მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეთანხმება შესაძლებელია როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს - გია ხუხაშვილი - 09 ნოემბერი 2020

შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს...

შეთანხმების პროექტი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:

1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს.

2. პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით.

3. ცესკოს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის ან გირაოს გამოყენებით, გარდა მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი).

ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობის და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი საერთო თანხმობით დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები.

ხელმომწერები:

ქართული ოცნება 48%

ოპოზიცია ..............52%

* * *

როგორ მოიქცეოდა ამ პირობებში პასუხისმგებლიანი, საკუთარ სიმართლესა და ძალებში დარწმუნებული ხელისუფალი?

შეთავაზებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, იქ საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნებთან დაკავშირებით. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთებოდა ისეთი და იმ მოცულობის დარღვევები, რამაც არსებითად დაამახინჯა შედეგები, მაშინ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებზე.

ქილიკი და 52% (მათივე დათვლით) ამომრჩევლისთვის ნაცის ძახება ადვილია, მაგრამ ცუდად მთავრდება...“ - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე, ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანი ერთად, ყოველდღიურად იმყოფებიან იმ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია.

„თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია“, – აღნიშნა გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ამ ყველაფერს ისე მოერიოს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით, მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. (წყარო: პირველი არხი).

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია