მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისელს მიხარია, რომ იპოდრომის ადგილას პარკი იქნება, როგორც მოქალაქემ, ვიცი, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა - გია ნოდია - 06 ოქტომბერი 2020

„როგორც თბილისელს, მიხარია, რომ იპოდრომის ადგილას პარკი იქნება. იმედია, კარგი პარკი გამოვა.

როგორც მოქალაქემ, ვიცი, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ვგრძნობ არა მადლიერებას, არამედ გაბრაზებას.

P.S. ამ პარკისთვის „ცენტრალური პარკის“ დარქმევა არის  მატრაკვეცობა (რა ნიშნითაა ცენტრალური?) მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა“, - წერს ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.

დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი (რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი):  

„გასაგებია, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა და იმ ადგილას დიდი პარკის გაშენება ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნოდ შემოინახა.

ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც დიდი ხანია ამას ითხოვდა (მათ შორის მეც ვითხოვდი), პარტიის, ხელისუფლების და პირადად ბატონი ბიძინას მიმართ მადლობებით არ დაიღვრება და არც უნდა დაიღვაროს;

მაგრამ ამის სანაცვლოდ „წადი შენი ოლიგარქი დედაც“ სტილში გამოხმაურებები  არაადეკვატურად, პრაგმატულად წამგებიანად და მიშასდროინდელი „გზები ვჭამოთ“ ტიპის დაყვედრების გადამღერებად ჩანს, დავიჯერო მარტო მე მეჩვენება?“

რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი (ენმ):

„მომყიდონ ვაკის პარკი. მის ათ პროცენტს გამოვიყენებ კორპუსების ასაშენებლად, დანარჩენს ვაჩუქებ ქალაქს. ვინ გამოვდივარ? დიდი ფილანტროპი?“

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

„ქართულ ოცნებას უარესი გეკუთვნით, ამათ ასე რომ ალაპარაკებთ, ამათი ქონებით რომ არ ინტერესდებით და საზოგადოებას არ აცნობთ.

ივანიშვილს ქონებას უთვლიან. 5 მილიარდი ჰქონდა, რაც საქართველომ მისი გვარი  გაიგო, 8 წელია ხელისუფლებაშია და ფორბსი ისევ 5 მილიარდს უთვლის.

ესენი დახეული ბოტასებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მულტიმილიონერები არიან.

პოლიტიკური ნებაა საჭირო, რათა ყველა მათგანის შესახებ საზოგადოებამ გაიგოს, ვინ რითი სუნთქავს“.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და ორ წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აქაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და ორ წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროექტი უკვე დაიწყო და ორ წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. კახა კალაძემ უკვე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეკოლოგიურად მწვანე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი.

ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს თითოეული მოქალაქის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას.

„ჩვენ გვექნება უბრალოდ ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად, საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომლებიც უნდა მოეწყოს ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ამასთან ერთად მინდა, მერიას წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა. გილოცავთ ამას, პირველ რიგში, თბილისელებო, საქართველოს მოქალაქეებო და საბურთალოელებო განსაკუთრებით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წყარო: პირველი არხი

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია