მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიიღეს რა დაფინანსება, მათ არჩევნები ცნეს - ანრი ოხანაშვილი - 26 ნოემბერი 2020

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პარტია, რომელიც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აქვს უფლება დაფინანსებაზე შეიტანოს განაცხადი.

„ეს არის დემოკრატიული სტანდარტია, რადგან ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კონკრეტულ პარტიას, ამ კონკრეტულმა პარტიამ უნდა იმოქმედოს დემოკრატიის სტანდარტის შესაბამისად. პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას, დაფინანსება მიიღოს და მისი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და პარტიის დაფინანსება, ხელფასი ყველაფერი ეს კონკრეტულმა პარტიამ პარლამენტში უნდა მოახმაროს საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესებია გატარებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ მათ დაფინანსება უნდა მიიღონ, ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიულობის თვალსაზრისით, შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად მოქმედება და პარლამენტში შესვლა.

„ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი პარტიებიც ასევე პატივს სცემენ იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს. ვიმედოვნებ პარტიულ დაფინანსებაზე განაცხადს ისინიც გააკეთებენ, რათა შემდგომ უკვე მეორე ნაბიჯი პარლამენტში შესვლისკენ გადადგან. ეს დემოკრატიულობის და პოლიტიკური მოცემულობის გამოხატულებაა.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს. ვინაიდან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი, რომ ეს დაფინანსება მიიღო. ეს პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებს აღიარებენ.

მეორე საკითხია ისინი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას როდის მიიღებენ. თუ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას ნიშნავს, უპატივცემულობას დემოკრატიული პრინციპების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის.

გაურკვეველია, დაფინანსებას რატომ უნდა იღებდე, თუ არ გსურს შენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ინტერესების შესაბამისად იმოქმედო. აბა სად მიდის ეს დაფინანსება. კონკრეტული პოლიტიკური პარტია რისთვის იყენებს დაფინანსებას, თუ პარტიის მხარდამჭერების ინტერესების გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოში არ სურს. დაველოდოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ აიღებენ, შესაძლოა, მათი ლიკვიდაცია მოხდეს.

მისივე თქმით, პარტიებს ლეგიტიმურობას ხალხი ანიჭებს და ეს სწორედ ხალხის ფულია.

„ჯერ ერთი, ორი დღე გვაქვს მე და ჩემს პარტიას, რომ უარი ვთქვათ და მე იმიტომაც დავდე სტატუსი „ფეისბუქზე“. ეს ერთგვარი გამოკითხვა იყო ჩემთვის, რადგან ამ წამსაც, როცა გესაუბრებით ჩემი პოზიცია არის, რომ არ ავიღოთ დაფინანსება. იმიტომ დავდე სტატუსი, რომ ამომრჩეველი შემოდის იქ და ძალიან საინტერესო პოლემიკა გაიმართა. მინდა გითხრათ, რომ იქაც აღმოვჩნდი უმცირესობაში ზუსტად ისე, როგორც პარტიაში გამართულ გუშინდელ პოლემიკაში.

ახლა რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ლეგიტიმურობას არ გაძლევს ხელისუფლება, ლეგიტიმურობას გაძლევს ხალხი და ეს ფინანსები არის ბიუჯეტიდან. ის, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და არ ვიღებთ არანაირ სარგებელს, როგორც დეპუტატები, ეს ცალსახაა და არ განიხილება. რა თქმა უნდა, დეპუტატის ხელფასს არ ავიღებთ.

აქ საუბარია პარტიის გარე დაფინანსებაზე, როდესაც ვთქვი, რომ მოდი არ შევიდეთ, ძალიან დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. ამ გაყალბების ჟამსაც ის ოთხი მანდატი ჩვენ ხალხმა მოგვცა, ეს ხალხის ფულია, ეს ხალხი გეუბნება: გავიგე რომ არ შედიხარ, გავიგე რომ დეპუტატის ხელფასს არ იღებ, გეთანხმები, მაგრამ მე რა დაგიშავეთ, რომ ჩემი რჩეული პარტიები საერთოდ ლიკვიდაციაზე მიდიხართ, რადგან ეს აბსოლუტურ ლიკვიდაციას ნიშნავს. სრულიად ოპოზიციური სპექტრის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს იმ სპექტრის, რომელსაც ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა.

ახლა სადაც ვიმყოფებით, ჩემი მეუღლის ოფისია, მე აქ შემოხიზნული ვარ. კი ბატონო, არ გამაგდებს ნამდვილად, მაგრამ აქ საუბარია ელემენტარულ არსებობაზე, პრესსამსახურია, რეგიონებია…გამორიცხულია, რამე გააკეთო.

გარდა ამისა, ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თუ რაიმე გაგვაჩნდა, არჩევნებისთვის ყველაფერი გავხარჯეთ, ერთი თეთრი არ გაგვაჩნია. მე თუ მკითხავთ, ნორმალურ სახელმწიფოში, სამომავლოდ გეუბნებით, სულაც არ მომწონს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიები, მაგრამ ეს ნორმალური მართვის პირობებში. დღეს არანორმალურ ვითარებაში ვართ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, ჩარკვიანმა უპასუხა, რომ მას ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა. ჩარკვიანის განცხადებით, დაფინანსების მიღება ნიშნავს, პატივი სცე საკუთარ ამომრჩეველს და არ გამოაცხადო თვითლიკვიდაცია.

„არჩევნების არალეგიტიმურობა ზუსტად მანდ არის იმიტომ, რომ კაცზე გამოყოფილი 15 ლარი რომ გაამრავლოთ, ხელისუფლებას მილიონები აქვს მოპარული ამ გაყალბების დროს. ჩვენ, ოპოზიციას რომ უნდა მიგვეღო სიტყვაზე 10-11 პროცენტი, დაგვიწერა 3 პროცენტი, რომელ ლეგიტიმურობაზე და არალეგიტიმურობაზეა საუბარი, ტოტალურად მიიტაცა.

ამიტომ ვამბობ, რომ ეს მიზერული დაფინანსება უკვე იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ლეგიტიმურად აღიარებ არჩევნებს, არა, იმას ნიშნავს, რომ ლიკვიდაცია არ მოხდეს და პატივი სცე იმ ამომრჩეველს, რომელმაც შენ მოგანიჭა ლეგიტიმურობა. მე ლეგიტიმაცია ხელისუფლებამ გაყალბებით წამართვა, ხოლო ხალხმა ლეგიტიმაცია მომანიჭა და რა დააშავა იმ ჩემმა ამომრჩეველმა. აი, ასე დაისვა გუშინ იურისტებთან საკითხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია