მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველაზე მაღლა ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე - ამირან გამყრელიძე - 20 დეკემბერი 2020

 

ახალი წელი მოდის, გასაგებია რომ მობილობა და სიარული მეტი იქნება. თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, წლევანდელი შობა-ახალი წელი სხვანაირ ფორმატში და მოკრძალებულად გაატარონ.

კარგია, ახალი წელი მოდის და ახალი იმედებია, მაგრამ ძალიან მძიმე წელს ვტოვებთ 2020 წლის სახით, რომელშიც ამ დაავადებამ თითქმის 2 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ქვეყნაში და ეპიდემია უკან არ იხევს. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მესმის, ბიზნესი, შემოსავალი, ყველაზე მაღლა კი, მაინც ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე და მეტი. ყველას მოვუწოდებ რომ ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გამყრელიძის თქმით, დღემდე ვირუსი საერთო ინფიცირებულთა 86-მა პროცენტმა დაამარცხა. ამასთან, გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა დღევანდელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 სათში განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს თითქმის ორჯერ აჭარბებს.

თუმცა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„ჩვენი კოლეგები, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად დიდი გვქონდეს გადარჩენის მაჩვენებელი. ძალიან კრგია, რომ ჩვენ ახლა გამოჯანმრთელების დიდი მაჩვენებელი გვაქვს. თებერვლის შემდეგ ქვეყანაში სულ 208 638 შემთხვევაა დაფიქსირებული და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86 პროცენტია. ანუ, 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მაგალითად, დილისთვის ძალიან მაღალი იყო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი – 4 599. თითქმის ორჯერ გადააჭარბა გამოჯანმრთელებულებმა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, მაგრამ გვაქვს გარდაცვალების 39 შემთხვევა. დიახ, იმის გამო, რომ დიდია მძიმე პაციენტების რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა, გვქონდეს სიკვდილიანობის გარკვეული ზრდა. ყველაფერი კეთდება, რომ მძიმე პაციენტები გადარჩნენ, მაგრამ რაც მეტი გვექნება შემთხვევათა რაოდენობა, უფრო მეტი იქნება დამძიმების ალბათობა, შესაბამისად, ფატალური შედეგიც უფრო მეტი დადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახალი შემთხვევების შესამცირებლად და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საშუალება შემზღუდველი ღონისძიებები და რეკომენდაციების დაცვაა.

„კარგია, რომ მეტია პირბადის ტარების ტენდენცია, შეზღუდვებთან ერთად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი შედეგი. ადამიანების უმრავლესობამ გაითავისოს, რომ გარე, თუ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურად ისახება ახალ გამოვლენილ შემთხვევათა შემცირებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თუ ყველა ჩვენგანი არ დავიცავთ წესებს, თუ ბიზნესი თუ არ დაიცავს წესებს, განმეორდება იგივე, რაც იყო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მხრივ სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია.

ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით, საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში“, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, 2 094 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 481 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 654 ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 913.

ამასთან, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია