მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა - 21 სექტემბერი 2020

პარტია სტრატეგია აღმაშენებელის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების ბრალია ის რაც ხდება, მისი თქმით "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს სწორი სამიზნე მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ნაცვლად ოპოზიციურ პარტიებს უმიზნებს.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველს უღალატა.

"ოპოზიციის საერთო ფრონტი კი არ უნდა მოარღვიო თუ შენ ხარ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა უნდა იყო გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო ნაცმოძრაობის შემცირდა, იცით რატომ? იმიტომ რომ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელად ყველა ხედავს "ნაციონალურ მოძრაობას."

მე მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს - თქვენ, რომ ავტომატურად 5 ნომერს ხაზავთ ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ.

როდესაც ამბობ, რომ ხარ მთავარი ოპოზიციური ძალა, შეგირცხვეს ცხვირი, როდესაც ოპოზიციასვე ესხმი თავს. გაასწორე სამიზნე. დამსხვრეული ოცნებების პარტიაა ამ ქვეყნის მთავარი მტერი და არა - ოპოზიციური პარტიები.

მე რომ კანდიდატი დამიყენეს ისნის რაიონში ეს არ იყო დარღვევა? მაგრამ მე გავატარე ეს ყველაფერი.

წყალსაც წაუღია, მანდატი მაშინ, როდესაც ხალხს შია და როდესაც თქვენი ამ უგუნურობით სარგებლობს ივანიშვილი. თქვენ ღალატობთ ამომრჩევლებს - ამ სიტყვით, ამ ვიწრო პარტიკულარულ ლიდერებს მივმართავ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს გვანან და  ამ ორი პირისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლებაა და არა ხალხის მდგომარეობაა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის და მისი პროპაგანდის გზავნილს. ბიძინა თუ არ იქნება, სააკაშვილი იქნება. სხვა არჩევანი არ აქვს საზოგადოებას. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. სააკაშვილმა 40-ჯერ თქვა ჩამოვალო და გადააგდო ხალხი, გადაგდებითაც ერთმანეთს გვანან.

ეს არის ის შემთხვევა, ვინც გიპირისპირდება იმას, რომ ემსგავსები. ჩემი აზრით, ერთ მხარეს არის ივანიშვილი და სააკაშვილი, რომელთაც მხოლოდ მათი ძალაუფლება აინტერესებთ და მეორე მხარეს არის ხალხის ინტერესი, სადაც საჭიროა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებები,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. უგულავას თქმით, სააკაშვილი ხალხს წარსულს სთავაზობს, როცა ქვეყნის პირველ პირად კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს.

გიგი უგულავას განმარტებით, საქართველოს მომავლისკენ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. სამწუხაროდ, ის რასაც გვთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის უკვე წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება.

ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუსკვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, სააკაშვილი სთავაზობს წარსულს.

ამ ქვეყანას სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი პარტია თავის მიმართებებში და სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ სააკაშვილის იმ განცხადებაზე საპასუხოდ, სადაც ექს პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ბიძინა ივანიშვილია.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის სააკაშვილის განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა გუნდური მოთამაშე და საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც კი, ხშირად სიურპრიზებს უწყობდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ვერ აცნობიერებს იმას, რომ მას არა მარტო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, არამედ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე.

"მოულოდნელობა არ ყოფილა იმიტომ, რომ ვიცი, რომ სააკაშვილი არ არის გუნდური მოთამაშე და ის ძალიან ხშირად სიურპრიზებს უწყობს ხოლმე საკუთარი გუნდის წევრებსაც კი და მე ეს ჩემს თავზე არა ერთხელ გამომიცდია, როდესაც სრულიად სხვა რამეზე შევთანხმდებოდით და მეორე დღეს სიურპრიზები იყო ხოლმე.

მე არ მინდა, რომ მთელი დღე სააკაშვილზე საუბარს მივუძღვნათ და დავტოვოთ ისეთი შთაბეჭდილება საქართველოს მოსახლეობაში, რომ განსხვავებები იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად პრინციპული, თუმცა არის ნამდვილად, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ კოორდინირებას ერთიანი ოპოზიციური მოქმედებებისა არჩევნებისა და საარჩევნო ხმების დასაცავად.

ერთის მხრივ, მე მესმის, ის ამ შემთხვევაში ცდილობს თავისი მომხრეების მობილიზაციას, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ალბათ იმიტომ, რომ ის პრინციპში დიდი ხანია წასულია ქვეყნიდან და გარკვეულწილად მოწყვეტილია რეალობას, ის ვერ აცნობიერებს იმას, რომ არა მარტო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს სააკაშვილს და მის გუნდს, არამედ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე მისი ხელისუფლებაში მობრუნებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს  თავისი პარტიის გამარჯვება სურს გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

ხატია დეკანოიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სტრატეგია გამარჯვებაა.

"კოალიციურ მთავრობაზე ჩვენ, ჯერ კიდევ საუბარი დავიწყეთ საპრეზიდენტო არჩევების პირველივე ტურში და ეს კამპანია იყო ის, რომ ალბათ, საქართველოში დემოკრატიის თვისობრივად სხვა ხარისხისთვის და ამ კონფიგურაციით იქნებოდა რაიმე სახის მნიშვნელოვანი შეთანხმება პარტიული. ეს ჩვენ მხოლოდ ახლა არ გვითქვამს, ამაზე ჩვენ მუდამ ვსაუბრობდით.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს თავისი პარტიის გამარჯვება, მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ რომ გვინდა ჩვენი პარტიის გამარჯვება, ამაში რაიმე არის ცუდი? ცალსახა პოზიცია ის არის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია არის გამარჯვება. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51 პროცენტს იღებს. გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით? მას კოალიცია არ დასჭირდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძვის.

„არ მგონია, რომ მთლად ზუსტად იქნა გაგებული ეს განცხადება. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი. კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51 პროცენტს იღებს. გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით? არ დასჭირდება მას კოალიცია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა და წინასაარჩევნოდ ჩვენი ტაქტიკა. რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურებას, რაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომან გოცირიძე მიიჩნევს, ახლა კინკლაობის დრო არ არის.

„არ მგონია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე ვნებათაღელვა საარჩევნო სტრატეგიის სასურველი მიმართულება იყოს. არ არის ჩვენი სამიზნე ჩვენი კონკურენტები. დიახ, პარტიები დღეს საარჩევნო პროცესში არიან კონკურენტები, მაგრამ ხვალ ეს პარტიები იქნებიან პარტნიორები ახალ მთავრობაში. ზედმეტი კინკლაობა „ქართული ოცნების“  წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხად რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას პოლიტიკური ცვლილებები სურს.

მისივე თქმით, ზოგადად ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია.

სამადაშვილის განმარტებით, ეს კი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის ანდოს ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, ამ ფონზე დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გდაუწყვეტელი ამომრჩეველი დავარწმუნოთ იმაში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ცვლილების უზრუნველყოფა და გამარჯვების მოპოვება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე.

შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს – მობილიზაცია მაქსიმალურად, არა მხოლოდ ჩვენი არსებული მხარდამჭერების, არამედ ამ მხარდამჭერების რიგების გაზრდაც. ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი ელექტორალური შედეგის მაქსიმალიზაციისთვის. ეს არის რისთვისაც იბრძვის ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელთაც სურთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველა სხვა პოლიტიკური განაცხადი არის უბრალოდ აბსურდი და არანაირი რაციონალური აზრი არ აქვს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ორი ფრონტიდან, რომელიც სააკაშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ აქვთ გახსნილი, ერთ-ერთი უნდა დახუროს.

„ოპოზიციას, რომელსაც ორი ფრონტი აქვს გახსნილი, ერთი მიხეილ სააკაშვილის და მეორე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი ფრონტი უნდა დახუროს და აირჩიოს, რომელია მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ერთი ფრონტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვისაც უნდა ჩვენთან ერთად ბრძოლა, ამ ფრონტზე ვეპატიჟებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართვას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება:

„ვერ გავიგე, სააკაშვილის განცხადებამ რატომ გამოიწვია სრულიად ოპოზიციის აღშფოთება?

ჩემის აზრით, ასეთი ადექვატური მიშა არასდროს ყოფილა.

თუ ორპოლუსიანობის გეშინიათ, სწორად თქვენი ისტერიული რეაქცია გახდება ორპოლუსიანობის შენარჩუნების ინსტრუმენტი მიშას ყველა გამოჩენაზე და არა, როგორც თქვენ ამბობთ, ყავლგასული და ძალადაკარგული სახელისუფლებო პროპაგანდა...“ - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე  განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.

მომზადებულია „რუსთავი 2-ისა“ და „პირველი არხის“ მიხედვით.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია