მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის - 28 თებერვალი 2022

პერსონალიზებული მედიცინა ონკოლოგიაში ახალი, რევოლუციური სიტყვაა, რომელიც პაციენტს მასზე მორგებულ სამკურნალო გეგმას სთავაზობს“

გელა მამულაშვილი

ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მაშინ ხვდება, როცა მას კარგავს. ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ყოველწლიურად  ეს დიაგნოზი მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება. საშინელი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველია.

ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია - დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიით 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

ნიკა . (გვარებს არ ვასახელებთ) გვეუბნება, რომ თუ სიგარეტს დროულად თავს არ დაანებებს, წინაპრებივით ნაადრევი სიკვდილი არ ასცდება. მისივე აღიარებით, ძველიპარავოზივითწევის გამო, ბოლო დროს ფილტვებთან ერთად კუჭიც ძლიერ აწუხებს:რამენაირად უნდა გადავაგდო ეს ... , თორემ შემიკლავს, დედას მიტირებს. თან კუჭიც მტკივა, რა ვიცი, რა აღარ! დიდი ბაბუა ფილტვის კიბომ მოკლა, ბოლოს კი გადააგდო, დაგვიანებული იყო. მამაჩემიც ფაქტობრივად სიგარეტმა იმსხვერპლა დატრადიციაარ უნდა გავაგრძელო“.

პროფესიით ექიმი გურამ . გვიდასტურებს, რომ ვინც ფილტვის კიბოთი კვდება, აბსოლუტური უმეტესობა აქტიური მწეველია:ზოგადად მწეველებს არამწეველებზე 10-ჯერ დიდი შანსი აქვთ სიმსივნის აკიდების; ვინც დღეში 40 ღერს ეწევა რამდენიმე წლის განმავლობაში, 60-ჯერ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. ვინც სიგარეტს თავი დაანება, რისკები საგრძნობლად უმცირდება, არამწეველებთან შედარებით მაინც მეტი სიფრთხილე მართებს. სიგარეტში არსებულ მავნებლებს ქალები უფრო ცუდად იტანენ. ფილტვის კიბოს გარდა, სიგარეტი ბევრი სხვა სიმსივნის გამომწვევად ითვლება - პანკრეასი, საყლაპავი, შარდის ბუშტი, საშვილოსნოს ყელი, თირკმელი, პირის ღრუ...“

გიორგი .- რჩევით, ავადმყოფი უპირველესად  ურბანულნაგვის გროვასუნდა მოშორდეს,  სადმე სუფთა ჰაერზე წავიდეს და იქ იმკურნალოს. მისივე თქმით, ადრეულ ასაკში აღმოჩენისას განკურნების შანსი 70-პროცენტზე მეტია:აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ფილტვის კიბო სხვა სიმსივნეებთან შედარებით უფრო მომაკვდინებელია. ადრეულ სტადიაში საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას და პაციენტებიც დიდხანს ინარჩუნებენ სრულფასოვანი ცხოვრებისა და შრომის უნარს“.

კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი ანა მაზანიშვილი გვეუბნება, რომ  დაავადებების მიმართ სტერეოტიპია, ვისაც კიბო აქვს ის კვდება. მისივე თქმით, ასე არ არის და ორგანიზაციაში ყველანაირად ცდილობენ ამ სტიგმის მოცილებას:

ხშირად როცა მითქვას სიმსივნე მაქვს, რეაქციაა - ვაიმე, რომ არ გეტყობათო? რატომღაც ჰგონიათ უნდა მეტყობოდეს, ადამიანი უუნარო და გასაცოდავებული უნდა იყოს მათი თვალსაწიერით. ამის წინააღმდეგ ორგანიზაციაში საოცარი გოგონებისგან შემდგარი გუნდი, სხვებისთვის მისაბაძი ადამიანები გვყავს. ასევე, სტიგმაა, რომ ქიმიოთერაპიას ვერ იტანენ, კვდებიან... ეს ადამიანები სრულფასოვნად ცხოვრობენ. ბევრი სპეციალური ვიდეო აქვთ გადაღებული, რომ სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყვნენ. სახელმწიფოსთან ერთად სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იგივე ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც ძალიან ბევრ სტიგმას დაანგრევს. ინფორმაციის ნაკლებობა და უცოდინარობა კვებავს, ამ საქმეში მედიას დიდი როლი აკისრია“.

ანა მაზანიშვილი საკუთარი გამოცდილებიდან გვეუბნება, რომ კიბო განაჩენი არ არის, - „ერთი ჩვეულებრივი დიაგნოზია, თავისებურ მიდგომას და მკურნალობას რომ მოითხოვს“. მისივე თქმით, ადრეული დიაგნოსტიკა (სკრინინგს ხაზს ვუსვამ) მთავარი ამოსავალი წერტილია: 

პერსონალიზებული მედიცინა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალურ სამკურნალო გეგმას სთავაზობს. ამ გზით, დღეს კიბო ძალიან ეფექტურად იმართება, საკუთარ მაგალითზე შემიძლია მოგახსენოთ. ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი ადამიანია, რომლებმაც ეს რთული გზა წარმატებით გაიარეს და გაიმარჯვეს“.

ქალბატონი ანა ასევე გვიყვება 35 წლის ნესტანის (4 შვილის დედაა) ისტორიას, ვისაც 2018 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობის ეტაპები გაიარა და შემდგომაც კონტროლზე იმყოფებოდა:

სამწუხაროდ, 2021-ში დაავადების პროგრესირება მოხდა, თავში და ფილტვში მეტასტაზებით... ნესტანის შემთხვევაში ზუსტად პერსონალიზებული მედიცინის მიდგომა გამოიყენეს; ანუ განისაზღვრა ბიომარკერი, რომელიც ჭარბად წარმოიქმნებოდა და კონკრეტულად ამ ბიომარკერზე მიმართული მკურნალობა დაინიშნა. შედეგი ფანტასტიკური დადგა, დაავადებამ უკან დაიხია და ნესტანის მდგომარეობა მის ექიმებს ძალიან ახარებს.

ეს სილამაზე გოგო არის ნესტანი (რედ: ფოტოსურათს გვიგზავნის)“.

კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია განგვიმარტავს, რომ ბოლო პერიოდში დანერგილი  პერსონალიზებული მიდგომა გულისხმობს ფილტვის კიბოს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით შეირჩეს ისეთი მკურნალობა, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის ყველაზე  ეფექტური იქნება. მისივე თქმით, ხშირად გასაღებისა და კლიტის მაგალითზე საუბრობენ, რათა თითოეულ პაციენტს ასეთი მიზანმიმართული მკურნალობა მოვარგოთ ისე, როგორც გასაღები ერგება კლიტეს:

ყველაფერი დიაგნოსტიკის ეტაპიდან იწყება, როცა სიმსივნის ქსოვილს ჰისტოლოგიურად ვიკვლევთ; რადგან უჯრედულ დონეზე ფილტვის კიბო სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს და მკურნალობაც განსხვავებულია. შემდეგ დახვეწილი კვლევების საფუძველზე ბიომოლეკულური მარკერები და მუტაციები უნდა გამოვიკვლიოთ და ამის მიხედვით მკურნალობის ტაქტიკა შევარჩიოთ. დღეს გვაქვს ახალი თაობის ტარგეტული პრეპარატები, რომელიც გარკვეულ მუტაციებზე მიზანმიმართულად მოქმედებს. ასევე, არის იმუნოთერაპია, რომელსაც ასევე თავისი მარკერები აქვს - როგორიცაა PD-L1, PD1, - ამ მარკერების მაღალი ექსპრესიის შემთხვევაში იმუნოთერაპია ძალიან ეფექტურია“.

ექიმის განმარტებით, ტარგეტული პრეპარატები სიმსივნის უჯრედში წარმოქმნილ გენეტიკურ ცვლილებებზე ან მუტაციებზე უშუალოდ მოქმედებს. მისივე თქმით, სწორედ ამ მუტაციების შედეგად წარმოიქმნება ის  ცილები, რომლებიც შემდგომ წარმოადგენენ გამშვებ მექანიზმს იმ პროცესებისა, რაც საბოლოო ჯამში სიმსივნის განვითარებას, შემდგომ ზრდასა და მეტასტაზირებას იწვევს:

ასეთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი (რომელიც ფილტვის კიბოს შემთხვევაში გვხვდება), მაგალითად EGFR მუტაციაა, რომლისთვისაც უშუალოდ მოქმედი პრეპარატები არსებობს. აქ მარტო EGFR არ არის (უბრალოდ, ყველაზე ხშირად გვხვდება), იშვიათ შემთხვევებში ALK, ROS, და სხვა მუტაციებიც გვხვდება, რომელზეც მიზანმიმართული ზემოქმედება შეგვიძლია; ჩავკეტოთ ის გზა, რომელიც ამ სიმსივნის განვითარებას იწვევს“.

იმუნოთერაპიას რაც შეეხება,  თამარ ესაკიას თქმით, მკურნალობის ახალი მეთოდია, რომელიც ბოლო წლებში ონკოლოგიაში დაინერგა, - განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა ფილტვისა კიბოსა და მელანომის შემთხვევაში:

იმუნოთერაპიის მოქმედების მექანიზმი სხვა მკურნალობის მეთოდებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. თუ ქიმიოთერაპია ყველა იმ უჯრედზე მოქმედებს, რომელიც აქტიური გამრავლების ფაზაშია (არამარტო სიმსივნეზე, ჯანსაღ გამრავლებად უჯრედებზე, რის გამოც მაგალითად თმის ცვენა ვითარდება), არსებობს მიზანმიმართული პრეპარატები, რომელიც კონკრეტულ უჯრედებზე მოქმედებს, ამ გენეტიკური მუტაციების მატარებლები რომ არიან - ძირითადად, სიმსივნური უჯრედებია. ხოლო იმუნოთერაპიას აბსოლუტურად განსხვავებული მექანიზმი აქვს - უშუალოდ არა სიმსივნეზე, არამედ მოქმედებს ჩვენს იმუნურ უჯრედებზე, მათ ააქტიურებს იმისთვის, რომ სიმსივნურ უჯრედებს ებრძოლონ. სხვათა შორის, იმუნოთერაპიის ფუძემდებლებმა ბოლო წლებში ნობელის პრემია მიიღეს“.   

ონკოლოგის თქმით, პერსონალიზებული მკურნალობის შედეგები თვალსაჩინოა, როდესაც ახალი თაობის პრეპარატები ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში მრავალ პაციენტზე გამოკვლეულია. მისივე ინფორმაციით, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მიზანმიმართული მიდგომა  გაცილებით უკეთეს შედეგებს გვაძლევს, პაციენტთა სიცოცხლეს ახანგრძლივებს:

რაც კიდევ მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტებისთვის, ეს არის ნაკლებ ტოქსიკურობა - ახალი თაობის პრეპარატები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლით. უკვე საერთაშორისო გაიდლაინებში შეტანილია და მიდგომა ნამდვილად უკეთესია იმ ტიპის სიმსივნეებში, სადაც პერსონალიზებული მიდგომის საშუალება გვაქვს“.

თამარ ესაკიას თქმით, ასეთი პაციენტები ბევრი არ ჰყავთ იმის გამო, რომ ახალი პრეპარატები საკმაოდ ძვირადღირებულია და ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ (ხშირად ფინანსური პრობლემები არამარტო მკურნალობის, დიაგნოსტიკის ეტაპზეც გვხვდება): „მაგრამ მკურნალობის მეთოდები გამოგვიყენებია. მაგალითად, გვყავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე (ძალიან კარგი საერთაშორისო დაზღვევით), იმუნოთერაპიით მეოთხე სტადიის ფილტვის კიბოს  მკურნალობდა - ყველა კერა სრულად ალაგდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ჯერჯერობით სრულ რემისიაში იმყოფება“.

ადგილობრივ პაციენტებთან რა ხდება ამ დროს? კლინიკური ონკოლოგის თქმით, აქაც ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ძვირადღირებულების გამო მუდმივად ვერ ახერხებენ ამ პრეპარატების მიღებას: „მკურნალობაში სულ შეფერხებებია ხოლმე. ამიტომ ადგილობრივი პაციენტები ბევრი არ გვყავს. თუ შევძელით თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ვუმკურნალოთ, რასაკვირველია, შედეგებიც უკეთესი გვექნება“. 

ამ ფონზე, დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის საკითხი როგორ დგას? თამარ ესაკიას განმარტებით, დიაგნოსტიკური მეთოდები საქართველოში თითქმის ხელმისაწვდომია - მათ შორის ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, რომელიც ფილტვის კიბოს სტადირებაში ოქროს სტანდარტია. მაგრამ, მისივე თქმით, დიაგნოსტიკის ეტაპზევე ვხვდებით ფინანსურ პრობლემებს, რადგან სახელმწიფო მხოლოდ მკურნალობას აფინანსებს:

კერძო დაზღვევებით (იმასაც გააჩნია, როგორი პაკეტია) შეიძლება დიაგნოსტიკის ეტაპი ნაწილობრივად დაფინანსდეს. მერე პრობლემა მკურნალობის ეტაპზე გვექმნება. ხშირად პაციენტებს სხვადასხვა წყაროებიდან ამ ფინანსების მოძიება უწევთ. შესაძლებელია ეს სხვადასხვა უწყებებში მოიძიონ, მაგრამ  ამ ყველაფერში დრო იკარგება, რაც ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. აქ დრო მნიშვნელოვანია - სწრაფად მოვახდინოთ დიაგნოსტირება და მკურნალობა დავიწყოთ.

პრეპარატებს რაც შეეხება, ფიზიკურად არის საქართველოში, უბრალოდ სიძვირიდან გამომდინარე... საყოველთაო დაზღვევაში (რომელიც მკურნალობას ასი პროცენტით აფინანსებს) გარკვეული ლიმიტია და მასში შეიძლება მხოლოდ ერთი ან სამი თვის მკურნალობა ჩაეტიოს, შემდეგ  9 თვის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე რჩება“.

რა უნდა გაკეთდეს ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი? ონკოლოგი გვეუბნება, რადგან დიაგნოსტიკის ეტაპი მეტ-ნაკლებად ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური სისტემით და სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამგეობისგან ფინანსდება, შესაძლებელია ეს ყველაფერი შეიკრიბოს და ერთიან სისტემაში მოვაქციოთ. მისივე თქმით, პაციენტს ამდენი ხნის ლოდინი და ბიუროკრატია არ უნდა დასჭირდეს: 

პროგრამები ჩამოყალიბდეს იმისთვის, რომ აღნიშნული დაფინანსება დროულად მივიღოთ. მკურნალობას რაც შეეხება, მაგალითად არსებობს ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც თბილისის მერიამ დაიწყო. ესაა HER2 დადებითი ძუძუს კიბოს ტარგეტული პრეპარატების დასაფინანსებლად, რომელიც ასევე ძვირადღირებულია. შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრომ მთელ საქართველოში გაავრცელა. თუ საყოველთაო დაზღვევის ლიმიტს ვერ შევცვლით, უპრიანია ასეთი ტიპის პროგრამები სხვა სიმსივნეების დროს, თუნდაც ფილტვის კიბოს ან მელანომის შემთხვევაშიც გაკეთდეს“.

თამარ ესაკიას შეფასებით, კიბო საქართველოში ყოველთვის სტიგმა იყო, რასთანაც ეს დიაგნოზი დაკავშირებულია. მისივე დაკვირვებით, ძუძუს კიბო აღარ არის ისეთი სტიგმა, რაც პაციენტების დამსახურებაა: „რადგან თავად ამაზე საუბრობენ და არ ერიდებათ საჯაროდ გამოვიდნენ, გამოცდილება გაგვიზიარონ. ბევრჯერ გინახავთ სიუჟეტი ქალბატონზე, ვინც ძუძუს კიბო გადალახა. მაგრამ ფილტვის კიბოზე ასეთი ისტორიები არ გვაქვს ხოლმე. ალბათ პაციენტებმა თვითონაც უნდა გადალახონ ეს ფსიქოლოგიური მომენტი და დაიწყონ საუბარი. საუკეთესო მაგალითი იქნება სხვა ადამიანებისთვისაც, ვინც ამ დაავადებას ებრძვის“.

დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენა რომ არ მოხდეს, კლინიკური ონკოლოგის რჩევა როგორია? ქალბატონი თამარის თქმით, ფილტვის კიბოს იმდენად არასპეციფიკური სიმპტომატიკა გააჩნია, არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში აღმოჩენა გვიან სტადიაზე ხდება. ამიტომ, მისივე თქმით, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ, მკურნალობაც ეფექტური იქნება:

არსებობს ფილტვის კიბოს სკრინინგი (დანერგილია აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში), სადაც მწეველი პაციენტების გამოკვლევა ტარდება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ - 50 წელზე ზემოთ და  20 ან მეტი კოლოფის მოხმარება წელიწადში. მოგეხსენებათ, მწეველობა 80%-ში ფილტვის კიბოს განვითარებასთან დაკავშირებულია. რადგან ეს ძვირადღირებული კვლევა (გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოდის, თუნდაც ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილი არ არის. ალბათ საქართველოშიც გაჭირდება ამ სკრინინგის დანერგვა. პაციენტების ინფორმირებულობა უნდა გავზარდოთ და ვუთხრათ, თუ დიდი ხნის განმავლობაში მწეველები არიან (მოიხმარენ წელიწადში ოც კოლოფზე მეტ სიგარეტს), კარგი იქნება თავადაც წელიწადში ერთხელ გამოიკვლიონ და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაიტარონ.

ასევე, ოჯახის ექიმების ინფორმირებულობაც უნდა გაიზარდოს. თუ პაციენტს ფილტვის კიბოს განვითარების რისკფაქტორები გააჩნია, მათაც ურჩიონჩექ აფისტიპის გამოკვლევები წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ. ხაზს ვუსვამთ, მწეველობა უმთავრესი  რისკ-ფაქტორია, ასევე რადიაციული ფონის მატება, გარკვეული ურბანული მაგალითად აზბესტით დაბინძურება, გენეტიკური წინასწარი განწყობა და ასევე ფილტვის ქრონიკული დაავადებები“.

კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი ანა მაზანიშვილიც (როგორც პაციენტი) ადასტურებს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა სიმსივნეზე გამარჯვების ბილეთია. მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში 40-დან 70-წლის ქალბატონებისთვის უფასო სკრინინგი გვაქვს:

ხშირად გვეუბნებიან, რომ დიაგნოსტიკა ძვირი ჯდება, არაფერი მაწუხებს  და ექიმთან არ მივდივარო. კიბომ ადრეულ სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ იცის, როდესაც ვლინდება, საკმაოდ დაგვიანებული სტადიაა. თუმცა ყველა ეტაპზე სწორად მართვა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელია. ყველას მინდა მივმართო - უფასო სახელმწიფო სერვისები (რაც სკრინინგს შეეხება), აუცილებლად გამოიყენონ. სახელმწიფოს მხრიდან პრევენციისთვის რაც კეთდება ვისარგებლოთ - ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ ერი რაღაცნაირად გამოვაჯანმრთელოთ, გვიან მიმართვის გამო სტატისტიკა გამოვასწოროთ. ადრეული დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელებისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნების გარანტიაა. პირველით დაწყებული, მესამე-მეოთხე სტადიით დამთავრებული წარმატებულ შემთხვევებზე შემიძლია ვისაუბრო. ონკოპაციენტის სწორად მართვისას ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი დაცულია. ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება, რომ მათი ფსიქოლოგიური განწყობაც (მკურნალობის ეფექტურობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს) სათანადოდ დაცული იყოს“. 

ქალბატონი ანა გვეუბნება, რომ ონკოლოგია სამეცნიერო მიდგომებით ძალიან წინ წავიდა - ბევრი ეფექტური პრეპარატია, რომლითაც დაავადების მართვა ხორციელდება. მისივე თქმით,  ტარგეტული პრეპარატები რამდენიმე წლის წინ ხელმისაწვდომი არ იყო (ამ დროს, საკმაოდ აგრესიულ სიმსივნეზე ვსაუბრობთ) – „სახელმწიფოს მხრიდან ამ პრეპარატების დაფინანსებამ ძალიან ბევრი ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა“:

დღეს საქართველოში პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიაც (PET CT) გვაქვს, ძალიან კარგი გადამზადებული სპეციალისტებით. არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკები  - თუნდაც თოდუას კლინიკას წინ წამოვწევ, სადაც პაციენტი ყველა სერვისს ერთ სივრცეში კომფორტულად იღებს. წინგადადგმული ნაბიჯებია იმისთვის, რომ დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს, სწორი მკურნალობა და მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავდეს“.

ანა მაზანიშვილსაც ვკითხეთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დამატებით რა უნდა გაკეთდეს? მისი განმარტებით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასი პროცენტით, ასევე ოპერაციის ნაწილი (დაახლოებით 70%) სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება - თუმცა სადიაგნოსტიკო კვლევები ნაკლებად ნაზღაურდება და აქ საკუთარ ჯიბეზე დამოკიდებული ვართ:

ასევე, არ ფინანსდება იმუნოჰისტოქიმია, რომლის მიხედვითაც რეალურად მკურნალობა ინიშნება - დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შემდეგ, როცა მკურნალობას ვამთავრებთ, არც შუალედური კონტროლი ხორციელდება. მაგალითად, ჩემი დიაგნოზის დასმიდან უკვე ათი წელი ხდება და მაინც შემოწმება-კონტროლის რეჟიმში ვიმყოფები. ასევე, მეტასტაზური, მაგალითად ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის პრეპარატები კი შედის საყოველთაო დაზღვევის ლიმიტში, იმდენად ძვირადღირებულია, ორ-სამ თვეში ლიმიტს ამოწურავენ და შემდგომ სხვა რამესაც ვეღარ იკეთებენ. ამიტომ ჩვენი, პაციენტთა ორგანიზაციის ყურადღება იქითკენ არის მიმართული, რომ რამენაირად თუნდაც ეს ლიმიტი გავაფართოოთ“.

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, მისი სლოგანია - „უწყვეტი ზრუნვა და ყველა არსებულ ონკოსერვისში ხარვეზების აღმოფხვრა“. ქალბატონი ანას დიდი სურვილია წელსაც კამპანიები ამ მიზნით აწარმოონ, რათა ონკოპაციენტის ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს. მისივე თქმით, ამ გზაზე  მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადმოიდგას:

საჭიროა უფრო აქტიური კამპანიის წარმოება (ცნობიერების ამაღლება), სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები. ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენ თავზე ამდენს ვერ ავიღებთო. საპასუხო კითხვას ვსვამ - რა ქნან ამ ადამიანებმა, ვისაც სიცოცხლე უნდა? ყურადღებას არ გავამახვილებ, ახალგაზრდაა თუ ასაკოვანი, სიცოცხლე ყველას ერთნაირად სწყურია. ამ დროს არ გვაქვს ხელშეწყობა თუნდაც მეტასტაზური, იგივე მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, რომ პრეპარატები ხელმისაწვდომი იყოს - რამდენიმე ათასლარიანი ღირებულების მკურნალობა სჭირდებათ. იგივე ეხება ფილტვის კიბოს პაციენტებს. დაუშვებელია დიფერენცირება და ამ ადამიანების მკურნალობის გარეშე დატოვება!“

როშ ჯორჯიაფილტვის კიბოს მკურნალობის საქმეში პერსონალიზებული მიდგომის მხარდამჭერია. ორგანიზაციის დირექტორი მაკა ასათიანი განგვიმარტავს, რომროშიმსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს აერთიანებს. მისივე თქმით, ერთი კომპანიის ქვეშ ამ ორი მიმართულების გაერთიანებამროშსსაშუალება მისცა ყოფილიყო ფუძემდებელი პერსონალიზებული მედიცინისა, რომლის მიზანია თითოეული პაციენტი ინდივიდუალური, სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეული საჭირო მკურნალობით უზრუნველყოს.

ფილტვის კიბო წლების განმავლობაში დაუმარცხებელ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლებოდა. თუმცა დღეს ამ დაავადების მიმართ პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომების გამოყენებით, ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის. პერსონალიზებული მკურნალობის გამოყენებას თან სდევს ნაკლები გვერდითი მოვლენა, იგი უზრუნველყოფს არასაჭირო მკურნალობის თავიდან არიდებას და უფრო სწრაფ წვდომას მკურნალობის ახალ და ეფექტურ მეთოდებზე. ეს ყველაფერი არა მხოლოდ კიბოს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც“, - დასძენს მაკა ასათიანი.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ონკოპაციენტების დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობისთვის. მარტო საყოველთაო ჯანდაცვის (დაზღვევის) პროგრამა რად ღირს, უამრავი ადამიანი სიკვდილს რომ გადაარჩინა. ისიც ცხადია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. მათ შორის, ფილტვის კიბოსთან ბრძოლაში აუცილებელია მეტი კოორდინაცია, სხვადასხვა ცენტრალური თუ მუნიციპალური პროგრამების გაერთიანება (პაციენტისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია), დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეტაპების სრულფასოვნად დაფინანსება; პერსონალიზებული მკურნალობის აქტიური გამოყენებითაც მეტი პაციენტის გამოჯანმრთელება - ერთი ადამიანის ხსნა ხომ მთელი სამყაროს გადარჩენის ტოლფასია.        

საფოს ფრთიანი გამონათქვამია: „თუ გინდა, ერთი დღით ბედნიერი იყოდათვერი, თუ გინდა, ერთი თვით ბედნიერი იყოდაქორწინდი, ხოლო თუ გინდა, მთელი სიცოცხლე ბედნიერი იყოჯანმრთელი იყავი“. დაუშვებელია სიმსივნით დაავადებულთა ხარისხიანი მკურნალობის გარეშე დატოვება. ეს ჩვენი სახელმწიფოს, თითოეული მოქალაქის  ღირსების საქმედ უნდა იქცეს.

პ.ს. სტატია ეძღვნება უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, „ურდოელი“ ოკუპანტების წინააღმდეგ - დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია