„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, შემოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ ხელი მოეწერა სამთავრობო ხელშეკრულებას და დაახლოებით ორ კვირაში „რემდესივირს“ საქართველოში შემოიტანენ.
„მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში ვერ უჩვენა „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა.
ასევე, „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აცხადებს ცერცვაძე.
ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის.
„მინდა, დავაზუსტო, რომ შემდეგში არ იყოს არაჯანსაღი მოლოდინები – „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით და რეკომენდაცებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელების პრობლემები ადრეულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის გავრცელების რეფლიკაცია ჯერ კიდევ ხდება, რადგან ეს არის ანტივირუსული მედიკამენტი. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია, ასე ვთქვათ, დამთავრებულია და სხვა ფაქტორები გამოდის წინა პლანზე, იქ „რემდესივირი“ სამწუხაროდ არაეფექტურია. ამიტომ საქართველოში შემოტანის შემდეგ დაიხვეწება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ზუსტად იქნება გაწერილი, რა კატეგორიას უნდა მიეცეს „რემდესევირი“, რამეთუ სხვებთან ის ექეფქტური არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 708 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.