მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გვერდში დავუდგებით - ირაკლი ღარიბაშვილი - 11 ოქტომბერი 2021

მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რათა მაქსიმალურად მიიღონ საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები. დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები. ამას გარდა, მიიღებენ ფულად კომპენსაციებსაც, რათა შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში.

ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა, ამას ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. გომელაური ბათუმში დღეს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

მინისტრმა ჟურნალისტებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი პირია დაკავებული, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა.

ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური ღამე იყო, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენც იქ ბრძანდებოდით და ყველა ერთად ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს. ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვის. სხვა პირის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. სამი პირი არის პასუხისგებაში მიცემული, ვინ იყო ჩართულ, ვინ არა ამაზე მე ვერ ვისაუბრებ.

იცით, რომ მიდის გამოძიება, გამოძიებას კურირებს კერძოდ გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. ვინ რა გააკეთა, ვინ რა ჩვენება მისცა მე ვერ ვისაუბრებ, თავის მტკიცებულებებით რაც წარუდგინეს სასამართლოს, სასამართლომ შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ჯერ არავის პასუხისმგებლობა დამატებით არ გამოკვეთილა, კანონიდან გამომდინარე რომ გამოკვეთილიყო სხვასაც მისცემდნენ პასუხისგებაში. გამოძიება გრძელდება, დაემატება, თუ გამოაკლდება ვინმე ამას ახლა მე წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს- კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია