მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, შეხვედრები იყოს უფრო გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები - ამირან გამყრელიძე - 12 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე.

ხშირად კითხულობენ, შემზღუდველი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით ან სხვადასხვა რეგიონში დაწესების შესახებ, ამ საკითხზე რამდენჯერმე მოგახსენეთ მოსაზრება.

ზოგადად, გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, .. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ  შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო .. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი.

მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების  შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა, თუ საჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა.

თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, ხდება მისი თვითიზოლაციაში გადასვლა და შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების დაკვირვება.

ანუ, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება იგივე ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება დედაქალაქს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება.

ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში.

მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიზიარა საბჭომ, რომ სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით სასწრაფოების, საგანგებო დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც გადაჰყავს კოვიდავადმყოფები და ახდენენ მათ მობილიზაციას საავადმყოფოებში, ისინი, როგორც ყველაზე უფრო სტრატეგიულები, გადადიან 72-საათიან ტესტირებაზე. ანუ, აქამდე თუ გვქონდა შვიდი და ორკვირიანი ტესტირებები, გადაგვყავს 72 საათიანზე. მალე დაიწყება მასწავლებლების .. რანდომული ტესტირება.

ასევე, არ ხდება სკოლის სრული იზოლირება. თუ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, ამ შემთხვევაში კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე და მასთან შეხებაში მყოფი ბავშვები, თუ მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. თბილისის მასშტაბით განხორციელდება ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები. არამარტო სკოლებში, არამედ იგივე დიდ დაწესებულებებში“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება პანდემიის პერიოდში ჯერ არ აღმოჩენილა.

რეკომენდებულია და სასურველია, მასმედიის საშუალებებით ხშირად ჟღერდეს, რომ გარდა დახურული შენობებისა, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, ვატაროთ პირბადე. პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება ამ პანდემიის პერიოდში, კორონავიურისის წინააღმდეგ ჯერ არ აღმოჩენილა.

ამიტომ, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება, ეს არის მთავარი. ეს არის გზავნილები, რომელიც მუდმივად უნდა იგზავნებოდეს მოსახლეობასთან და მოსახლეობა ამას უნდა მიჰყვებოდეს. რაც მთავარია, დიდი თავშეყრის, დიდი დღესასწაულების თავის არიდება.

მოგეხსენებათ, ახლა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, შეხვედრები იყოს ხშირად უფრო გარე სივრცეში და იქაც იხმარონ პირბადეები, როგორც თავად პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა.

„ამ ეტაპზე სამი გარდაცვლილი გვყავს. ერთი პაციენტი თავიდანვე ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი ქრონიკული დაავადება, მათ ფონზე მოხდა დაავადების გამწვავება. ერთი პაციენტი თავიდანვე კრიტიკული და მძიმე იყო. ორი პაციენტი იყო დაახლოებით 70 და 72 წლის, ერთი მამაკაცი იყო 43 წლის. ქალბატონთან იყო სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დანარჩენ ორ პაციენტთან გადატანილი იყო თავის ინფარქტი. ქალბატონი გადმოვიდა ქუთაისიდან, ორი პაციენტი კი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან“,- განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6 538.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 91- შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393- შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია