მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ აირჩიეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია - 28 იანვარი 2022

ხალხი დაიღალა ამდენი ნეპოტიზმის, უუნარობის, უმოქმედობის ყურებით და ცვლილები სურს“

წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტიასაქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიაქართული ოცნების" წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა.

ჩვენ წალენჯიხის მერის მოადგილეს, თამარ ბელქანიას ვესაუბრეთ.

- არჩევნების მიხედვით წალენჯიხაში ოპოზიციურმა კოალიციურმა მთავრობამ გაიმარჯვა. ხელმძღვანელი გია ხარჩილავაა, ჰყავს ორი მოადგილე - ლაშა ზარქუა და მე, თამარ ბელქანია. ძალიან მნიშვნელოვანია საკრებულოს ფორმირება, რომ ბიუჯეტზე წვდომა და შესაძლებლობა მოგვეცეს, რომ მუნიციპალიტეტმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ექვსჯერ იყო მცდელობა საკრებულო შემდგარიყო, „ოცნებაყოველთვის დესტრუქციაზე მუშაობდა და მოწადინებული იყო, რომ საკრებულოს არჩევნები ჩაშლილიყო; იმის იმედით, რომ მორიგი ჩაშლის შემდეგ ვერც საკრებულო ფორმირდებოდა, ვერც ბიუჯეტი დამტკიცდებოდა და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობა მიეცემოდა. ყველაფრის მობილიზების ფონზე (ადამიანური, ფინანსური, ძალოვანი, მთელი სტრუქტურები ჩაერთნენ) მათ მიიღეს 35%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია ცხრაწლიანი მმართველობის ფონზე. ადამიანები მათ უბრალოდ არ ემადლიერებიან და ამიტომ ხმა არ მისცეს. ასეთ ფონზე ხელისუფლება შეიცვალა.

რაც შეეხება საკრებულოს. ბალანსი ამგვარად არის გადანაწილებული - 11 ხმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, 11 ქართულ ოცნებას, 3 გახარიას, 1 გახარიასგან თითქოს დამოუკიდებლად წასული კანდიდატია და ერთი არისლელოსწარმომადგენელი. ისე აეწყო, რომ გადამწყვეტი ხმის უფლება გახარიას პარტიას ჰქონდა. საკრებულო ექვსჯერ შედგა, მაგრამ შედეგზე ვერ გავიდნენ და ოცნების დეპუტაციას ილუზია ჰქონდა, რომ საბოლოოდ ჩაშლიდნენ არჩევნებს. თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ შემთხვევაში გახარიას პარტიამაც შეძლეს, რომ ოცნების დემარშის მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარე აერჩიათ.

როგორც გითხარით, ოცნებამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, დანარჩენი პარტიები მონაწილეობდნენ. 15 ხმიდან ერთი გაბათილდა. შესაბამისად, გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი, კორნელი სალია საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ეს იყო საკრებულოს პირველი სხდომა. ჩატარდება მეორე სხდომა, სადაც მოადგილეებს აირჩევენ და შემდგომ ბიუჯეტის დამტკიცებაც მოხდება.

ეს მოკლედ დღევანდელი ვითარების შესახებ. ანუ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სრულად ოპოზიცია აკონტროლებს. მერია, საკრებულო მის ხელშია და ოცნების ხელისუფლება ადგილზე ოპოზიციას წარმოადგენს.

- ამ ფონზე, ადგილობრივი მერია როგორ ახერხებს სრულფასოვან საქმიანობას, პროექტების განხორციელებას?

- ხელშემშლელი ფაქტორები არ გვაქვს, ხალხმა საკუთარი თვალით ნახა, ვის რა ინტერესი ჰქონდა. როდესაც ბიუჯეტის გარეშე ვმუშაობდით, მათ ეგონათ სრული კოლაფსი მოხდებოდა. მერის ირგვლივ კონცენტრირებულია წალენჯიხის მეგობართა კლუბი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევდა პერიოდულად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვეწარმოებინა; საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს. ეს არაა მხოლოდ მუსიკალური, სამხატვრო სკოლების გახსნა (რაღაც მიმდინარე ახალი პროექტები), ისიცაა, რომ ახალი წელი ღირსეულად აღინიშნა და ხალხმა ირწმუნა, რომ ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება; ოცნების ხელისუფლების დროს მოქალაქეებისადმი რა დამოკიდებულებაც იყო, აღარ იქნება.

ერთი მეთორმეტედი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე გვქონდა (11 მილიონიდან, რაც ტრანსფერის გარეშე წალენჯიხის ბიუჯეტია), იმდენად მწირი იყო, რომ ჩვენ უმწეოთა სასადილოსაც ვერ დავაფინანსებდით. ეს ყველაფერი ხალხმა იცის. მათ რეალურად დაინახეს, რომ ოცნების ხელისუფლება დესტრუქციაზე მუშაობს, რომ როგორმე ხელისუფლება დაიბრუნოს; და არა იმაზე, რომ რაღაც პროექტები გაატარონ. მთავარი მიზანი იმ კომფორტის შენარჩუნებაა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოწყობილი ჰქონდათ.

- ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მთავარი აქცენტები რა მიმართულებით გაკეთდება?

- ეს არის ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და სხვა პროექტები, სახელმწიფო მეწარმესთან ოპოზიციაში არ ჩაუდგება. მეწარმის მეგობარი იქნება და ძალიან ბევრი წარმოების განვითარება შეიძლება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შიდა რესურსები შესაძლებლობას მისცემს (ბიუჯეტის სწორი განაწილების ფონზე) ეკონომიკურად ფეხზე დამდგარი იყოს. შემდგომ ეს თანხები ცენტრალურ ბიუჯეტსაც მოხმარდეს. ასეთია თხილის, დაფნის ბიზნესი, რომელიც ასევე ქვეყნიდან გადის. კი იცით, აქაური თხილი უმაღლესი ხარისხისაა და ევროპაში იყიდება. დაფნა რუსეთში გადის. აქ არის დოლოვიტი, რომელიც სომხეთში გადის, მინერალური, გაჩერებული წყალია. ასევე, დაწყებული საკალმახე მეურნეობებიდან, ლურჯი მოცვის პლანტაციებია; 12-თვიანი საკურორტო ზოლია, რომელსაც შეუძლია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო მოქნილი და მიმზიდველი გახადოს.

რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობა ადამიანზე ორიენტირებულია.

- ოპოზიციის მხრიდან იყო მოწოდებები, რომ მეტი ბიზნესი გადასულიყო წალენჯიხის რაიონში, რამდენად მოყვა ამას შედეგები?

- ნამდვილად მოყვა შედეგები. გითხარით, რომ ახალი წელი ღირსეულად ჩატარდა. ეს მაგალითად, თემურ ჭყონიას საჩუქარი იყო. საახალწლო დღეებში ბავშვებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქრები დარიგდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში - ეს მამუკა ხაზარაძის საჩუქარია. საქართველოს უნივერსიტეტმა, ფინანსური ვალდებულების გამო სტატუსშეჩერებულ 18 სტუდენტს დაბრკოლება მოუხსნა. ჩამოსული იყო საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ქალბატონი სანაძე, ასევე რექტორი.

ამავე დროს ბევრი შიდა პროექტი, მუნიციპალიტეტისთვის კეთილდღეობის მოსატანად უკვე ამუშავებულია. დანარჩენი იცით, რომ ტელეკომპანია მთავარმა თავისი იურიდიული მისამართი წალენჯიხაში გადმოიტანა...

იმას ნიშნავს, რომ სასიკეთო საქმეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი უფრო გაიზრდება, ვიდრე ამ ეტაპზე არის. შემდგომში, როცა ეს შიდა პოლიტიკური ბატალიები დალაგდება და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში გადავა, უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. სერიოზული პროექტები დაგეგმილი და წარმოებაში ჩაშვებული იქნება.

- ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა როგორ მიმდინარეობს?

- კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთ მაგალითზე მოგიყვებით. მაგალითად, სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იანვრის ბიუჯეტი, აღნიშნული ერთი მეთორმეტედი საკმარისი არ არის, რომ სასკოლო ტრანსპორტი იქნეს დაფინანსებული. ეს ხვდებით რასაც ნიშნავს, სკოლა ჩაიშლებოდა. მერმა ამაზე განათლების მინისტრს მიწერა. ეს იყო პარასკევი საღამო და კვირას დილით შეტყობინება მოგვივიდა, რომ თვითონ აიღებენ საკუთარ თავზე სკოლის ტრანსპორტის დაფინანსებას. იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადეკვატურია; ისინი პატივს სცემენ ხალხის არჩევანს და ეს ნამდვილად ხალხის არჩევანი იყო. მოსახლეობის 65%-მა ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა მისცა. სერიოზული რეალობაა და მინუს ათი ხმა არაა. ნიშნავს, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ნეპოტიზმის, უუნარობის, უმოქმედობის ყურებით და ცვლილები სურთ. ეს ცვლილებები მათ რეგიონში ახალი ხელისუფლების სახით მიიღეს.

- გამოდის, დღევანდელი წალენჯიხა იმის სიმბოლოცაა, როგორ შეიძლება კონსტრუქციული თანამშრომლობა დღევანდელ რეალობაში...

- რა თქმა უნდა, წალენჯიხა იმის სიმბოლოცაა როგორ შეიძლება ოპოზიციური თვითმმართველობა არსებობდეს; რომ შესაძლებელია ხალხმა დაიბრუნოს საკუთარი ხმა გამარჯვების სახით. სიმბოლოა, რომ ხელისუფლებას მოუწევს წალენჯიხას როგორც სარკეში ისე ჩახედოს და ყველაფერი დაინახოს. რომ ხალხის 65%-მა ხმა ცვლილებებს მისცა.

ხშირად ამბობენ, რომ ხალხი ბრბოა, ვერაფერს ვერ ხედავს და .. ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და მიუხედავად არჩევნების ამ დოზით გაყალბებისა, ხალხის ხმამ იზეიმა და მთელი 65%-ით სტაგნაციას აჯობეს.

ასევე, აუცილებელია თანამშრომლობა საერთო-საქვეყნო ინტერესებისთვის. ვიღაცამ წააგო ვიღაცამ მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხალხი ვაზარალოთ. პირიქით, ეს ოპოზიციური, ამჟამად ხელისუფლების და ყოფილი ხელისუფლების მუშაობით, კონკურენციით ხალხმა უნდა ნახოს სარგებელი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იქაც არიან კარგი ადამიანები, რომლებსაც სამშობლო ნამდვილად უყვართ. ამიტომ ხელი უნდა გავუწოდოთ და იმის მაგალითიც ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკაზე მაღლა ადამიანური ურთიერთობები და ჩვენი ქვეყნის სიყვარულია - ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში, ასევე ურთულესი პანდემიის ჟამს.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია