მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სერგო რატიანი - სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები დანიშნეს - 15 სექტემბერი 2020

 

ევროპული საქართველოს ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, უფლებამოსილება შეუწყვიტა.

"ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რაც დადასტურდა სკოლის დირექტორების მიმართ განხორციელებული მასშტაბური სადამსჯელო ქმედებით, კერძოდ, ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა და საჩვენებელი დასჯის გეგმა აამუშავა.

თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ". – ამბობს რატიანი.

სერგო რატიანის თქმით, სკოლის მიღმა დირექტორთა, დაახლოებით, ნახევარი დარჩა. მისივე სიტყვებით, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი.

"ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში აღმოჩნდნენ დირექტორების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ეფექტური გადაწყვეტილების რისკებს ზრდის და საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას". – ამბობს ის.

რატიანი მიმართავს განათლების მინისტრს, რომ:

- დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება, რათა უმოკლეს ვადაში მიეცეთ შესაძლებლობა სკოლებს, აირჩიონ დირექტორები და სასწავლო პროცესი წარიმართოს ქმედუნარიან გარემოში.

"მინდა, კიდევ ერთხელ, შევახსენო განათლების მინისტრს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ია კერზაია, რომლის სიცოცხლეც განათლების სამინისტროსა და ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად ნეიტრალური სკოლის დირექტორების წინააღმდეგ დაგეგმილმა სადამსჯელო ღონისძიებამ შეიწირა". – ამბობს რატიანი.

განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ სკოლების დირექტორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით განმარტება წერილობით გააკეთა.

"საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე.

ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში," - განუცხადა "რუსთავი 2-ს" ეკა დგებუაძემ.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია