მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ ყაზახეთის მოვლენებიდან - 13 იანვარი 2022

რასაც მინდა გავაკეთებ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას მეუბნებითო - ასეთი ხელისუფლებები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ ხოლმე“

ყაზახეთში თხევადი გაზის გაძვირებით გამოწვეული ბუნტი სისხლისღვრით გაგრძელდა. წლობით დაგროვილმა უსამართლობამ ერთიანად ამოხეთქა და ცენტრალური აზიის უზარმაზარ ქვეყანას სასტიკად გადაუარა. რა დასკვნები უნდა გამოიტანოს აღნიშნულიდან საქართველოს ხელისუფლებამ და იკვეთება თუ არა გარკვეული პარალელები, ამ თემაზე ექსპერტ დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო დავით, რა პროცესებს აქვს ადგილი ყაზახეთში და ქართულმა მხარემ, უპირველესად ხელისუფლებამ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს?

- ყველაფერი სტიქიურად დაიწყო, არ ყოფილა ვერაგული ჩანაფიქრი, მოდი ხალხს გადავრევ და მერე აქედან ხეირს ვნახავო. ყაზახეთში ძალიან დიდი ხანია ერთი ადამიანის შეუზღუდავი მმართველობაა, დედაქალაქსაც კი ნურსულთანი ჰქვია. ბოლო წლებია ფორმალურად პრეზიდენტი არ იყო, რეალურად პირველ პირს წარმოადგენდა. როგორც იტყვიან, ხალხს ამოასხა. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ერთი ადამიანი მიზანმიმართულად თრგუნავს სამოქალაქო უფლებებს, ყოველთვის აფეთქება ხდება. კონკრეტული მიზეზი გაზზე ფასის მატება გახდა, შეიძლება ნებისმიერი სხვა რამ ყოფილიყო.

შემდეგ უფრო რთული პროცესები განვითარდა, ყველა შეეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს; მათ შორის, მოსკოვი და სხვა გარე ძალები არიან. იქაურმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა და რუსეთმა სამხედრო ძალები შეიყვანა, „ოდაკებესეგიდით.

ქართულმა მხარემ ერთადერთი ის დასკვნები უნდა გამოიტანოს, რომ ამ დონეზე უკმაყოფილება არ უნდა მოამწიფო. მაგრამ ამას ჩვენი ხელისუფლება ისედაც ახერხებს. ჩვენი ავტორიტარული რეჟიმი ისეთი სასტიკი არ არის, როგორც ცენტრალური აზიისა. ანუ, გარკვეულ მომენტებში ორთქლებს უშვებს ხოლმე და ამიტომ ჩვენში ასეთი პროტესტი ნაკლებად მოსალოდნელია.

დასკვნები ოპოზიციამ უფრო უნდა გამოვიტანოთ, რადგან ხელისუფლებისთვის ძალაუფლებაში ჩაბღაუჭება ჩვეულებრივი ამბავია. თუ მთავრობას ძალიან გაუჭირდა და საქმე ასეთ მძიმე დაპირისპირებამდე მივიდა, არც იმას გამოვრიცხავ ისევე ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას, როგორც ეს ტოკაევმა გააკეთა.

- ჩვენში ხელისუფლება რა ნაბიჯებით ამწიფებს უკმაყოფილებას?

- ეს სხვადასხვანაირად ხდება. მაგალითად, წინა ხელისუფლება უფრო მარტივად ახერხებდა, რადგან არასდროს არანაირ დათმობებზე არ მიდიოდა, ტაქტიკური მოსაზრებითაც კი. როდესაც ხალხში პროტესტია და ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, დროთა განმავლობაში გროვდება. მაგალითად, 20 ივნისის პროტესტს რეაქცია ცოტა მოგვიანებით მოყვა. ჯერ კობახიძე გადააყენეს, მერე პროპორციული დანიშნეს... შემდეგ ეს პროპორციული უკან წაიღეს და მისთვის ბრძოლა გახდა საჭირო. მაგრამ ასეთი ბარტყების გადმოდგება იცის ხოლმე ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, მაგრამ ეს პროტესტი რაღაცნაირად ხომ უნდა  შეანელოს. და როდესაც ხელისუფლება ამასაც კი არ ცდილობს...

ბოლო დროს საქართველოს მთავრობაში ასეთი ტენდენციაა - რასაც მინდა გავაკეთებ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას მეუბნებითო. ასეთი ხელისუფლებები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ ხოლმე. იგივე ყაზახეთში მმართველმა რუსეთის არმიის დახმარებით შეიძლება დროებით ხელისუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ შემდგომ ბედზე ძალიან ცუდად აისახება; ხალხი ოკუპაციას არასოდეს დაგივიწყებს, უცხო ჯარის მოწვევას შიდა პრობლემების გადასაწყვეტად. საბოლოო ჯამი, კიდევ უფრო ცუდად დაამთავრებს, უბრალოდ პროცესი დროში გაწელილი იქნება.

- ჩვენში არსებული სოციალური მდგომარეობა ამგვარი პროტესტის საფუძვლებს რამდენად ქმნის?

- ყოფა პროტესტის საფუძველს ყოველთვის ქმნის, მასაც გააჩნია. სოციალური ვითარების გამო ასეთი მასობრივი გამოსვლები არ იწყება. იწყება, როცა ბევრი ასეთი პროტესტი დაგროვილია. რა თქმა უნდა, სოციალური ერთ-ერთი ფაქტორია - სიღარიბე, გაჭირვება, ფული რომ არ გაქვს, ეს გიგროვდება და ვერანაირ გამოსავალს ვერ პოულობ. მერე შეიძლება სულ სხვა რამეზე ამოხეთქოს დაგროვილმა უკმაყოფილებამ. ამიტომ მთელი კომპლექსია - სოციალური მდგომარეობა, სამოქალაქო უფლებები, უსამართლობა...

საბოლოო ჯამში, უმთავრესი მაინც უსამართლობის ფაქტორია.  როგორც წესი, გაჭირვებასაც ადამიანები აღიქვამენ როგორც უსამართლობას; რომ ეს არ ეკუთვნის და სხვისი ბრალია ეს ყველაფერი; სწორედ ხელისუფლების ბრალია, რომ ისინი ცუდად არიან. ამგვარ აღქმას ბუნებრივია რეაქცია მოჰყვება.

- არაფორმალურ მმართველობებს შორის პარალელის გავლება რამდენად არის შესაძლებელი ჩვენსა და ყაზახეთს შორის?

- იქაური პროცესი უფრო სხვანაირია. ჯერ ერთი, ის კაცი ძალიან დიდხანს პრეზიდენტი იყო. ის კი არა, რეფერენდუმით ვადა სიცოცხლის ბოლომდე გაიხანგრძლივა. მერე მანევრი გააკეთა, ვითომ პრეზიდენტი აღარ იყო, სამაგიეროდ უშიშროების საბჭოს და პარტიის ხელმძღვანელად დარჩა. ანუ, მთლად არ წასულა. ყაზახეთში მაინც სხვა პოლიტიკური კულტურაა და დემოკრატიის სერიოზული მცდელობა არც ყოფილა, როცა სსრკ-დან მოყოლებული სულ ერთი კაცის მმართველობაა.

საერთოდ მგონია, რომ ჩვენთან ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ანომალიაა, ვიდრე ნორმა. ეს უფრო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მანკიერი ეფექტია. რაღაც წამალი რომ გაწყდეს და სხვა დაავადება განგივითარდება, ეს მგონია. იმ პერიოდის შედეგია და თავისთავად არაბუნებრივი ამბავია.

- ეს არაბუნებრიობა სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?

- სანამ მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს მანკიერი ეფექტი წარმოიქმნა. ანუ, სანამ ადამიანებში რეალური განცდა არსებობს, რომ შეიძლება აღდგეს ის, რაც მანამდე იყო, ანუ სააკაშვილის მმართველობა. იქამდე ბიძინა ივანიშვილის გაშვება რთული იქნება. თუ ეს განცდა, შიში არ იქნა ნაცმოძრაობის მმართველობის აღდგენისა, ძალიან მალე და მარტივად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. მათ შორის შეიძლება ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ამ შემთხვევაში კონკრეტულ პერსონებს არ ვგულისხმობ. აქ ლაპარაკია კონკრეტულად სააკაშვილზე და იმ ტიპის მმართველობაზე, რომელიც შვა ფენომენი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია; როდესაც პრაქტიკულად განადგურდა მთელი ოპოზიციური სპექტრი. სხვათა შორის, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა. ერთ მილიარდერთან (რაღაც გაგებით ლეგენდარულ ადამიანთან) გადავიდა მაშინ მთელი სახალხო იმედები. დღესაც ივანიშვილი ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილში ისევ შიშია იმ ხელისუფლების აღდგენისადმი. როდესაც ეს შიში აღარ იარსებებს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენთან მარტივად დამთავრდება. ახლა რაც გვაქვს დიდი ანგარიშით არ ვიმსახურებთ. ანუ საშუალო ქართული კულტურულ-ისტორიული თუ ყველანაირი ფაქტორების გათვალისწინებით ანომალიაა, მეტი არაფერი.

- ამ ფონზე, . შერიგების პოლიტიკას რა პერსპექტივა აქვს, რაზეც ბოლო დროს ბევრი საუბრებია?

- ვფიქრობ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან ისევ იმ ხელისუფლებამდე მივდივართ. პერსონებზე არ ვსაუბრობ, რადგან იმ ხელისუფლებაშიც განსხვავებული კატეგორიაა. მაგრამ სააკაშვილის და მისი მომხრეების პოლიტიკური ფილოსოფია არის პოლარიზაცია. მათი მთავარი განაცხადია, რომ ისინი პროგრესს წარმოადგენენ, მის ექსკლუზივთან აიგივებენ საკუთარ თავს. ვინც მათ უპირისპირდება, რუსეთის აგენტები, რეგრესულები და ბნელეთის წარმომადგენლები არიან. პროგრესი და რეგრესი, ნათელი და ბნელი, სააკაშვილმა საკითხი ასე დააყენა და თავისი ხელისუფლება პროგრესთან გააიგივა. ვინც წინააღმდეგ მიდიოდა ყველა სიბნელედ გამოაცხადეს. ეს უკვე პოლარიზაციაა და ვის უნდა შეურიგდე - რუსეთის აგენტებს თუ ბნელებს?

ახლანდელი ხელისუფლება კი როგორც გითხარით ამ ფილოსოფიის მანკიერი გამოვლინებაა. დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხის (ვინც ივანიშვილმა მოიყვანა) მიზანი ფულის კეთება და კარგი ცხოვრებაა. საერთოდ არანაირი იდეოლოგია და ხედვები არ აქვთ. ამ ხალხის ერთადერთი შემკვრელი იდეოლოგია ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაა; ანუ იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მათ ფულის კეთების საშუალებას არ მისცემს. ამიტომ არ მესმის, საერთოდ ვინ ვის უნდა შეურიგდეს.

აქ პრობლემას უფრო ზოგად პოლიტიკურ ფილოსოფიაში ვხედავ, როცა ნაცმოძრაობა პრაქტიკულად პროგრესის ექსკლუზივად აცხადებს თავს. ამ დროს ქოცების რეაქცია უფრო საპასუხოა, რომ ისინი კაცის მკვლელები, მანიაკები არიან - რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ, რაც მსგავსი მიდგომიდან გამომდინარეობს. ნაციონალების მომხრეებშიც ასეთი განწყობაა, რომ 2012 წლამდე პროგრესი იყო და იმ წლის ოქტომბერი მათთვის რაღაც აპოკალიფსური თარიღია, როდესაც მაღლიდან ცა ჩამოიქცა. სანამ ასეთი ხედვებიდან არ გამოვალთ, შერიგება უბრალოდ ვერ მოხდება; რამდენი სურვილიც არ უნდა გამოთქვან ცალკეულმა ადამიანებმა.

- დღეს სააკაშვილის ციხეში ყოფნა ქვეყნისთვის პროგრესია თუ რეგრესი?

- რა თქმა უნდა რეგრესია და ცუდია ყველა ვარიანტში. თვითონ სააკაშვილის ჩამოსვლა ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო მისი მხრიდანაც, პოლიტიკური პროცესი მარაზმატულ ვითარებაში გადაიყვანა. კარგა ხანია მთავარი თემა გახდა - როგორ არის, კარგად თუ ცუდად, გაბრაზდა თუ არა, რამდენად ეწყინა, ხან პროგრამას წერს, ხანაც შავ სიას ადგენს...

ქვეყნის არამარტო პოლიტიკურად, საინფორმაციო-პოლიტიკურ ბანაკებად დანაწევრებაც ხდება.  ანუ ორივე ბანაკს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქვს, რომელსაც შეხედულებების ფართოდ გავრცელება შეუძლია. თუ ერთ საინფორმაციო სივრცეში შევალთ, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანაში სრული აპოკალიფსია და ბოლომდე  დაქცეული ვართ. მეორე სივრცეში პირიქით ყველაფერი გადასარევადაა და მარტო ოპოზიცია ხელს გვიშლის კარგ ცხოვრებაში. ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

კარგი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ამ პროცესს აღრმავებს და ამტკიცებს.

- აღნიშნეთ, რომ მასობრივი გამოსვლებისთვის ბევრი პროცესი უნდა დაგროვდეს, 5 ივლისის დარბევების შედეგად დაღუპულ  ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ამ უსამართლობის ერთ-ერთი გამოვლინება ხომ არ არის?

- ერთ-ერთი კი არა, აბსოლუტური უსამართლობის გამოვლინებაა. 5 ივლისი ხელისუფლების დანაშაულია და ამაზე საუბარიც ზედმეტია. ამ დროს სააკაშვილის ხასიათებზე უფრო მეტი ლაპარაკია, ვიდრე 5 ივლისის ფაქტების გამოძიებაზე, სხვა ბევრ პრობლემაზე, ამიტომაც ვარ ამ დღეში...

- სამხარაულის ექსპერტიზის ბოლო დასკვნასაც ვგულისხმობ...

- ნარკოტიკული საშუალების მიღებას წინ რა უსწრებდა, ამაზეც ხომ უნდა იყოს საუბარი. ყველამ ვნახეთ, რომ ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი, ჰქონდა ძლიერი ტკივილები. შეიძლება არც არაფერი მოსვლოდა, რომ არ ეცემათ. მისი დაღუპვა პირდაპირ მის ცემას მოჰყვა. ეს ფაქტია და აგერ იუნესკომაც თქვა, მარტო ჩვენ ხომ არ გვითქვამს. წესით, ნორმალურთან მიახლოებული ხელისუფლება ცოტა უკან მაინც უნდა იხევდეს. ადრე თითქოს ასეც აკეთებდნენ. ახლა ეტყობა გადაწყვიტეს, რახან სააკაშვილი ციხეშია, ხალხს ნაცების ეშინია, საერთოდ არაფერზე რეაგირებას აღარ აპირებენ. პირიქით, 5 ივლისის ამბავში ეს მოძალადე ჯგუფები ხომ წააქეზეს, ახლა არავის დასჯაც არ უნდათ. ასევე, პასუხისმგებლობის აღება დაღუპულ ადამიანზე. თუ ასე გააგრძელეს, ნელ-ნელა დაიწყება უკმაყოფილების დაგროვება. როდესაც ამ უკმაყოფილების, ორთქლის გამოშვების საშუალებას არ აძლევ, მერე თვითონაც თან წაგიყოლიებს.

- ბრძანეთ, რომ ყაზახეთის ბოლო მოვლენებიდან ოპოზიციამ უფრო მეტი დასკვნები უნდა გამოიტანოს, როგორი უნდა იყოს მათი დასკვნები?

- შეიძლება პოპულარულ რამეს არ ვამბობდე, მაგრამ ძირითადად ნაცმოძრაობის ლიდერობით ოპოზიციის ქმედება იმისკენაა მიმართული, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი გააფუჭებინონ. ანუ მთავრობამ რაც შეიძლება მეტი შეცდომა, სისულელე ჩაიდინოს, ამით აგორდეს უკმაყოფილების ტალღა და ამ ტალღაზე თვითონ მოვიდნენ. ეს ძალიან სახიფათო თამაშია. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლებას თუ ძალიან გაუჭირდება, რუსეთს არ მიმართავს დასახმარებლად (როგორც ეს ყაზახეთში გააკეთეს), ამის გარანტიას ნამდვილად ვერავის მივცემ. ბოდიში ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ვირთხას კუთხეში რომ მიამწყვდევ, შეიძლება გარბოდეს, მაგრამ ასევე შეიძლება თავს დაგესხას და გიკბინოს. ამიტომ - რაც უარესი მით უკეთესი - ხელისუფლების წინააღმდეგ ცუდი ტაქტიკაა, რომელიც ქვეყნისთვის სახიფათოა.

რაც მთავარია, ხელისუფლების კვალიფიკაციიდან და პოლიტიკური ინტელექტიდან გამომდინარე ძალიან ხშირად უშვებენ ასეთ შეცდომებს და რთული არაა ეს ჩაადენინო და რამე გააფუჭებინო. ასეთი მიდგომა ძალიან არ მომწონს. მცდელობაა ხელისუფლებას აჯობონ არა პოლიტიკური მეთოდებით, ეტაპობრივად კი არ დაამარცხონ, არამედ დაჩაგრონ, „დააჩმორონ“, მოერიონ, სცემონ პრაქტიკულად. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ისევ ისინი ერევიან და სცემენ, რადგან ამის მეტი საშუალება აქვთ. ოპოზიციამ ეს ტაქტიკა თუ არ შეცვალა, ნორმალურ პროცესებს არ ველი.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია