მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - ივანიშვილს თვითქების, თვითტკბობის, ადამიანებისთვის რაღაცის დამადლების გარდა არაფერი უთქვამს - 11 სექტემბერი 2020

 

"მაგარი გუნდი წარვადგინეთ. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team – შეიძლება ითქვას"

ufleba.ge

ჩვენ ვიხილეთ ყველასთვის ცნობილი ივანიშვილის პირადი თანაშემწეები და სრულიად უცნობი ადამიანები, ანუ პოლიტიკურად ნული წონის მქონე ხალხი, რაც ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ივანიშვილი გამოვიდა და თვითქების, თვითტკბობის, ადამიანებისთვის რაღაცის დამადლების გარდა არაფერი არ უთქვამს. ნულოვანი ხედვა მომავლის, ან აღიარება იმ უმძიმესი გამოწვევების, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არის.

ეს კაცი არ აპირებს და არ უნდა არაფრის შეცვლა. ჩვენ ქვეყანას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ეს ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ამ ცვლილებებს მიიღებს არჩევნების შედეგად. გვექნება ევროპული მომავალი. ეს ცვლილებები იწყება ამ ხელისუფლების შეცვლით და გრძელდება კონკრეტული ნაბიჯებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „წლების განმავლობაში დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ქვეყანას არაერთი კრახი განაცდევინა“.

ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დაამტკიცა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მისი ქვეყნის ხალხს სრულიად მოწყვეტილია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის აღმშენებლობის გზაა.

„ერთ მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია, 240 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დავკარგეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრიმინალის ორჯერ გაზრდა, ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა და ვერ იხდიან ბანკის ვალს, ეს არის დამსხვრეული ოცნებების პარტიის მიღწევები.

დღეს დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოწყვეტილნი არიან ქართველ ხალხს, ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთი გზა, რომ გვქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე, მდგომარეობს დამსხვრეული ოცნებების პარტიის ჩანაცვლებაში, დავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი და დავიწყოთ აღმშენებლობა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა საარჩევნო სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, რადგან ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის მიერ, არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაჩენი ქართველმა ხალხმა, შეიძლება ითქვას, რომ გამოიტანა და ამ განაჩენს გააფორმებს შემდეგ არჩევნებზე. რა ანტურაჟიც არ უნდა შეიქმნას გარშემო ივანიშვილმა, ქართველ ხალხს ის მესამეჯერ ვეღარ მოატყუებს.

დარწმუნებული ვარ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ სიას, მაგრამ ის, რომ სიის სათავეში დგას ყველაზე ოდიოზური პიროვნება და პოლიტიკური ფიგურა, ავტორი და შემოქმედი 20 ივნისის სისხლიანი ღამის – გახარია, იგივე სიის სათავეშია ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გახდა სიმბოლო ადამიანის უფლებების დარღვევის და კანონის დარღვევის ამ ქვეყანაში, ვფიქრობ,ეს ყველაფერი შეახსენებს კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ხალხს, რატომ არ უნდა მისცეს ხმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს ამ საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს, როგორც პოლიტიკოსებს და როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს, არ განიხილავს.

„რაც შეეხება ახალ სახეებს, ეს ახალი სახეები გვინახავს წინა არჩევნებზეც. 2016 წელს ზუსტად ასე მოიყვანეს ახალი სახეები. უმრავლესობა მათგანმა დატოვა „ქართული ოცნება“, რადგან პირველივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აღნიშნეს, რომ მათი აზრი არავის არ აინტერესებს და ბიძინა ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმას აფორმებს.

ახლა მოძებნეს ანტურაჟად ადამიანები, რომლებსაც არანაირი სიმძიმე არ აქვთ, რომლებიც ისაუბრებენ „ქართული ოცნების“ სახელით და ზუსტად ასევე, სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში იქნებიან არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ამ ხალხს საერთოდ არ განვიხილავ როგორც პოლიტიკოსებს და როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს. პოლიტიკას განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილი და მას, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი, ხმას აღარ მისცემს.

ასევე სპორტსმენებიც გვინახავს წინა სიაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას საკუთარი გადაწყვეტილებებით, ზოგადად მათ საპარლამენტო სიის შემადგენლობა, ვფიქრობ რომ არავისთვის არ არის საინტერესო“,- განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ძალიან მაგარი შემადგენლობაა, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები და ეფექტური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეულის შეფასებისას განაცხადა.

„ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ძალიან მაგარი შემადგენლობა, მაგარი გუნდი წარვადგინეთ. ეს არის მართლაც საოცნებო გუნდი, Dream team – შეიძლება ითქვას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ გუნდში ძლიერი ეკონომისტებიც არიან.

„მაგალითად, ჩვენი სამინისტროს სისტემიდან წარდგენილია ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ქალბატონი – მარიამ ქვრივიშვილი და მარიამ ლაშხი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.

მარიამ ქვრივიშვილი ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მარიამ ლაშხი კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

„ასე რომ, ჩვენი ეკონომიკის ორი მნიშვნელოვანი სფერო – ტურიზმი, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები არის წარმოდგენილი და ზოგადად ბევრი სხვა საინტერესო პროექტის განხორციელება შეუძლიათ. მთლიანობაში ჩენ ვართ ერთი გუნდი, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და გპირდებით, ჩვენი მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

1. გიორგი გახარია; 2. არჩილ თალაკვაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თეა წულუკიანი; 5. მამუკა მდინარაძე; 6. კახა კუჭავა; 7. გიორგი კახიანი; 8. მარიამ ქვრივიშვილი; 9. მიხეილ სარჯველაძე; 10. მაია ბითაძე; 11. მიხეილ დაუშვილი; 12. გიორგი ამილახვარი; 13. ვიქტორ სანიკიძე; 14. მაკა ბოჭორიშვილი; 15. შალვა პაპუაშვილი; 16. დავით კაჭარავა; 17. ნიკოლოზ სამხარაძე; 18. გიორგი ხელაშვილი; 19. მარიამ ლაშხი; 20. ბექა დავითულიანი.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით.

ასევე იხილეთ ვიდეო: ქართული ოცნების პირველი ოცეული

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია