მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ - გიორგი გახარია - 08 იანვარი 2021

ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული.

დღეს მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

200-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებიან.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპენსაციას მიიღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ორ ან მეტ თვეს იღებდა ხელფასს; ან სამსახური დაკარგა დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ პირებს, რომლებსაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში არ უფიქსირდებათ სახელფასო განაცემი – საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს.

დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად დამქირავებელმა, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 20 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადებას. განცხადება ივსება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დამქირავებლის გვერდიდან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცემა პირველი იანვრიდან, თვეში 200 ლარი, ექვსი თვის განმავლობაში. კომპენსაციის მიღება შეუწყდება იმ პირს, რომელსაც 2021 წლის მარტის ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდება 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა. კომპენსაციის მიმღებ პირებს კუთვნილ 200 ლარი განცხადებაში მითითებული ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.

განცხადებაში წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს.

ამასთანავე, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღებთა რეესტრის გამოყენებით თავად გადაამოწმონ წარდგენილია თუ არა დამსაქმებლის მიერ დაქირავებით დასაქმებულთა მონაცემები კომპენსაციის გაცემის მიზნით. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამქირავებლებმა განაცხადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 20 იანვრამდე უნდა ატვირთონ, თვის ბოლოს კი, კომპენსაციების გაცემა დაიწყება.

წყარო: პირველი არხი
პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია