მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით თევზაძე - ხოლო წაქცეული თუ არ ადგა, ვერც გაიმარჯვებს ვერასოდეს - 27 სექტემბერი 2020

 

„ერთხელ დავწერე, ემოცია დავცალე და მას მერე ვაკოპირებ... მინდა დავივიწყო  და ვერ ვივიწყებ... დღეს ვერ ვივიწყებ...

ჯვართამაღლებაა დღეს საქრისტიანოში... წლების წინ, დღეს, ჩემი მშობლიური ქალაქი კვდებოდა და მე აგონიას ვესწრებოდი. აღარც რა შემეძლო, ყელში რაღაც გაჩხერილიყო და ჩაშავებული და დამწვარი თვალებიდან ცრემლი არ დიოდა.

უბრალოდ მივშტერებოდი სიცარიელეს, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და თანდათან გვყლაპავდა სუყველას. მას მერე, დიდხანს ვიარეთ დაცარიელებულებმა...

მას მერე, ვერც შავი გავიხადე დიდხანს...

წლების შემდეგ, როდესაც მამაჩემის სასთუმალთან ვიდექი, ვუყურებდი როგორ ებრძოდა სიკვდილს დაუძლურებული, ანაზდად, თვალწინ სოხუმის ცარიელი ქუჩები წარმომიდგა, ჩემი ბოლო პოზიცია ესტაკადასთან და თექვსმეტი მეთაურთან დარჩენილი მეომარი, რომელთაგან ყველაზე უფროსი, მგონი ოცისაც არ იყო... ეს დღეს იყო...

ახლა, როდესაც ვწერ, ისევ დავინახე თავიდან ყველაფერი და ისევ შიგნიდან დამცალა რაღაცამ: დღეს ჩემი ქალაქი მოკლეს 93-ში...

დღეს, წლების წინ, ჯვარს აცვეს საქართველო და ცოცხალ სხეულს ლურსმანი დაარჭვეს... დღეს ერთი ვიცი მხოლოდ: ჯვარცმული უნდა ამაღლდეს უთუოდ... ღმერთს ასე სურს... ხოლო წაქცეული თუ არ ადგა, ვერც გაიმარჯვებს ვერასოდეს... - წერს გენერალ-ლეიტენანტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ფეისბუქის გვერდზე.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია