მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ იზოლაციაში - ამირან გამყრელიძე - 02 ოქტომბერი 2020

კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს ამაზე გამახვილდა ყურადღება.

ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომელიც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, ხოლო თუ არ აქვთ საშუალება, ექვემდებარებიან კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე.

თუ ადამიანს სიმპტომები გაუჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია.

ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში ჭარბობენ ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პირებს, რომლებსაც გრიპის სეზონის დროს მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ტესტირება კორონავირუსზეც ჩაუტარდებათ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრიპის სეზონის თანდართვის დროს მდგომარეობის სწორად მართვას.

„მოვუწოდებთ ჩვენ კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 46 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია