მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა კავშირი აქვს პოლიტიკურ კორუფციას სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან? - 04 თებერვალი 2022

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება მოახდინეს, პოლიტიკური გავლენებით კორუფციაში ჩაფლული არიან და მდიდრდებიან“

კორუფცია ცოცხლად ხრავს და ნორმალურ მომავალს უსპობს ჩვენს საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებაანტიკორუფციული მოძრაობასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს. ჩვენ გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერ ვასო ურუშაძეს ვესაუბრეთ.

- ანტიკორუფციული მოძრაობის მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის გზით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტების გამოვლენა, კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილება და დაზარალებული ადამიანებისა და ბიზნეს სუბიექტების ადვოკატირებაა. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების აქტიური ჩართულობით მოვახდინოთ საზოგადოებრივი ზეწოლა სამართალდამცავ უწყებებზე, რათა ვაიძულოთ ისინი რეაგირება მოახდინონ კორუფციულ ფაქტებზე და საქმეები საფუძვლიანად გამოიძიონ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, თუ რა კავშირი აქვს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციას, მათი ცხოვრების გაუარესებულ მაჩვენებლებთან, სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან. სწორედ ამ გზით ვეცდებით ფართო საზოგადოების დარაზმვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა.

კარგად მოგვეხსენება, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღებ-მიცემობა არაა. კლასიკური განმარტებით, ეს არის თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების მიერ საკუთარი მდგომარეობის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება; სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, პირადი ან თუნდაც პარტიულ-პოლიტიკური ინტერესების გატარება. თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, დღეს ქვეყანაში კორუფცია ყველა დონეზე გვაქვს. მთავრობის თითქმის ყველა გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესი მეორეხარისხოვანია და პირველ პლანზეა მათი პოლიტიკური, ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი წინწამოწეულია. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი მათ პირად ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება.

ჩვენი მოკავშირეა ყველა ადამიანი ვინც თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან სახელმწიფოს განვითარების მთავარი მუხრუჭია. ის რომ სიღარიბეში ვცხოვრობთ (ყოველი მეოთხე ადამიანი ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს სოციალური დახმარებით მოთხოვნით მიმართავს), პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია და მნიშვნელოვანი სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ვითარდება, კორუფციის პირდაპირი შედეგია; ავტორიტარული რეჟიმების, ოლიგარქიული მმართველობის მთავარი წყარო და საყრდენია. იმის მიუხედავად ვინ იქნება ხელისუფლებაში, კორუფციასთან ერთად ამ სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია.

ამიტომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სრული უმრავლესობა უნდა გავაერთიანოთ ამ ბრძოლაში გარდა იმ მცირე დაჯგუფებისა, რომელიც დღეს კორუფციაში უშუალოდ ჩართულია. ჩამოვყალიბდეთ, რომ კორუფცია, მისგან გამომდინარე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა დანაშაულია. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება რეალური საუბარი დავიწყოთ ეკონომიკის, სახელმწიფოს განვითარებაზე. გათვალისწინებულია იმ თანამდებობების პირების მხილება, ვინც კორუფციაში ჩართულია. ამ დროს საგამოძიებო უწყებები იმ დონეზე დამოუკიდებელი არ არიან, რომ ფაქტებზე მოკვლევა დაიწყოს; იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კორუფცია დასჯადია. თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, თანამდებობრივი გულგრილობაც კი დასჯადია. ამ კუთხით ძალოვანი უწყებებიც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ბოლომდე შეზრდილი არიან.    

- თქვენი სამუშაო პრაქტიკიდან რომელი კორუფციული ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ჩემი გამოცდილებიდან თვალსაჩინოებისთვის ტრანსპორტის სფეროზე შემიძლია ვისაუბრო. ავიღოთ სახელმწიფო უწყება საქაერონავიგაცია, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლებით ფინანსდება. თვითმფრინავები იხდიან გადასახადს, რაც ჩვენია, სახელმწიფოსია და საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა მოხმარდეს. მაგრამ აღნიშნულ ორგანიზაციაში აკუმულირებული მილიონობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

მაგალითისთვის, გასულ წლებში ორგანიზაციამ ორი ახალი ვერტმფრენი ევროკოპტერი შეიძინა (თითქოსდა, თავიანთი პირადი საჭიროებიდან გამომდინარე) და შემდეგ ისინი მართვაში კერძო კომპანიას გადასცა, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულია. ვგულისხმობ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც საქაერონავიგაციას განკარგავენ და გადაწყვეტილებას იღებენ. ეს კომპანია უკვე კომერციული მიზნით ახდენს აღნიშნული ვერტმფრენების ექსპლუატაციას; აქირავებს როგორც ტურისტებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე და საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებს.

კლასიკური მაგალითია - უწყებას ევალება სახელმწიფოს შემოსავლების ამკრეფი იყოს (უბრალოდ, საჰაერო მაგისტრალებიდან შემოსულ ფულს ბიუჯეტში აგროვებდეს და მერე იქიდან მიზნობრივად იხარჯებოდეს ავიაციის განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე თუ სხვ.), ნაცვლად მილიონობით ევროიან ვერტმფრენებს ყიდულობს, იმით ხსნის, რომ პირადი გადაადგილებისთვის სჭირდებათ, სადაც ასევე კითხვის ნიშნებია. შეძენის შემდეგ მართვაში გადასცემს კერძო კომპანიას, შპს- - საუბარი არაა რაიმე კონკურსებზე და .. აი ეს შპს ჩვეულებრივად, კომერციულად, საჯაროდ (პირდაპირ აწერია ზედ - საქაერონავიგაცია) მუშაობს. ანუ, ფაქტს გამოძიებაც არ სჭირდება. თქვენც შეგიძლიათ ახლა დარეკოთ კომპანიაში და აღნიშნულ ვერტმფრენს საათში რვაას ევროდ მოგაქირავებენ. ამით  კონკრეტული თანამდებობის პირები, ჩინოვნიკები ისევ და ისევ სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდებიან.

ხაზს ვუსვამ, ეს კორუფციის ღია მაგალითია. კორუფცია არ არის მარტო ქრთამის აღება. 21- საუკუნეა, აუცილებელი არაა ქუჩაშიგაიშნიკიიდგეს, ხელი გამოშვერილი ჰქონდეს და ხურდა ფულს ითხოვდეს. სახეზე გვაქვს სხვა სახის კორუფცია - არასახელმწიფოებრივი პოლიტიკა, არამიზნობრივი ხარჯვა, ფულის გაფლანგვა და .. დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო, უბრალოდ ეს ქეისი გამოვყავი, რომელიც იმ პოლიტიკის ასახვაა, რომელიც დღეს სახელმწიფოს მმართველობის ყველა შტოში ფესვგადგმულია.

იგივე ხდება მაგალითად სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც წარმომადგენლები, მმართველი პოლიტიკური პირები სახელმწიფოს ფულით (უფრო მეტიც, აღებული ვალით) ყიდულობენ ტრაქტორებს, შემდეგ კერძო კომპანიას გადასცემენ, რომელიც მოსახლეობაზე აქირავებს. ანტიკორუფციულმა სამსახურმა ამაზე გამოძიებაც კი დაიწყო, კონკრეტული პირები პასუხისგებაში უნდა მიეცათ (დამდგარ ფაქტთან გვქონდა საქმე), მაგრამ ნურას უკაცრავად! თითქმის გამოძიებული საქმე თაროზეა შემოდებული და პასუხისგებაში არცერთი პირი მიცემული არაა.

- რატომ?

- ეს პირები პასუხისგებაში რომ მიეცნენ, მაშინ მთლიანად საქართველოს ხელისუფლების რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. იმ პირამიდის ჩამოშლა, რომელიც კორუფციაზე არის აგებული; რადგან ანტიკორუფციული სამსახური და პროკურატურა შერჩევითი ვერ იქნება. თუ დაიჭერს სოფლის მეურნეობის მაღალი თანამდებობის პირს, უნდა დაიჭიროს ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც პირები, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩართული არიან. კარგად ვიცით გზების დეპარტამენტისა და სამშენებლო ტენდერების შესახებ. იმდენად ბევრი ფაქტია, გამოყოფა  შეუძლებელია. შეგიძლიათ სტრუქტურა თქვენ აირჩიოთ, ხელი დაადოთ ბრმად რომელიმეს, ყველგან შეგვიძლია მარტივი მოკვლევის შედეგად კორუფციული ფაქტები ვნახოთ. შევიდეთ, ვნახოთ მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები, გამარჯვებული კომპანიები; დავაიდენტიფიციროთ ის პირები, ვინც გაიმარჯვა ტენდერში, რა კავშირები აქვთ უშუალოდ უწყების ხელმძღვანელებთან, მმართველ პარტიასთან და .. ელემენტარული ბერკეტების გამოყენებითაც კი ინტერესთა კონფლიქტის დადგენა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, კორუფციის დადგენას გამოძიება სჭირდება, რაც ჩვენი ბერკეტი არაა. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაიძულოთ, გზა აღარ დავუტოვოთ სახელმწიფო უწყებებს, რათა ეს გამოძიება დაიწონ.

- როგორ უნდა აიძულოთ?

- ამ საქმეში მთავარი ძალა საზოგადოებრივი აზრია. უბრალოდ, დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში არაორგანიზებულია. ძალიან ხშირად არ არის კარგად ახსნილი, მიტანილი საზოგადოებამდე. შეიძლება მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ (რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ), მაგრამ ამ საქმეში ჩვენი მოკავშირეები გახდებიან; რადგან კორუფციაში უშუალოდ ჩართული ადამიანები (რომლებიც ზღაპრულად მდიდრდებიან) არიან არა რიგითი პოლიციელები, პროკურორები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და წლებია სახელმწიფო სისტემა მათზე დგას. არა! ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით ჩვენი სახელმწიფოს მიტაცება მოახდინეს, პოლიტიკური გავლენებით კორუფციაში ჩაფლული არიან და მდიდრდებიან. ეს პატარა ზომის უმცირესობაა და თავისი დამსახურებულად უნდა მიეზღოს. დიდი უმრავლესობა (პოლიტიკური შეხედულების, მრწამსის, წარსულის მიუხედავად) თუ თანხმდება, რომ კორუფცია უნდა დავასრულოთ, მმართველი პარტიის ბოსები, საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელობა და რიგითი წარმომადგებლებიც იძულებული გახდებიან რეაგირება მოახდინონ ან ძალაუფლება დათმონ. აქ უკვე ყველაფერს საზოგადოებრივი აზრი წყვეტს. ამოცანა სწორედ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებაა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ყველა გავაერთიანოთ.

არ გვაინტერესებს ამ საქმეში ადამიანების დაყოფა ნაცებად და ქოცებად, შუაშისტებად და სხვა ოპოზიციონერებად. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კორუფცია სახელმწიფოს მტერია და ამის გამო აგერ 30 წელია ვერ ვვითარდებით (ერთ წრეზე ვტრიალებთ), ის ჩვენი მოკავშირეა. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური გემოვნება აქვს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. თუ ამ იდეის გარშემო გავერთიანდებით და ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ (რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთაა მორჩეს კორუფცია), დამიჯერეთ წინ ვერასდროს ვერავინ დაგვიდგება.

- ასევე, მსხვილ ბიზნესში ოლიგოპოლიაზე საუბრობთ...

- ძალიან ხშირად საშუალო და წვრილ ბიზნესს განვითარებაში ხელი ეშლება, რადგან მსხვილი ბიზნესი ხელისუფლებებთან კორუფციული ინტერესებით ბაზრის მონოპოლიას ახდენს და ეს პროცესიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ბიზნესში არაკონკურენტული გარემო მომხმარებელზეც უარყოფითად აისახება; მას უფრო მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ეს საბაზრო ღირებულებით არის გამოწვეული. ასე ხდება ფარმაცევტულ სფეროში, ნავთობპროდუქტების, ხორბლის ბიზნესში და ბევრი სხვა საინტერესო მიმართულებით; სადაც ერთგვარი კარტელური შეთანხმებები, ჯგუფები არსებობს, რომელიც კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის შეზრდილია. ამით ჯანსაღ კონკურენციას, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლიან.

ესეც ჩვენი კვლევის სფერო იქნება. ვითანამშრომლებთ კონკურენციის სააგენტოსთანაც, სხვა უწყებებთან და თუ საზოგადოებრივი ზეწოლის საჭიროებასაც მოითხოვს, ამასაც გამოვიყენებთ. ვიქნებით არა კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კვლევას ჩაატარებს და ანგარიშს გამოაქვეყნებს, კანონით დაშვებულ ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რითაც საზოგადოებრივი აზრის ადვოკატირებას მოვახდენთ; ზეწოლას სახელმწიფო უწყებებზე, თანამდებობის პირებზე - რეაგირებისკენ ვაიძულებთ.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია