მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა სარჩელს - 14 იანვარი 2022

თუკი საპილოტე იყო, ერთი წარმომადგენელი მაინც გაეშვათ და ენახა, ადამიანებს რა პირობებში მოუწევდათ ცხოვრება და მუშაობა, დასაქმების სააგენტოს პროგრამისთვის მილიონიანი ბიუჯეტი აქვს“

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა ხარვეზების გარეშე ვერ დაიწყო. გამგზავრებულთა ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე უკან დაბრუნდა და დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა. ისინი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან, მატერიალური და მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ამ თემაზე ერთ-ერთ მოსარჩელე ჯაბა ჩაჩანიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო ჯაბა, ბოლო სასამართლო პროცესი როგორ დასრულდა?

- 21 დეკემბრის სხდომაზე რამდენიმე მონაწილე გამოვცხადდით. იმის გამო გადაიდო, რომ ჩვენი და სხვას ჯგუფებიდანაც დამატებით მოწმეები არის დასაკითხი. ამას პლუს, გერმანული ორგანიზაციამირასწარმომადგენლებიც უნდა გამოიკითხონ, რომლებიც დაზარალებულებს სისტემატურად გვეხმარებიან. „მირაგერმანიაში მიმდინარე ჩვენს სასამართლო პროცესშიც აქტიურად გვერდში გვიდგას. აქაურ სასამართლოზე კი ორგანიზაციის ერთ-ერთი უფროსი წარმომადგენელი, მარგარეტ ბრიგერი იქნება წარმოდგენილი.

- მოწმეების გამოკითხვა აქამდე რატომ ვერ მოხერხდა?

- დაზუსტებით ვერ გეტყვით. მოწმეების ვინაობა მიწოდებული იყო შესაგებელში, როგორც კი სარჩელი შევიდა. ჩვენს ადვოკატს ყველაფერი კარგად ჰქონდა ჩამოყალიბებული; ბოლო სასამართლოზე მოწმედმირასწარმომადგენელიც დაამატა. შემდეგ სხდომაზე აღნიშნული მოწმეების დაკითხვა პირდაპირ ეთერში მოხდება; გერმანიიდან ზუმის საშუალებით, ადგილობრივი მოწმეები სხდომაზე უშუალოდ გამოცხადდებიან.

შემდეგი სხდომა 12 აპრილისთვის დაინიშნა. მოსამართლემ მანამდე დრო საერთოდ არ არის, ბევრი პროცესი მაქვსო. დიდი შუალედი გამოდის, რას ვიზამთ, უნდა დაველოდოთ. დიდი იმედი მაქვს ჩვენი სასამართლოსი, მინდა ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს; რადგან აქ ჩვენი გადაცდომა არაფერში იკვეთება. უბრალოდ, წინასწარ ტრენინგებზეც არავის უთქვამს, რომ გერმანიაში ასეთ პირობებში ცხოვრება და მუშაობა მოგვიწევდა. თორემ 99% წასვლაზე უარს იტყოდა. პირადად ასე მოვიქცეოდი.

- ვინ გიცავთ სასამართლოზე და რა მთავარი მოთხოვნები გაქვთ?

- ჩვენი მთავარი დამხმარე აქაც და გერმანიაშიც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირია. მსურს პირადად ირაკლი პეტრიაშვილს მადლობა გადავუხადო. ასევე, პროფკავშირების ადვოკატ თამილა გაბაიძეს, ვინც ჩვენს უფლებებს იცავს. ყველა მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ ჩვენი უფლებების დამრღვევნი სათანადოდ დაისაჯონ და შემდეგ ეტაპებზე ეს პრობლემები აღმოფხვრილი იყოს. დასაქმების სააგენტოში განაცხადეს, რომ ვითომ ეს პროგრამა საპილოტე იყო, რაც პირველ-მეორე გამგზავრებაზე ხარვეზებს არ გამორიცხავდაო. თუკი საპილოტე იყო, ერთი წარმომადგენელი მაინც გაეშვათ და ენახა, ადამიანებს რა პირობებში მოუწევდათ ცხოვრება და მუშაობა. დასაქმების სააგენტოს პროგრამისთვის მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. არავინ გაუკეთა ორგანიზება და სწორედ ამის გამეორება აღარ გვინდა. პასუხი უნდა აგონ ადამიანებმა, ვინც ჩვენს გამგზავრებას და პირობების შესრულებას თაობდა; ვინც საბუთები შეგვაკრებინა, ტრენინგები ჩაგვიტარა და .. ყველა გაჭირვებული, ნასესხები ფულით წავედით. დღეს 1100 ევრო ჩვენნაირს ჯიბეში არავის უდევს. ამხელა ვალით გავემგზავრეთ.

აქედან წაღებული ფულიც მალე ამოვწურეთ. უმეტესობამ, პირადად მე დამატებით ფული ვისესხე, აქეთ რომ დავბრუნებულიყავი. პლუს, მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალი მომადგა, რადგან აქ ჩამოსული გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი - სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა. თანხა რომ აქ დამეხარჯა (მოგეხსენებათ, ბაზარში ვმუშაობ, ამით ვარჩენ ოჯახს, მშობლებს) გაცილებით უკეთეს პირობებში ვიქნებოდი. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სხვებიც ასევე იყვნენ, ზოგმა სამსახური მიატოვა და წამოვიდა, სამ თვეს ხომ სამსახურიდან ვერავინ განგათავისუფლებს.

ამიტომ პირველი მოთხოვნაა, რა თანხაც სამი თვის განმავლობაში უნდა ჩამოგვეტანა, ანაზღაურებას სახელმწიფოსგან და დასაქმების სააგენტოსგან ვითხოვთ.

- სააგენტოს წარმომადგენლების პასუხისმგებლობა რაში უნდა გამოიხატოს?

- ციხეში ჩასმას არავინ მოითხოვს. მკაცრი გაფრთხილება მაინც მისცენ. მეორე ასეთი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ალბათ სამსახური უნდა დაატოვებინონ. ამით მიხვდნენ მაინც, რა ჩაიდინეს. დღემდე სააგენტოს წარმომადგენლები ამ საქმეზე ხალხს თვალში ნაცარს აყრიან; იძახიან, არაფერიც არ იყო და ვითომ ეს ყველაფერი ჩვენ მოვიგონეთ. 24 ადამიანს ეს ყველაფერი როგორ უნდა მოგვეგონებინა? სხვადასხვა გამგზავრებულ ჯგუფებშიც ანალოგიური პრობლემები გვხვდებოდა. ძალიან ბევრი უკან წამოვიდა, ბევრი თვითონ გამოუშვეს. 

- სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას?

- დიდი იმედი გვაქვს. ასევე, დასაქმების სააგენტომ შეიძლება განაცხადოს, რომ გერმანიაშიც მიმდინარეობს იგივე პროცედურა და აქ საჭირო აღარ არისო. არა, გერმანიაში იგივე სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს; იქ უშუალოდ დამსაქმებელ მამა-შვილ ფერმერებს ვუჩივით, ვინც კუთვნილი ხელფასი დაგვაკლო. შევეჩეხეთ რეალობას, არათუ 9,5 ევრო, საათში 3 ევრო გამოდიოდა, რაც არაფერია. ამას დავამატოთ, დღეში ოთხ საათზე მეტს არ გვამუშავებდა. ამიტომ გერმანულ სასამართლოში თითოეულზე 2 ათასი ევროს კომპენსაციას ვითხოვთ. იქაურ დავაშიც ადგილობრივი ორგანიზაციამირასწარმომადგენლები გვეხმარებიან. ქალბატონ მარგარეტ ბრუგერთან კონტაქტზე ვიმყოფებით.

- გერმანული პროცესი რა ეტაპზეა?

- პირველი სხდომა ნოემბერში გაიმართა, სადაც ვერ შევთანხმდით. აქედან ზუმის საშუალებით კავშირი გვქონდა, სადაც ფერმერმა და მოსამართლემ მიზერული თანხა შემოგვთავაზეს, რომ პროცესი გაჩერებულიყო. საუბარია სამას ევროზე, რომელიც ელემენტარულ ხარჯებსაც არ სწვდება - ადვოკატი, თარჯიმანი და მისთ. შეუთანხმებლობის გამო, შემდეგ სხდომა 21 იანვარს გაიმართება. მჯერა, იქაც ყველაფერი კარგად წარიმართება.

- რამდენადაც ცნობილია, გერმანიიდან თქვენს შემდეგ დაბრუნებული ჯგუფი გამომუშავებული ფულის გადმორიცხვას ელოდებოდა...

- ისინიც ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. მაშინ ეს ათი ადამიანი დარჩა, რადგან ქართულ მხარეს, ჩვენს საკონსულოს იმედით შესცქეროდნენ. 5 აგვისტოს დაბრუნდნენ სამშობლოში და დღემდე 5 თეთრიც არ აქვთ ჩარიცხული, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იმ ფერმერმა რეალურად მოატყუა - ახლა გადასახდელი თანხა არ მაქვს, წადით და მოგვიანებით გადმოგირიცხავთო. რა თქმა უნდა, ანგარიშის ნომრები დაუტოვეს, დღემდე ფული არავის მიუღია.

- ამის გამო თქვენსავით ნაბიჯებს არ დგამენ?

- ალბათ სამართლებრივ ბრძოლაზე ხელი ჩაიქნიეს, ვერაფერს გეტყვით. შევთავაზე, ადვოკატს მოვიძიებდი და ეჩივლათ, უარი თქვეს. ისევ ქართული მხარის აქტივობას ელოდებიან. როგორც ჩანს, მცირე იმედს მაინც ებღაუჭებიან. არ მესმის ეს როგორ ხდება, 5 აგვისტოს მერე ამდენი დრო გავიდა. მინდა ჩაერიცხოთ, მაგრამ საეჭვოა ეს ყველაფერი.

- თქვენი დაკვირვებით, დასაქმების პროგრამაში რამე თუ გაუმჯობესდა, როგორ გაგრძელდა მთელი ეს პროცესი?

- რამდენადაც მესმის, ამ ეტაპზე პროგრამა შეჩერებულია, რადგან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ლეგალურად დასაქმების პროგრამის გაუქმებას ნამდვილად არ ვითხოვ. უბრალოდ, კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, ადამიანების აქედან წასვლა ქაოსურად არ უნდა ხდებოდეს. ამაზე დასაქმების სააგენტომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს და მარტო თავის მართლებით არ იყოს დაკავებული. დეტალურად, ამომწურავად შეამოწმონ იქ წასულთა პირობები.

- თქვენს შემდეგ წასულებში ცოტა მაინც არ გაუმჯობესდა მდგომარეობა?

- რაც ეს ყველაფერი გამოვაქვეყნე, ორი ჯგუფი კიდევ სასწრაფოდ გაუშვეს. ჩემი ინფორმაციით, ისინიც ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მოკლედ, 5 ჯგუფიდან ორი თუ იყო შედარებით კარგ მდგომარეობაში. დანარჩენი ჩვენნაირ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახლა რა ხდება დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.

თვითონ დასაქმების სააგენტო ყველგან მბლოკავს. ვწერ, პასუხს ვითხოვ, ხშირად მათ გვერდზე კომენტარებს ვაქვეყნებ, მერე შევდივარ და წაშლილი მხვდება. ცუდად იქცევიან, პირდაპირ რომ გითხრათ.

სააგენტოს ხელმძღვანელს პირდაპირ კითხვა დავუსვი, რატომ არ იყო გაშვებული მათი წარმომადგენელი პირობების შესამოწმებლად, ასე მიპასუხა - თქვენი გულისთვის სათითაოდ ვერ დავივლიდით და ყველაფერს ვერ შევამოწმებდითო. ამბობს თანამდებობის პირი, ვინც ამხელა ბიუჯეტს განაგებს. სრული უპასუხისმგებლობით იქცევიან, არავისთან კონტაქტზე არ გამოდიან. ხომ შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რაღაც დათმობაზე წამოვიდნენ, თვალში ნაცრის შეყრა ურჩევიათ. ამას უკეთებენ საზოგადოებას და ჩვენ, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთ. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

დასაქმების პროგრამა კი საჭიროა, რადგან საქართველოში სტაბილური შემოსავლის პოვნა ძნელია. მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი კიდევ მონაწილეობას, თუკი ამის საშუალება მომეცემოდა (არ მგონია, ვინმემ ხელმეორედ გამიშვას). აქ ხალხს დიდი გასაჭირი აქვს. იცით, ბაზარში ვდგავარ დილიდან საღამომდე და ხალხს თითო კილო ვაშლისა და მანდარინის ყიდვის საშუალება არ აქვს. ნორმალურ სამუშაოზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

წყარო: "გზა"

   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია