მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საჩხერეში რა კურსია“ - 23 სექტემბერი 2020

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საჩხერეში ტყემალაძეების ოჯახი უკვე წლებია უკიდურეს გაჭირვებაშია. ისინი სოფელ ორღულში, 10 კვადრატული მეტრის რკინის ვაგონში ცხოვრობენ. ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური დახმარების უკანონოდ მოხსნაში ადანაშაულებს.

ტყემალაძეების ოჯახი საჩხერე-ჭიათურა- ხარაგაულის ოლქში, გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კაპანაძემ მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერე საქართველოს განვითარების მოდელად დაასახელა.

 „დღეს ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა, დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია“, – ამის შესახებ  გიორგი გახარიამ საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს.

„დიდი პატივია, აქ, თქვენთან ერთად საუბარი ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ახლა, მინდა ამას ცოტა სხვანაირ, თბილ და შინაურულ გარემოში შევხედო.

დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს.

მარტივად რომ ვთქვათ – ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები – ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა „ფონდმა ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც და საჩხერეც კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ახლა რაც კეთდება, ზემო იმერეთ-რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ონელების, ამბროლაურელებისთვის ეს იქნება უახლოესი გზა, რომ თბილისიდან დაუკავშირდნენ თავიანთ რეგიონებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი და პრობლემაა დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეჭვი არავის ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერეს გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი – თითოეულმა ქართველმა, როგორც შეუძლია, როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს ის ზრუნვაა და ის შრომაა, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე – ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, სამართლიან და ევროპულ საქართველომდე. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც დავიწყეთ, ღირსეულად დავამთავრებთ,  გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრ გახარიას შესთავაზა, ერთად ჩავიდნენ საჩხერეში.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საჩხერეში მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისივე თქმით, საჩხერის კურორტი კვერეთი, რომელიც უნიკალურია, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

ვაშაძის თქმით, საჩხერეში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახში შესვლის შემდეგ, ყველა ნახავს როგორ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია ადგილობრივი მოსახლეობა.

პრემიერმინისტრის განცხადებას „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება.

„საჩხერეში რა კურსია?“ – წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

„გუშინ ამოხტნენ ქამრებიდან, რას ჰქვია გახარიამ ჭორვილა ახსენაო?! ნაპოლიტიკარმა პოლიტიკანებმა მლიქვნელობად მონათლეს. გახარიას მაგრად სჭირდება საჯაროდ ბიძინასთან მლიქვნელობა, პირადად ვერ ეტყვის.

ეს აჟიოტაჟი სამი მიზეზის გამო ჩავთვალე ყურადღების ღირსად. განსაკუთრებით მოსახლეობის დაკნინებამ გამაღიზიანა, მაგრამ სამთავეს მოგახსენებთ.

1. თუ გაიხსენებთ ჩემს ინტერვიუებს და ბლოგებს ბოლო 2 წლის მანძილზე (ვინც ვერ გაიხსენებთ, მკითხეთ და მოგაწვდით ბმულებს), დიდი ხანია ოპოზიციას ვეუბნები, რომ მოსახლეობას ნეგატივის და სხვისი კრიტიკის გარდა, არაფერს სთავაზობენ.

ახლაც, თავიანთი ჭკუით, ოცნებას ზიანი მიაყენეს. არადა, ვინ  გამოდის კრიტიკით? ცხოვრებაში ხალხისთვის აგური კი არა, ქვიშის ერთი ნაწილაკი არ აქვთ დანადები. მავნებლობა და ზიანი გიყვარდეთ.

ზოგიერთი, ნაოცნებარი, თუ ოცნებასთან ნაბლოკარი, განსაკუთრებული ღვარძლით გამოირჩეოდა.

ღიმილს უფრო იწვევს ჭიქაში ატეხილი ეს ქარიშხალი. ეს დრო თქვენი პროგრამების განსახილველად გამოგეყენებინათ!

2. გუშინ ერთ-ერთი, რუსეთის სპეცსამსახურებიდან ინფორმაციების მომპოვებელი ტელევიზიის ჟურნალისტები დასხდნენ და ჭორვილელები გაფცქვნეს, ლამის ყურმოჭრილ მონებად მონათლეს.

ერთ-ერთმა შარშან ერთ-ერთი ჰიპერსააგენტოსთვის სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით "ოლიგარქის სოფელი". სახელშივე შეეცადა ზიზღის ჩადებას. სიუჟეტიც ირონიით გაჟღინთა.

შენახული მაქვს ვიდეო. რა გავიგეთ შარშან მისი რეპორტაჟიდან?

თურმე სოფლელებს სახლებს უშენებდა, ვისაც ჰქონდა, ურემონტებდა, კომუნალურებს უფარავდა, ქორწილებს და ქელეხებს უხდიდა და ამისათვის რიტუალების სახლიც აუშენებია, ახალდაქორწილებილებს 3 ათას დოლარს ჩუქნიდა, ხალხს, ანუ მეზობლებს, ფინანსურად ეხმარებოდა, მასწავლებლებს დანამატებს უხდიდა, რის გამოც მაშინდელი პრეზიდენტი აღშფოთებულა...

ხალხს სოფელში არაფერს ეკითხება, მხოლოდ სახურავების ფერი ჰკითხეს და ხალხმა წითელი აირჩიაო.

მოკლედ, ბევრი ეძებეს და განაწყენებული ვერ იპოვეს.

ასეთ კითხვას სვამენ სოფელში: "ბოლოს ბიძინა ივანიშვილს რაში არ დაეთანხმეთო?"

მაგარი ჩამჭრელი კითხვაა, არა? ნეტა, რაში არ უნდა დათანხმებოდნენ, ასფალტი არ დაგვიგეო, უნდა ეთქვათ, თუ ნაკვეთი არ მოგვიხნაო?

სიუჟეტს ამთავრებენ ერთი ახალგაზრდის ფრაზით, "სოფელში სამუშაო მაინც არ არისო".

წარმოგიდგენიათ, ადამიანს ნაკვეთი, რომელიც ასჯერ მოუხნა და დაუთესა, აქვს, ხელები და ფეხები აქვს და სამუშაო არ აქვს?!

ჰოდა, ისხდნენ გუშინ და ჭორვილელებს აქუცმაცებდნენ, ძალიან მძიმე განცდა დამიტოვა ჭორვილამო. ეტყობა, მანამდე გლდანის ციხეზე აქვს სიუჟეტები განაკეთები...

3. ამ ვიდეოზე ჭორვილაა. ნეტა რა არ მოგწონთ, ასე რამ გაგანერვიულათ?! იქნებ გააკეთოთ საკუთარ სოფლებში, თუ ეს არ მოგწონთ?

დაანებეთ თავი ჭორვილას და ჩასაფრებაში ყოფნას. წარმოადგინეთ პროგრამები, თქვენ რას გვთავაზობთ.

ჯერ ვიხილეთ ე.წ. მარშალის გეგმა და ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელი. ერთი 10-გვერდიანი (დანარჩენი 10 გვერდი ნახატებია) სურვილების ბუკეტია, მეორე კი ვიდეო ლექციების კრებული. კიდევ ვიხილეთ ენმ-ის "დაავალე მიშას" და ევროსაქების "ხელშეკრულებებს ამომრჩეველთან". ყველა მათგანზე ცალკე მოგახსენებთ.

მოკლედ, როცა პროგრამების წერა ან არ შეგიძლიათ, ან ამომრჩეველს არ თვლით ღირსად, იოლი გზით მიდიხართ, - სხვას აქილიკებთ“, - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის გვერდზე.  

ასევე იხილეთ სიუჟეტები: 

უკიდურესი გაჭირვება საჩხერეში - ტყემალაძეების ოჯახი რკინის ვაგონში ცხოვრობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/videos/3771450426251323

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია