მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც და ვირუსიც გაექცა - 25 სექტემბერი 2020

ერთი დოლარი 3 ლარი და 33 თეთრი გახდა. ბოლო 24 საათში ეს ლარის 5 თეთრიანი გაუფასურების მაჩვენებელია, - ნათქვამია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციაში.

სავალუტო რყევებზე შეფასება ოპოზიციაში გააკეთეს. ისინი თვლიან, რომ მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან.

"მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 5 მილიარდი საარჩევნო მანიპულირებისთვის გამოეყენებინა, ხალხის დახმარების ნაცვლად. მთავრობამ, რომელსაც ჰქონდა დიდი დრო და უზარმაზარი რესურსები უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან. ლარიც და ვირუსიც გაექცა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხს რომან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზეც ეხმაურება.

„მოხდა ის, რაც წინა კვირას იყო. ინტერვენციების შემდეგ ლარი კი არ გამყარდა, არამედ კიდევ უფრო გაუფასურდა. რაც ხდება ეს ეროვნული ბანკის დანაშაულია და არა შეცდომა. ბოლოს ორ მილიარდ ლარამდე კვლავ გასცა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები და მაინცდამაინც გუშინწინ გაყიდა 40 მილიონი დოლარი, რათა ბანკებს შეეძინათ იგი მისივე გაცემული ფულით. შედეგად ლარის მორიგი ვარდნა.

ლარი უფასურდება და რა თქმა უნდა, კვლავ გაცოცხლდება გულუბრყვილო-ეგზოტიკური იდეა ლარის გაუქმების შესახებ. ამ იდეის ნაირსახეობაა ლარის მიბმა რომელიმე მყარ ვალუტასთან და მთლად წინწასული იდეა - ეროვნული ბანკის გაუქმება.

თუ ლარი ფიქსირებული იქნება დოლართან, რაში მენაღვლება, ლარი მექნება ჯიბეში თუ დოლარი. კურსის ფიქსაციას სჭირდება დიდძალი რეზერვები. თუ ვერ აფიქსირებ, ესე იგი დოლარი არ გყოფნის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ დოლარში გაქვს შემოსავალი და ეროვნული ვალუტაც დოლარია, გიმცირდება ეს შემოსავალი, ანუ ეფექტი იგივე იქნება, რაც ლარი რომ გქონოდა და გაუფასურებულიყო (თუ ინფლაცია იმ ზომით არ იქნება, რაც ლარი გაუფასურდა, მაშინ გაუფასურებული ლარი სჯობია შემცირებულ დოლარს).

კურსის ფიქსაცია კი უაზრობაა. ფლანგავ არასწორად რეზერვებს, ქმნი არასაბაზრო წონასწორობას, რაც შემდეგ ეკონომიკურ დისბალანსში გარდაიქმნება.

მცურავი კურსი თავის თავში ასახავს ეკონომიკის ობიექტურ მდგომარეობას და ბაზრის ყველა მოთამაშეს უქმნის თანაბარ პირობებს.

ერთ ვალუტაზე ანუ სხვა ქვეყნის ვალუტაზე კურსის მიბმა ეგზოტიკური გადმონაშთია და არც ეკონომიკურ თეორიაში და არც პრაქტიკაში სერიოზულად არ განიხილება. სხვა საკითხია ერთვალუტიანი ზონები. რამდენიმე იყო ასეთი, ყველაზე ნათელი მაგალითი კი ევროზონაა. ამაში მიიღო მანდელმა ნობელის პრემია. ეს სულ სხვა სისტემაა, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ნაციონალური ცენტრალური ბანკები და სადაც კოორდინირებულია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.

გქონდეს ეროვნულ ვალუტად ევრო ან იყო ევროზონაში და გქონდეს საკუთარ ვალუტად ევრო, ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. პოლონეთი ან ჩეხეთი, ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები, ვერ რისკავენ ევროზონაში შესვლას (დღეს არც მიიღებენ).

ამ თემაზე კამათი ინტელექტუალური თავისმტვრევაა. ეს ზრდილობიანად“, - წერს რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი, ლარის გაუფასურებას "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

"ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ლარი მუდმივად უფასურდება. ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა, უზარმაზარი საგარეო ვალი და ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელსაც იღებს ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად.

ამიტომ, ქვეყანა ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია შესული და ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

წყარო: „რუსთავი 2“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია