მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პირობებში შეეწყობიან ერთმანეთს შესანიშნავად კობახიძე და სააკაშვილი? - 05 იანვარი 2022

შიმშილობით ხელისუფლებაში ვერ მოხვალ, მაშინ ყველა ქვეყანაში წამყვანი მეთოდი გახდებოდა“

ქართული პოლიტიკური სპექტრი რადიკალური დაპირისპირების ჭაობს თავს ვერაფრით აღწევს. პროცესს ამომრჩეველი საზოგადოების გახლეჩაც ასაზრდოებს. სადამდე მიგვიყვანს ეს გზა, რამდენად არის პრობლემური სიტუაციიდან თავის დაღწევისა და შერიგების რესურსები, ამ თემაზე ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო რამაზ, უპირველესად როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევდითსამკვდრო-სასიცოცხლოდდაპირისპირებულ პოლიტიკოსებს?

- დაძაბულობის შემქმნელები თვითონ პოლიტიკოსები არიან, რჩევა იმას უნდა, ვინც მისი მოხსნით დაინტერესებულია. მეეჭვება, დაინტერესებული იყვნენ. მათთვის დაძაბულობა მომგებიანია, განსაკუთრებით დღევანდელი ოპოზიციისთვის. ხელისუფლებას რაც შეეძლო დაძაბულობისგან მიეღო (არჩევნებში შედეგი), უკვე მიიღო. ვხედავთ, ოპოზიცია დაძაბულობის გახანგრძლივებას ცდილობს. ეტყობა, არჩევნების გარდა კიდევ სხვა მოტივები აქვთ, რაც თემურ ალასანიას ინტერვიუში გამოჩნდა კიდეც. მან ღია უკმაყოფილება გამოთქვა ოპოზიციური პარტიის მიმართ. ბუნებრივის, მხოლოდ მისი უკმაყოფილება არ ყოფილა; როგორც ჩანს ასეთი განწყობილება ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის არსებობს, უპირველესად, მიშა სააკაშვილს ვგულისხმობ.

ამდენად, დაძაბულობის გახანგრძლივება-გაძლიერება, ოპოზიციის მუშაობას და ბრძოლას გამოავლენს. ალასანიას სიტყვებით რომ აღვწეროთ, ამისთვის უკვე ყველაფერს აკეთებენ, - გააკეთა ოპოზიციამ ყველაფერი, რაც შეუძლებელი იყო ისიცო? აი, აკეთებენ. შეუძლებელია ამ სიცივეში ღამისთევა და შიმშილობა, მაინც უარს არ ამბობენ; რათა ანახონ თავიანთ ლიდერებს, რომ იბრძვიან. დაძაბულობის შექმნა ბრძოლის საშუალება, ხერხია.

დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას - ვის უნდა ვურჩიო, ვინც აღნიშნულ დაძაბულობის შექმნაში დაინტერესებულია? ჩვენი რჩევა მას არ სჭირდება, მაინც საწინააღმდეგოს გააკეთებს.

- მთელი ეს მზარდი ურთიერთდაპირისპირება ფსიქოლოგიურ ჭრილში როგორ გამოიყურება?

- ვისთვის როგორ გამოიყურება? რიტორიკულად იმიტომ ვკითხულობ, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვისაც დაპირისპირება ძალიანაც მისაღებია. სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისთვის ეს დაპირისპირება სასიამოვნოდ გამოიყურება; და კიდევ, რუსეთისთვის. ევროპელებისთვის და დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფებისთვის ეს რეალობა უსიამოვნოა და ამას არც მალავენ; რადგან როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ასევე რუსეთს (იმედია, სხვადასხვა მიზეზით) საქართველოში არეულობა აწყობს. დანარჩენებისთვის ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მიუღებელია, იმავე ევროპელების ენაზე რომ ვილაპარაკოთ.

- ამ სიტუაციიდან თავის დაღწევისა და შერიგების რა რესურსები არსებობს?

- ერთ-ერთი რესურსია, რა ინიციატივაც სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა, რომ ყველას შეხვდეს და მოელაპარაკოს. არ ვიცი, ეს გზა რამდენად შედეგიანი იქნება. ვიმეორებ, არიან პოლიტიკური ჯგუფები, ვისთვისაც მუდმივი დესტაბილიზაცია მისასალმებელია. ისევ თემურ ალასანიას დავესესხები, - აი, საპროტესტო აქციები, გაფიცვები, მიტინგები რატომ არ ეწყობაო; მშვიდობიანი, ნებადართული აქციებიო. ეს ჩამონათვალი ხომ რეალურად დესტაბილიზაციის აქციებია. მაინცდამაინც უკანონო ნაბიჯები იარაღით მოქმედება ხომ არ არის. ალასანიას ჩამონათვალი დესტაბილიზაციის აღწერაა, მეტი არაფერი. ფაქტობრივად საკითხს ასე აყენებს, ოპოზიციური პარტიები დესტაბილიზაციას რატომ არ ახდენენო. გამოდის ოპოზიციურ პარტიებს აწყობთ ეს პროცესი. ალასანიას სახით ასეთი დამკვეთი ჰყავს განგრძობად დესტაბილიზაციას.

ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად შედეგიანი იქნება სალომე ზურაბიშვილის ბოლო აქცია.

ამავე დროს, არიან სტაბილურობის დამკვეთებიც. იგივე ევროპა, მისი ცალკეული ქვეყნები და მთლიანად ევროკავშირი. მგონია იმ დამკვეთების შეძახილებით, მხრის აწყობით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთიც და მეორეც მხოლოდ საჩვენებელი პროცესია; რადგან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება დაინახო, რომ შიმშილობით ხელისუფლებაში ვერ მოხვალ. მაშინ ყველა ქვეყანაში შიმშილობა წამყვანი მეთოდი გახდებოდა. ასე არ ხდება. ხელისუფლებაში ვერ მოვა, სამაგიეროდ ვიღაცას დაანახვებს როგორ იბრძვის. საჩვენებელი ბრძოლაა ეს შიმშილობა და არა რეალური მიზნის მიღწევისთვის წამოწყებული.

ანალოგიურად, თუ რომელიმე მხარე დესტაბილიზაციაში დაინტერესებულია ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობა (და მის კონცეფციას შეადგენს), მაშინ მშვიდობიანობის დამყარებას აზრი არ აქვს. მარტო ერთ მხარეს ხომ არ დაამყარებ, ყველას უნდა იყოს მშვიდობის მომხრე. როგორ შეიძლება მშვიდობის მომხრე იყოს ის, ვინც თემურ ალასანიას დაკვეთილი დესტაბილიზაციის შესრულებაზე მუშაობს. ასე რომ, სავარაუდოდ პრეზიდენტის ძალისხმევაც საჩვენებელი დატვირთვისაა, უკვე ევროპისთვის საჩვენებელი. დესტაბილიზაციაზე ზრუნვა და სტაბილიზაციაზეც, მგონი მხოლოდ ვიღაცისთვის დასანახად გამიზნულია.

ასეთი პროცესები 70 წელიწადი არაერთხელ გვინახავს, სხვების დასანახად სოციალიზმს თუ კომუნიზმს რომ ვაშენებდით. ასე რომ, საჩვენებელი პოლიტიკური პროცესი კარგად ნაცნობი მოვლენაა.

- დაპირისპირებული სურათის ფონზე, იქნებმტერიარც ისეამტერიდასაშინელება“, როგორც საწინააღმდეგო პოლუსებზე მდგარ პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ?

- მსგავსი რადიკალური პოზიციები დათმო მაგალითისთვისსტრატეგია აღმაშენებელმა“. ქართული ოცნების მიმართ მიუღებლობა მასაც ახასიათებს, ოღონდ ეს რადიკალური ფორმის არ არის. მისმა პოზიციამ რა შედეგი გამოიტანა? ვაშაძის პარტიამ ბოლო არჩევნებისას 2 თუ 3 პროცენტი მიიღო. ეს უკვე რაღაცას გვეუბნება. კერძოდ, საზოგადოებაში არის რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია, მაგალითად ქართული ოცნება. ისევე, როგორც რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილია, რომლისთვისაც სააკაშვილი თავისი ნაციონალური მოძრაობით მიუღებელია. აი ამათ მიუღებლობაზე დგას ჩვენი პოლიტიკოსების რადიკალიზმი. ამომრჩევლების რადიკალიზმი განაპირობებს პოლიტიკოსების რადიკალიზმს. საკმარისია პოლიტიკოსებმა პოზიციები შეარბილონ, ამომრჩეველს კარგავენ.

მაგალითისთვის, ისევ სტრატეგია აღმაშენებელი გიხსენეთ და ოცნების მხარესაც შეიძლება ამ მაგალითის გამოყენება. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნებოდა ყველა დამნაშავე დაისჯება და შეურიგებელი ვიქნები მათ მიმართო, შედეგი იყო მაქსიმალური. ისე, მაშინაც მგონი არჩევნებზე 60% მივიდა. მერე, როცა ნახეს, რომ ასეთი რადიკალურობით არ მოქმედებს ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობის მხარეს არ გადაინაცვლეს რა თქმა უნდა, მაგრამ დიდმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ, ქართულმა ოცნებამ ის ხმები დაკარგა.

ასე რომ, ამომრჩევლების რადიკალიზმი ქმნის პოლიტიკოსების ურთიერთმიუღებლობას. თუ არადა, პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებს კარგავენ.

- ამომრჩევლის ცნობიერების პროგრესი სად უნდა ვეძიოთ?

- მაგ მიმართულებით კანონზომიერება მეტ-ნაკლებად დადგენილია. კერძოდ, ცნობილია, რომ ჯგუფური აზროვნება, როდესაც კონკრეტული პიროვნება პასუხს არ აგებს, მეორე მხრივ ვიღაცას სთხოვს მოქმედებას მთელი ჯგუფის სახელით, ეს ჯგუფური აზროვნება ყოველთვის უფრო რადიკალურია. ასეთმა ჯგუფურმა აზროვნებამ დააძახებინა ებრაელებს, ქრისტე ჯვარზე გააკარითო.

- თეორიულად წარმოვიდგინოთ კობახიძისა და სააკაშვილის სადმე საახალწლო სუფრაზე შეხვედრა ( საიდანაც თავს ადვილად ვერ დააღწევენ), რა რჩევას მისცემდით, როგორ უნდა იმოქმედონ?

- არანაირი რჩევა მათ არ სჭირდებათ. თუკი გარედან არავის თვალი არ შეიჭყიტება, იმის შიში არ ექნებათ, ამბავი გარეთ გამოვაო, შესანიშნავად შეეწყობიან ერთმანეთს. თუ ეცოდინებათ, რომ ამბავი გარეთ გამოვა, მაშინ ისინი რადიკალურები იქნებიან.

თუ გვინდა, პოლიტიკოსები რადიკალურები არ იყვნენ, უპირველესად, ასეთები ჩვენ არ უნდა ვიყოთ.

- რასაც საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის დღევანდელ რეალურ მდგომარეობამდე მივყავართ?

- არამარტო და თქვენი ნებართვით ერთ მაგალითსაც მოვიყვან. თავის დროზე რადიკალურები ვიყავით აფხაზების მიმართ. აფსუებს ვუძახდით და ოსებს, - წავიდნენ თავის სახლში, ძალიან დიდი ხანი სტუმრად იმყოფებიანო. აფხაზებს ვეუბნებოდით, აქ კი დარჩით, რადგან თქვენი სამშობლო არ გაქვთ, მაგრამ როგორც სტუმრები ისე მოიქეცითო. შედეგი გვახსოვს. მას მერე, რაც ეს ტერიტორიები დავკარგეთ, აფხაზებს აფსუებს აღარ ვუძახით, აღარც ოსებს ვეუბნებით ჩრდილოეთ ოსეთია თქვენი სამშობლოო. ანუ, ის რადიკალიზმი რაც მაშინ გვქონდა, მისი რეალური შედეგი ცხვირში მწარედ რომ მოგხვდა, მერე გავჩერდით.

აქაც დღევანდელი მდგომარეობა არაფერ შუაშია იმ მხრივ, არიქა, კარგად ვართ თუ ცუდად ვართ. უბრალოდ არ ვიცით რა მოჰყვება იმ რადიკალიზმს, რაც უკვე დღეს გვჭირს. რა მოხდება მაგ უკიდურესი დაპირისპირების შედეგად.

გერმანიას რადიკალური ნაციზმი რომ ჰქონდა, ცხადად ნახეს რაც მოხდა, ქვა-ქვაზე აღარ იდო 45 წლისთვის ამხელა ქვეყანაში; დანგრეულ-გაპარტახებული იყო მთელი გერმანია. მეტ-ნაკლებად ისწავლეს ჭკუა. ჰოდა, რადიკალიზმი დასაძახებლად სასიამოვნოა და ყველა ასე იწყებს. გავიხსენოთ, პირველი მსოფლიო ომის დროს უხაროდათ დაწყება, იქ ზეიმით მიდიოდნენ. ის ომი როგორ დასრულდა, სხვაგან განსახილველია.

ასეთი რამ ადამიანის ფსიქიკაში დევს - რადიკალიზმი დაუფიქრებლად უხარია, რადგან დაფიქრება-ანალიზი მას არ სჩვევია და როცა შედეგს მიიღებს, მერე ეს რადიკალიზმი ქრება ხოლმე.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია