მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში, ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე - ეკატერინე ტიკარაძე - 27 იანვარი 2021

ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იქ დასაქმებულ პერსონალზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ, უკვე დაიწყება ვაქცინაცია.

მინისტრის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში იქნება.

„როგორც იცით, ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გეგმა პირველი ეხება სამედიცინო პერსონალს. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას.

როგორც იცით, ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში, უფრო ზუსტად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ მოსახლეობაში ფართო ვაქცინაცია.

საუბარი არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე. მე მუდმივად ვაზუსტებ ასევე აბსოლუტურ რიცხვს, რომელიც არის 1 600 000-დან 1 700 000-მდე მოზრდილი მოსახლეობის. 20 პროცენტი იქნება „კოვაქს პლატფორმიდან“ დაკმაყოფილებული, დანარჩენ რაოდენობას ჩვენ უკვე მივიღებთ სხვა მწარმოებლისგან. „კოვაქს პლატფორმიდან“ პასუხს ველოდებით თვის ბოლოს, 30 იანვარს გვექნება დამატებითი ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულების და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმ გვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირებისას.

„ნებისმიერი ვაქცინა, წამალი, სამკურნალო აღჭურვილობა და სახარჯი მასალა, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, არსებული კანონის მიხედვით, მასში გაწერილია პასუხისმგებლობები. რა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა არის იმპორტიორის და რა სამედიცინო დაწესებულების. მაგალითად, იმპორტიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანისას დარღვეული იყო რაიმე რეჟიმი. ამის გაკონტროლება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, ამ შემთხვევაში ტემპერატურული ჩამწერით. მიღება- ჩაბარების დროს ხდება შემოწმება და თუ ერთ მომენტში მაინც აცდენილი იყო ტემპერატურულ ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა, უბრუნდება და დანახარჯებს აკომპენსირებს.

სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ამაზეც არ მინდა, ჩემი კოლეგები დაიძაბონ იმიტომ, რომ არაფერი სიახლე ამ მხრივ არ ხდება. მაგალითად, თუ ესა თუ ის პროცედურა, ვაქცინაცია ჩატარდა ინსტრუქციების დარღვევით, მაგალითად, არ იყო დაცული ტემპერატურული რეჟიმი ან რაიმე სხვა და ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რაიმე გვერდით მოვლენას, ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობაა.

ხოლო თუ ვაქცინის ან სხვა რაიმე წამლის გამოყენების გამო ისეთი გვერდითი მოვლენა განვითარდა, რომელიც ამ ვაქცინაციის ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ ეს არც იმპორტიორის ბრალია და არც სამედიცინო დაწესებულების, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უმკურნალოს, მართოს და დააკომპენსიროს ეს გართულება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მედიასთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვა.

„პირველი, ვაქცინაციის ხარისხია დაწესებული. ამ შემთხვევაში ორმაგი გადაზღვევაა. ყველა ქვეყანა იმ ვაქცინას იყენებს, რომელსაც არეგისტრირებს ამ ქვეყნის შიდა მარეგისტრიტებელი ორგანო. ჩვენს შემთხვევაში ამის ზევით, დამატებით ხარისხის თამასაა დადებული, რომ ეს რეგისტრაცია საკმარისი არ იქნება, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში იყოს დარეგისტრირებული, თუ მას არ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული აკრედიტაცია. გამოყენებული იქნება მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ეს ორმაგი ხარისხის კონტროლის თამასა დაძლეული აქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან 65 წელს ზევით ადამიანები და სამედიცინო პერსონალი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ასაცრელი ადამიანების რაოდენობა პირველ ეტაპზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ვაქცინების რაოდენობა, რაღაც წესი უნდა იყოს შემოღებული. დადასტურებულია, რომ მაღალი რისკი აქვს სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულებს. ამიტომ გაიწერა სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები, პირველ რიგში, 65 წელზე ზემოთ. მერე გაწერილია დაღმავალი ასაკობრივი ჯგუფები, ვისაც აქვს მაგალითად, დიალიზის საჭიროება, თანმდევი იმუნოდეფიციტი და ა.შ. ეს პროტოკოლიც საერთაშორისოა. ამ გეგმის გააქტიურება, ანუ სტარტის ღილაკზე თითის დაჭერა მას შემდეგ მოხდება, რაც ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შემოვა. ველოდებით, რომ ეს თებერვლის მეორე ნახევარი იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია