მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამარცხვინო ფაქტია ამ ე.წ. პარლამენტში შესვლა, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“ - 23 დეკემბერი 2020

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება.

ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის ძირითადი ბირთვი ერთიანია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

„ერთი, ორი, სამი და ოთხი მანდატის გააქტიურება ამ პარლამენტში, რომელიც არის სრულიად ერთპარტიული, ნამდვილად არაფერს ცვლის იმ კონფიგურაციაში, რაც დღეს გვაქვს – ერთპარტიული პარლამენტი და მათ შორის ის ხელისუფლება, რომელსაც ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი.

კონკრეტულად ამ კუთხით არაფერს არ ცვლის, ერთი ოპოზიციონერი შევა თუ სამი-ოთხი, არაფერი იცვლება ნამდვილად. მთავარია, რომ მთავარი ძალები ოპოზიციის პლატფორმაზე ვართ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ პარლამენტს. ბატონი ენუქიძე შევა თუ არა, ლეგიტიმაცია არ მიენიჭება ამით პარლამენტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამ ე.წ. პარლამენტში შესვლა არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარლამენტი დღეს არ არის წარმომადგენლობითი ორგანო და იქ შესვლა ერის წინააღმდეგ წასვლაა.

„ძალიან სამარცხვინო ფაქტია, ყველა პრინციპის წინააღმდეგ წასვლაა ამ ე.წ პარლამენტში შესვლა, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და არ არის წარმომადგენლობითი ორგანო. ეს არის ივანიშვილის მსახურებით დაკომპლექტებული საჯარო ინსტიტუტი. დღეს ამ ტიპის ინსტიტუტში შესვლა არის ყოველგვარი პრინციპის და ჩვენი ერის წინააღმდეგ წასვლა. ამიტომ ეს არის ცალსახად სამწუხარო და უპრინციპო ქცევა. საბედნიეროდ, ოპოზიცია არის ერთიანი, ძალიან მყარი და ურყევი. ჩვენ ერთიანი ხმით ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის ბუტაფორიას, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკურ ნებას ემსახურება და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები, და არა მხოლოდ, გადასაბირებლად, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთანაც იყვნენ ოჯახში.

„ჯერ კიდევ სამი კვირის წინ იყო ეს შემთხვევა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, მისი განცხადებით, საუბარია გარიგების შეთავაზებაზე.

„სხვებთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია. გარიგებაზე არის საუბარი. ქრთამის და ფულის შემოთავაზებაზე მეტი დანაშაული რა არის. არ ვაკონკრეტებ ჯერჯერობით, ვგულისხმობ ყველანაირ გარიგებას. ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავთანდილ ენუქიძე ჩვენი პარტიის შემომწირველია, თავისუფალია ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მათი პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში.

ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში.

„მკაფიოდ მინდა, განვცახადო, რომ მე – ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში.

სხვათა შორის, მე ვიყავი ერთ-ერთ პირველი, ვინც თქვა, რომ არ შევა პარლამენტში. ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ ამ სიტყვას.

მოგეხსენებათ, ყველა პარლამენტში არის ბიზნესშემადგენელი – ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი, არის ჩვენი პარტიის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს და შესაბამისად, ის თავისუფალია მის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს.

სხვა საკითხი არის საინტერესო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ მედიასაშუალებები გვაბრალებდნენ, თითქოსდა რვა მილიონი დოლარის მიღებას რუსეთიდან. დღეს ხომ ჩანს, რომ ეს რვა მილიონი დოლარი არ არსებობს? ჩვენს პარტიას ჰქონდა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკრეტული ქართველი ბიზნესმენებისგან. მაგრამ დღეს ვერ ვისმენ ბოდიშს ან ტყუილის უარყოფას.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – ჩვენი პარტია მიჰყვება გეზს, ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე, პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში. მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულებაა, ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წყარო: პირველი არხი

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია