მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინა შეიძლება პუტინის დასასრულის დასაწყისი გახდეს - ბესიკ ალადაშვილი - 05 მარტი 2022

ჩვენი მდგომარეობა ძალზედ მყიფეა სამაჩაბლოს მიმართულებით, მარიონეტულ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქმული“

პუტინმა უკრაინაში წარმოუდგენელი ბოროტება დაატრიალა და ომი დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება და ხალხი პირსისხლიან მტერს არ შეუშინდა და მტკიცედ დაუხვდა. 21- საუკუნისჰიტლერსჩაფიქრებულიბლიც-კრიგიარ გამოუვიდა, თუმცა არავინ უწყის, ტრაგიკული მოვლენები როგორ განვითარდება.

ჩვენ ამ თემაზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ბესიკ ალადაშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო ბესიკ, უკრაინაში ომის ფონზე რა ელის და რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ქართულმა მხარემ?

- დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ვერ ვიტყვით, რომ პრაგმატიზმს მოკლებულია. ამ პირობებში უბრალოდ ფრთხილია და ეს სიფრთხილე უფრო პოზიტივად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ნეგატივად. შეიძლება ეს აზრი პოპულარული არ იყოს, მაგრამ როგორც ვითარება გვაჩვენებს, აბსოლუტურად გაუწონასწორებელ, არაპროგნოზირებად ძალასთან გვაქვს საქმე; საქართველოს დღევანდელი შიდაპოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური სიტუაცია (ალბათ სამხედროც) ძალიან მკვეთრი ქმედებების გადადგმის საშუალებას არ გვაძლევს. ის მდგომარეობაა, როცა ჩვენი ემოციები გულში უნდა ჩავიკლათ - ანტირუსული, თუნდაც სანქციები ამ ეტაპზე მისაღები არ არის.

ხშირად პროსახელისუფლებო პოლიტიკა პოპულარული არ არის და მეც ბევრი მიმართულებით ჩვენს მთავრობას ვაკრიტიკებ ხოლმე, მაგრამ დღეს ზედმეტად ემოციურ განცხადებებს სიფრთხილე სჯობს; მით უმეტეს, ემოციურ მოქმედებებს. 2008 წელს ჩვენ ზუსტად იმ ემოციამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ.

ჩვენი ეკონომიკიდან რომ დავიწყოთ, ეს მხარე ძალზედ დაზარალდება, რადგან უკრაინაც და რუსეთიც ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი გასაღების ბაზარია - ღვინო, ღვინომასალები და .. ისედაც შეზღუდული ექსპორტი გვაქვს. ასევე, დიდი მომწოდებლები არიან მეორე მხარეს. საქართველოში განსაკუთრებით უკრაინასთან ურთიერთობაზე ბევრ ბიზნესმენს საქმე აქვს აწყობილი. რასაკვირველია, ეს მხარე ძალზედ დაზარალდება, იკლებს ფულადი გზავნილები როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. ეს ლარის კურსზეც აისახება. რეალურად, უკვე აისახა და სამომავლოდაც ასე მოხდება.

ეს ომი დღესვე რომ დამთავრდეს, უკრაინას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება რეალური ზარალი აღადგინოს - ეს შეეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რასაკვირველია იქ დასაქმებულ ქართველებზეც პირდაპირ ზემოქმედებას იქონიებს. ასევე, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდ პროგნოზებს ითვალისწინებს აღნიშნული მიმართულებით; აქცენტია ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებაზე.

სამწუხაროდ, ეს ომი კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ რყევებს ქვეყნის შიგნითაც, ამას ღიად ვხედავთ. ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი კვლავ ვერ გაერთიანდა; და ეს ქართული ჩასაფრება და წუთიერი ნიშნისმოგება ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს არ თქვა და მეორე რატომ თქვა, მართებული არ არის და პირიქით უნდა გავერთიანდეთ.

- შიგნით კიდევ რა ტიპის საფრთხეებზე ვსაუბრობთ?

- რეალურად, ჩვენი მდგომარეობა ძალზედ მყიფეა განსაკუთრებით სამაჩაბლოს მიმართულებით; რადგან თიბილოვის დე ფაქტო მარიონეტულ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები გამოთქმული. გეცოდინებათ, ეს შეეხება იქით საჩხერის, აქეთ თიანეთის რაიონს, თრუსოს ხეობას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სერიოზული საფრთხის შემცველია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ფორმალური საბაბიც კი, რომ ეს მოგონილი ტერიტორიული პრეტენზიები გამოიყენონ და კიდევ უფრო გააფართოონ ოკუპაციის ზონა.

აქვე სამხედრო თემას ანალიტიკურად თუ შევეხებით, სამწუხაროდ ჩვენივე ომებიდან ვერაფერს ვსწავლობთ. ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს რეალური ანალიზი სახელისუფლებო დონეზე მგონი დღესაც გაკეთებული არ არის; რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. არ არის თუნდაც მიზეზები დადგენილი - რა და რატომ მოხდა, რა დონეზე, იქ დიპლომატიური, სპეცსამსახურების თუ სამხედრო ელიტის დონეზე იყო ღალატი, კონკრეტულად სად მოქმედებდა რუსეთის აგენტურა და .. რეალურად, ეს ყველაფერი შესწავლილი არ არის. ამაზე არც ვინმე იწუხებს თავს, რაც სერიოზული პრობლემაა.

სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ქვეყანა (ამ უკრაინის ომში მონაწილეობს თუ არა) გულდასმით სწავლობს რუსეთის, უკრაინის მოქმედებებს. ფაქტობრივად, 21- საუკუნის სამხედრო დაპირისპირება, ომია, ბირთვული შეიარაღების გამოყენების გარეშე. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ასე რომ, ანალიზისთვის მასალა ძალიან ბევრია.

გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლებისთვისაც აუცილებელია შევისწავლოთ ყველა დონეზე როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა. მით უმეტეს, ორი რეალური პრობლემა გვაქვს - აფხაზეთი და სამაჩაბლო. ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ, მათ შორის სიტუაციის სამხედრო განვითარებისთვის. ვთქვათ, როგორ უნდა იმუშაოს ეკონომიკამ ასეთ დროს...

თუ აკვირდებით, რუსეთი ანადგურებს უკრაინის ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში საწვავის მარაგებს, საგზაო ინფრასტრუქტურას. თუ ის მოახდენს (და ალბათ ახდენს თანდათანობით) უკრაინის დიდი დასახლებული პუნქტების, ქალაქების ოკუპაციას, ბუნებრივია ყველანაირად გადაუკეტავს სასურსათო მომარაგებას უკრაინის არმიას, ეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია, ყველაზე ცუდი მოვლენებისთვისაც მზად უნდა იყო.

ჩემი აზრით, ჩვენთან არ არის დამუშავებული და აუცილებელია დამუშავდეს პარტიზანული ბრძოლის მოდელები. ეს ყველაფერი სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თუნდაც ასეთი ოკუპაციისთვის მომზადებული რომ ვიყოთ - შესაბამისი იარაღი, სურსათის მარაგები, საცავები ყველა ნორმალურ ქვეყანას გააჩნია; რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით. სამწუხაროდ, ყოველთვის თავდაცვითი ბრძოლები გვიხდება.

ასევე, აღსანიშნავია მობილიზაციის მომენტი. საქართველოში ეს პროცესი გარკვეულწილად დაიძრა. ისე არ არის, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა რეზერვების მომზადება უფრო პროპაგანდისტულ მიდგომებს ვერ ცდებოდა. ალბათ გახსოვთ საჩვენებელი, ვითომ ოთხი და ხუთდღიანი რეზერვისტობა, რამაც სამწუხაროდ ვერანაირი ფუნქცია ვერ შეასრულა. შეიძლება საბედნიეროდაც კი, რადგან ამ გამოუცდელ და სამხედრო საქმეში მოუმზადებელ ახალგაზრდებს აგვისტოს ომის დროს ჩავახოცვინებდით - ეს საკითხები მოსამზადებელი და განსავითარებელია.

მოკლედ, ამ ყველაფრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ასე მესახება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მართლაც დიდი თავდადება, მათ ეს დიდი დარტყმა თავის თავზე მიიღეს და რასაკვირველია მსოფლიო ყველანაირად უნდა დაეხმაროს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ადამიანურ დონეზე უნდა გავიღოთ. აქვე დახმარების ფონდებიც შემოწმებული უნდა იყოს; რადგან არ გამოვრიცხავ, რუსეთის მხარემ ცრუ საქველმოქმედო ფონდებიც შექმნას. დღეს ძალიან ბევრი საბანკო ანგარიში ქვეყნდება უკრაინისთვის, ესეც კარგად შემოწმებული და გააზრებული უნდა იყოს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მეგობარ უკრაინაში?

- დღეს პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. 24 თებერვლამდე ვფიქრობდი, რომ რუსეთი ღია ომს არ დაიწყებდა, რადგან ამაში რაციონალიზმი არ არის. მაგრამ ვნახეთ, რომ პუტინი რაციონალური იდეებით სულაც არ ხელმძღვანელობს. მას ყველანაირი მეთოდებით იმპერიის აღდგენა უნდა. ერთია, რომ უკრაინა მართლაც შეიძლება პუტინის დასასრულის დასაწყისი გახდეს.

ამ რეალობის პირველი პესიმისტური, ჩვენთვის და მსოფლიო საზოგადოებისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ რუსეთი იკავებს კიევს, ქვეყნის დიდ ქალაქებს და უკრაინაში (როგორც ყირიმში) ქმნის მოჩვენებით სიტუაციას, ატარებს არჩევნებს, რეფერენდუმს და თავისი კრეატურა, მარიონეტი მოჰყავს ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, აქ უკრაინელი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას რუსეთი გახლეჩს. ვიმეორებ, ეს უკრაინისთვის და ჩვენთვისაც ყველაზე უარესი სცენარია.

მეორე - ახლა ომი შეწყდება და რუსეთი არამარტო ლუგანსკისა და დონეცკის იმ ტერიტორიებს მიიერთებს, არამედ იქ ხერსონის ნაწილსაც. აქ განსაკუთრებით ოკუპირებული ყირიმის წყლით მომარაგების თემაა, რაც მნიშვნელოვანია. რუსეთმა ქალაქი დაიკავა და ის არხი გახსნა, რომლითაც მთელი ყირიმი წყლით მარაგდებოდა; და სახმელეთო საზღვარი ყირიმთან რუსეთისთვის მთავარია. ამ გზით ყელს შეინარჩუნებს, რაც ასევე პესიმისტური სცენარია.

მესამე - ყველაზე ოპტიმისტური სცენარი ისაა, რომ უკრაინა კიდევ რამდენიმე დღეს უძლებს და მსოფლიოს რეალური ზეწოლის შემდეგ პუტინი იძულებულია ჯარები გაიყვანოს; დაიწყოს მოლაპარაკება, სადაც ყბადაღებული დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების სტატუსი უკრაინის შემადგენლობაში უნდა იქნეს განხილული. ეს ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები ფორმა იქნებოდა.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია