მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ უნდა შევურიგდეთ ჩვენს თანამოქალაქე აფხაზებსა და ოსებს? - 09 იანვარი 2022

ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა ყველაზე უნიკალური და წარმატებულია, რაც კი ჩვენ განგვიხორციელებია“

ამ საახალწლოდ ერთ-ერთი მთავარი სურვილი რა შეიძლება იყოს თუ არა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგება და ერთიან, განუყოფელ სახელმწიფოში ცხოვრება. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაცია გრძელდება, რაც ჩვენს თანამოქალაქეებთან სულ უფრო გვაშორებს. ამ ფონზე, იმედის ნაპერწკალი ბჟუტავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, კეთილი ნების ადამიანებს შორის ურთიერთობა-დიალოგში, რამაც ადრე თუ გვიან სასურველი შედეგები უნდა მოგვიტანოს.

ამ თემაზე მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარს, ელიკო ბენდელიანს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ელიკო, სამშვიდობო პოლიტიკის რა ეტაპზე ვიმყოფებით აფხაზეთთან დასამხრეთ ოსეთთანმიმართებაში?

- სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგის ოფიციალური ფორმატი არ არსებობს. ჟენევა მაინც ქართულ-რუსული მოლაპარაკების სივრცეა. რაღაც დონეზე მაინც ხერხდება სამოქალაქო დიალოგების წარმართვა. ძირითადი პრობლემა საზოგადოებებს შორის გაუცხოება, პირდაპირი კომუნიკაციების არარსებობაა. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვშორდებით საზოგადოების დონეზეც, ამ ყველაფერს პოლიტიკის კომპონენტი საერთოდ რომ მოვაშოროთ. ადამიანური ურთიერთობებიც ძალიან გაჭირდა, ყველაფერზე აისახება. დღეს ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან დავილაპარაკოთ და გავიგოთ რა გვაწუხებს, რა პრობლემები გვაქვს, რა გვსურს და .. მსგავსი პლატფორმები უბრალოდ არ არსებობს.

- მოჰყვება თუ არა რეალური შედეგები ჟენევის ფორმატს და სამოქალაქო ორგანიზაციების ეპიზოდურ შეხვედრებს?

- ვხედავთ, რომ გარღვევა ვერ მოხერხდა. ერთი მხრივ ჟენევას მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა აქვს, სადაც ყველ აქტორი ერთადაა და პოლიტიკური საკითხების განსახილველად უნიკალური შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, უკვე მერამდენე რაუნდია, კონკრეტული შედეგები ვერ დაიდო. ფორმატის არსებობა აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად იყოს სხვა რესურსებიც.

რასაკვირველია, სამოქალაქო ფორმატებსაც დიდი ცვლილებები ვერ მოაქვს, თუკი რაღაც დოზის ფორმალური დიალოგი არ მოჰყვება. მინიმალურ შედეგს სამოქალაქო დიალოგი იძლევა, ხშირ შემთხვევაში არც ჩანს; ადამიანებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებით, კონკრეტული ლოკალური ინიციატივების განხორციელებით შემოიფარგლება. მსგავსი პატარა ფორმატებიც რომ არ არსებობდეს, ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი იქნებოდა; ის პატარა ძაფები არ იარსებებდა, რაც დღეს გაგვაჩნია.

უნდა აღინიშნოს, რომ აქაც განსხვავებული ვითარებაა, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ვსაუბრობთ. სამხრეთ ოსეთში თითქმის არ დარჩა სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ წლების წინ თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს და ძნელია მსგავსი შეხვედრების უზრუნველყოფა. ძირითადად ინდივიდებზე გადის შეხების წერტილები და თანამშრომლობა. აფხაზეთში ჯერ კიდევ არიან გარკვეული ორგანიზაციები და თანამშრომლობა შესაძლებელია. შესაძლებლობების ეს ფანჯარაც აშკარად იხურება; მსგავსი სამოქალაქო დიალოგის ჩატარება სულ უფრო რთულდება. პირადად განცდა და შიში მაქვს, რომ ერთ დღეს ამის გაკეთებაც ვეღარ მოხერხდება და ეს გზებიც ჩაიკეტება.

- საფრთხე რასთან არის დაკავშირებული?

- უფრო შიდა პროცესებთან, მათ შორის რუსეთის მზარდ გავლენებთან დაკავშირებულია. სამოქალაქო ორგანიზაციები, ჩართული პირები მუდმივად გრძნობენ ამ საშიშროებას. იქ როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ელიტის დონეზე მიღებული არ არის, რომ ნებისმიერ საკითხზე ქართულ მხარეს ესაუბრო. ხშირ შემთხვევაში ამას მოღალატეობად აღიქვამენ. ეს ყველაფერი ჩაკეტილ სისტემაზე მიანიშნებს. იგივე შეხვედრებზე მიღწეულ შედეგებზე ხმამაღლა ვერასდროს ლაპარაკობდნენ.

თუ ეს ვითარება არ გამოსწორდება, გაუცხოების მთავარი პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. წლების მანძილზე, თუნდაც მინიმალურ დონეზე შენარჩუნებული კავშირებიც გაწყდება.

- საზოგადოებებს შორის დიალოგის აუცილებლობა ახსენეთ, ამისთვის მეორე მხრიდან რესურსი და მზაობა რამდენად რჩება?

- გარკვეული მზაობა მეორე მხრიდანაც არის. გააჩნია ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სწორი თემა შევარჩიოთ, სწორი ფასილიტაციის პროცესი წარვმართოთ. ამ გზის გამოყენება აუცილებელიც არის. პოლიტიკური საკითხები ცალკე ამბავია; ვიცით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებრივი მზაობა უმნიშვნელოვანესია. ეს რომ მომწიფდეს, საჭიროა დიალოგებისა და გაზიარების ფორმატები იყოს. რთული და ზოგჯერ მტკივნეული პროცესია ორივე მხარისთვის, მაგრამ აუცილებელი. რაც უფრო მცირდება ეს ფორმატები, საზოგადოებაში საუბრის მოთხოვნილება და სურვილი იზრდება, რაც პროცესის მიმართ შედარებით იმედიანად განმაწყობს.

- ქართული მხრიდან თუ ხდება საკითხების სწორად შერჩევა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში?

- ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ინიციატივები არსებობს, საკმარისია თუ არა, მეორე საკითხია. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება ხელს უშლის პრაქტიკული, ჰუმანიტარული სახის ინიციატივების განხორციელებას. სად გადის ზღვარი წითელ ხაზებსა და შერიგების პოლიტიკის, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობას შორის, ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. ამ გზაზე ხელისუფლებას და ალბათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც სჭირდებათ, რომ ჩვენ როგორც საზოგადოებას ერთიანი პოზიცია გვქონდეს აღნიშნული თემის მიმართ. ეს ყველაფერი ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან მხარდაჭერილი უნდა იყოს.

დღეს როგორც ერთიანი გადაწყვეტილებაა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კონფლიქტებთან მიმართებაში ასე ერთიანი ხედვა ჩამოყალიბებული არ გვაქვს. ხშირად როგორც ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციას საზოგადოების რეაქციის ეშინია. ეს იმ დროს, როცა დრო ძალიან ლიმიტირებული გვაქვს. ვითარება მუდმივად ცვალებადია, სამწუხროდ ჩვენ სასარგებლოდ არ იცვლება. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ფანჯარა და შანსი გამოვიყენოთ, აქ საზოგადოების ფართო ჩართულობა, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თავი რომ დავანებოთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რაც გვაკლია ეს არის შიდა დიალოგი, დისკუსია ერთმანეთთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიმართულება და სტრატეგია; რა კონსენსუსი გვაქვს, პროცესი როგორ უნდა გავაგრძელოთ. ამის ნაკლებობას აშკარად ვგრძნობ.

- როგორი უნდა იყოს ეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია?

- ფართო მსჯელობის საკითხია. მნიშვნელოვანია გვქონდეს არა ერთმიმართულებიანი, არამედ რამდენიმე მიმართულებიანი მიდგომა. ჩვენი კონფლიქტები ერთგვაროვანი არ არის, სხვადასხვა განზომილება აქვთ. მათზე განსხვავებული მუშაობა უნდა შედგეს. ერთი ესაა ქართულ-რუსული განზომილება და აქ მუშაობა საჭიროა. ამას გარდა, შიდა განზომილებაა, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, რისი დანახვაც აუცილებელია. თუ გვინდა მეორე მხარეს მდგარ ადამიანებთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ, აუცილებელია მისასვლელი გზების ძიება დავიწყოთ; შევეცადოთ ჩვენი შერიგების პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული, გრძელვადიანი, რაღაცებით გამყარებული, რომ ზუსტად ვიცოდეთ საით მივდივართ. ამიტომ შიდა საზოგადოებრივი დიალოგი გადამწყვეტია.

- ამ გზაზე რამდენად მოაქვს შედეგი ხელისუფლების ჰუმანიტარულ პროექტებს, მათ შორის სამედიცინო და განათლების სფეროში?

- განათლების სფეროში უფრო ნაკლები შედეგებია. პერსპექტივა არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მუშაობს და ეფექტებზეც ვერ ვისაუბრებთ. ჯანდაცვაზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც დღემდე განხორციელებულა. ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ჰუმანიტარული ნაბიჯია, რომ იზრუნოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის მეორე მხარეს ცხოვრობენ. ასევე, ჩვენი ვალდებულებაა.

მეორე მხრივ, გაუცხოების შემცირებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა. იმისთვის, რომ ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდეს. ეს არის ერთადერთი პროგრამა, რის მეშვეობითაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან ადამიანები, ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. ხშირ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ბრუნდებიან. ამიტომ ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა ყველაზე უნიკალური და წარმატებულია, რაც კი ჩვენ განგვიხორციელებია.

- ცალკეული სამოქალაქო აქტივისტების, იგივე ბლოგერების (ბოლო დროს სოხუმელი ბუავა აქტიურობს) აქტივობას თუ მოჰყვება შედეგები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

- მოკლევადიან შედეგებზე საუბარი ცოტა რთულია. როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ, ზოგჯერ მეშინია მათ უსაფრთხოებას რამე საშიშროება არ დაემუქროს; საჯარო აქტივობა მათთვის რისკის შემცველი არ იყოს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცეს. ასევე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვისაც. შეიძლება დღეს და ხვალ შედეგი არ მოგვცეს, მაგრამ ასეთი თამამი ნაბიჯი სხვებისთვის მაგალითიც გახდეს. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩვენ საზოგადოებაში ყველანაირი ხმები ისმოდეს. იმ საზოგადოების გვესმოდეს, რომელიც მეორე მხარეს დგას.

მეორე მხარემაც უნდა დაინახოს, რომ ამგვარად პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და მათ შეუძლიათ საკუთარი აზრი თამამად გამოხატონ. ამ დროს მთავარი თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობაა და დანარჩენი უკვე შემდეგში. ამ გზაზე ნებისმიერი ინდივიდუალური აქტივობა უმნიშვნელოვანესია.

სამწუხაროდ, ყველა მხარეს აღნიშნული თემები ნაკლებად აინტერესებთ, წინა პლანზე უფრო სხვა საკითხებია. ამიტომ მიხარია, როცა ვხედავ ახალ სახეებს, ვინც ურთიერთობის ნორმალიზებით დაინტერესებულია.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია