღეს და ვაჩვენოთ, თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს.

ეგზიტპოლის მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, ჩვენ ასევე ვატარებთ პირისპირ გამოკითხვებს საქართველოს მასშტაბით. გუშინ ღამით გამოქვეყნებული შედეგები იყო ჩვენი მეორე კვლევის რეზულტატი. კვლევისას გამოიკითხა 1205 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 26 აგვისტოსა - 2 სექტემბრის პერიოდში. პირისპირ გამოკითხვის მეთოდით.

"ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შედეგებზე 7%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ კვლევის თანახმად. მთავარი ფაქტორი არის ის გარემოება, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა, ვინც 2016-ში მისცა ხმა "ქართულ ოცნებას", ახლაც აპირებენ მას მისცენ ხმა.

"ნაციონალურ მოძრაობას" თუ შევადარებთ - ამ მაჩვენებელმა იკლო. ეს არის წინასაარჩევნო კვლევები, რომლებიც საპროგნოზო ხასიათს ატარებს და გვაჩვენებს სურათს არჩევნები ახლა რომ ჩატარებულიყო და ეს არ არის 31 ოქტომბრის პროგნოზი.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად არჩევნების დღის რეალობაში სურათის პროგნოზირება, ამიტომაც ჩვენ არ ვაქვეყნებთ გადაუწყვეტელ ხმებს.

ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა საქართველოში აჩვენა უფრო დაბალი მონაცემები ყველა პარტიისათვის და ეს მონაცემები გამოქვეყნებული იყო გადაუწყვეტელი ხმების ჩათვლით.

ჩვენ გვსურდა არჩევნების დღის ქცევასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ რეჟიმში ჩაგვეტარებინა კვლევა," - განაცხადა "სერვეიშენის" დირექტორმა დამიან ლაიონს ლოვიმ.

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის ის ნაწილი, სადაც პოლიტიკური პარტიების სავარაუდო მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობაა დათვლილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ კვლევებში არ არის გათვალისწინებული იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. შესაბამისად, მისი შეფასებით, რეალური მონაცემი, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს.

"წინა კვლევიდან რაც მახსოვს, არის ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა იყო, დიდი პროცენტი იყო ადამიანების, რომლებსაც პასუხი არ ჰქონდათ გაცემული. შესაბამისად, გვაქვს შედეგები იმ ხალხის, ვინც გასცა პასუხი. ანუ, ადამიანები მალავენ, არ უნდათ პასუხის გაცემა, ამას შეიძლება ბევრი ფაქტორი განაპირობებდეს. მათი პასუხები გასათვალისწინებელია და რადგან არ ითვალისწინებს კვლევა, ამიტომ შეუძლებელია ამაზე თქვა, რომ ეს არის ზუსტი რიცხვები.

"გირჩის" მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული წარმოდგენა, რომ "გირჩს" ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ვიცით, დაახლოებით რა პროცენტებში ვმოძრაობთ. არიან ადამიანები, ვისაც პასუხი არ გაუციათ და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არიან გირჩის მომხრეებიც,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს კვლევების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.

"მე ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში დაიწერა ეს კვლევები. ორი კვირის წინ ვიცოდი, ამ კვლევებში რა ციფრები დაიწერებოდა. ვიცოდი, ივანიშვილის ოფისიდან ვიცოდი, რომ ეს არის ივანიშვილის განზრახულობები. ის, რა უნდა ივანიშვილს რომ დაიდოს, მაგრამ იცით რა არის - თუ ეს ციფრები დაიდება, მით უარესი ივანიშვილისთვის. ცოტა ისე მაინც შეეცადოს მანიპულირებას, რომ ნაკლებად არგუმენტირებული ჩანდეს პროტესტი, რომელიც იქნება. ამას თუ დადებს ივანიშვილი, მიიღებს უმძიმეს შედეგს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მჭედლიძე აცხადებს, რომ კვლევებს ენდობა და იმედს გამოთქვამს, რომ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ეს მონაცემი შეიცვლება.

"იმის მიხედვით, რომ თავისუფალი დემოკრატები სამი წელია არსად ჩანს დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა კვლევებში მონაწილეობის მიღება. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ვენდობით და მეტის იმედი გვაქვს, რადგან ჯერ ჩვენ არ დაგვიწყია სამუშაო პროცესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროცენტული მონაცემი გაიზრდება,"- განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.

„Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბრიტანული კომპანია. 10 წლიანი გამოცდილების ფარგლებში ის ცნობილია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

აჩვენა ერთ ერთი ყველაზე ზუსტი მონაცემები იტალიის 2014 წლის არჩევნებზე. ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები. 2019 წელს ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი სურათი აჩვენა თანამშრომლობს ბიბისისთან და გარდიანთან. არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი“, - აღნიშნულია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია