მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ეშველება ჩვენში გამეფებულ გულგრილობას? - 02 აპრილი 2022

ანუ, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი ხანი იცოცხლოს ამ ცოდვილ ქვეყანაზე და მაინც  ტაქტისგან დაცლილ „საქონლად“ დარჩეს

კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე  მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და გულისტკივილს გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი . (სრულ გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ)  ვაკის პარკში სეირნობისას შემხვდა და საუბარი მოძმე უკრაინისთვის დახმარების კამპანიით დაიწყო.

- სულის სიღრმემდე შემძრა მეგობარი უკრაინელების თავს დატეხილმა უბედურებამ, იქმოსკოვიის ურდოსშეჭრამ და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობამ. ომის დაწყებიდან ამ ერთ თვეში დავბერდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ადამიანების ამდენი ტანჯვის ნახვით უკვე ყველაფერზე მეტირება.

სულ მახსენდება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი ჩვენთან, როდესაც ერთ-ერთ გასამხედროებულ სტრუქტურაში ვმსახურობდი. ისე მოხდა, რომ ომში წამსვლელთა პირველ ჯგუფში ვერ ჩავეწერე და მეორეში მოვხვდი. მაგრამ სანამ ჩვენც წაგვიყვანდნენ სამაჩაბლოში, ომი უკვე დამთავრდა (როგორ, ამაზე აღარ შევჩერდები) და ჩვენ, სამსახურის ეზოში მომლოდინენი აღარ წავუყვანივართ - ისევ ყაზარმულ რეჟიმზე დაგვაბრუნეს. ძალიან კარგად მახსოვს,  ყველაზე მტკივნეული ტელევიზორთან ჯდომა და ყურებაა, თუ როგორ შემოდის შენს მიწაზე მტერი ცეცხლით და მახვილით და გზად ყველაფერს ანადგურებს. შენ კი ზიხარ ტელევიზორთან, მორიგკურიერსუყურებ და ... ცუდად ხარ, რადგან ვერაფერი გიღონია ამ თავს დატეხილი უბედურების წინააღმდეგ. ახლაც დაახლოებით იგივე განწყობაა, ქართველებს ხომ ისედაც მოუშუშებელი იარა თავიდან გაგვიახლდა.

ახლა მე რა შემიძლია და შევაგროვე სახლში ვარგისიანი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი და დიდი ჩანთით . ფალიაშვილის ქუჩაზე, უკრაინის დახმარების ცენტრს მივაკითხე. ჩანთის უკან წამოღებას ვაპირებდი, რადგან სამსახურში სიარულისთვის სხვა წესიერი აღარ მქონდა. შევდივარ მიმღებ პუნქტში და უკრაინელი მოხალისე თანამშრომელიო მეკითხება - მაგ ჩანთის დატოვებასაც ხომ არ აპირებთო. - ამის დატოვებაც შეიძლება-მეთქი? - კიო. - ჰოდა, რა თქმა უნდა, ჩანთიანად ვტოვებ, გამარჯვება და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და დიდება უკრაინას-მეთქი. გულითადი მადლობით გამომისტუმრეს. მიმღებ პუნქტში ჩვენებურ მომსვლელთა რიგები არ წყდებოდა, კარგია, რომ ამ მოკრძალებული წვლილით  მაინც შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. ფაქტია, დღეს უკრაინაში ყველაფერი უჭირთ და ნებისმიერი სახის თანადგომა მათთვის სიცოცხლის გაგრძელების ტოლფასია.

- მაგრამ კიდევ რაღაცის თქმა გსურდათ ამასთან დაკავშირებით...

- ჰო, მაგას რა დამავიწყებს. სავსე ჩანთით კორპუსის კიბეებზე ჩავდივარ და მეზობელი მხვდება, - ასე საით გაგიწევია, ამ უდროო დროს სოფელში ხომ არ მიდიხარო. - არა, ჩვენი ძმები უკრაინელებისთვის შევკრიბე რაღაცები და ფალიაშვილზე უნდა ჩავიტანო-მეთქი, - მაგას კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით უკრაინელების საქმე მაინც ხელიდან წასულიაო, - მადევნებს ჩემთვის მოულოდნელად. 

- რას ნიშნავს ხელიდან წასულია, მთელი ერი გმირულად დადგა და დამპალ იმპერიას მედგრად ებრძვის-მეთქი. - მერე რა, ამხელა რუსეთთან უკრაინა მაინც წაგებულია, ომი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ მიწაზე მიმდინარეობს და უბრალო ხალხიც ადგილობრივი ეწირებაო.

- ბიჭო, შენ რანაირად მსჯელობ, მით უმეტეს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამაც ეს უბედური გზა გავიარეთ, ასე რა გალაპარაკებს მეთქი.

- არა ძმაო, არც მაშინ ვიყავით საკუთარ თავთან მაინც ბოლომდე მართლები, ვიცოდით დათვი მოგვერეოდა, ამიტომ ბაბაია უნდა დაგვეძახა, რუს ვანიას ვერც ჩვენ და ვერც უკრაინელები წინ ვერ აღვუდგებითო.

- ახლა რომ მოიგოს ომი უკრაინამ და ერთ უხერხულ ადგილას დაჭრილი ვანია დათვი ბინძურ სოროში რომ დააბრუნოს, მერე რაღას იტყვი-მეთქი.

- არა, ეგ არ მოხდება, ეს ყველაფერი ხომ დასავლელი მასონების გამოწვეულია და მოძმე სლავებიც მათ დაატაკეს ერთმანეთს, აქურდოდა უკრაინელთა თავისუფლებისთვის ბრძოლა არაფერ შუაშიაო; შეაყარე კედელს ცერცვი. - კარგი, კარგი-მეთქი და გზა ფალიაშვილისკენ უკანმოუხედავად გავაგრძელე.

ეზოში ახლა მეზობელ კორპუსელი ნაზი დეიდა მხვდება. - გია, ასე ჩქარა საით გაგიწევია, უკრაინის ამბებზე აზრი უნდა გკითხოო, მეუბნება. მკითხე-მეთქი. როგორ გაგრძელდება ეს ომი შენი აზრითო. - როგორ და გმირულად მებრძოლი უკრაინა დასავლეთის, მთელი წესიერი მსოფლიოს დახმარებით აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი. - შენ კი გჯერა ამის, მაგრამ არ მგონია ასე მოხდეს, ახლა რუსეთი რომ გაბრაზდეს და ატომური ბომბი გამოიყენოს, მერე სადღა მიდიანო. - რუსეთი მაგ გზას თუ დაადგება, პასუხსაც შესაბამის მიიღებს, ეს ქვეყანა რუსული ჩალით დახურული კი არაა-მეთქი.

ამაზე ნაზი დეიდა ცოტა კი ჩაფიქრდა, მაგრამ არ დანებებულა - არა გია, ეს ომი დასავლელმა მასონებმა გამოიწვიეს, რომ მოძმე სლავები ერთმანეთს ჩაახოცვინონ, მანდ ასევე რაღაც ებრაული შეთქმულების ბრალია და ..

კიბეებზე მსგავსი საუბრის შემდეგ აქ ვეღარ მოვითმინე და ცოტა არ იყოს ხმის ტემბრს ავუწიე, - რა ზღაპრებს მიყვებით, მარტო ასზე მეტია ბავშვია დაღუპული-მეთქი... მაგრამ აქაც საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უბანში თუ ქუჩაზე ყველას პირი ჰქონდა შეკრული და რაღაც  მასონურ შეთქმულებაზე საუბრობდნენ უკრაინაში; მათთვის რომ ჩაგეკითხა, თუ ვინ არიან მასონები, წესიერ პასუხს ვერავინ გაგცემდა, აი ვერავინ. სამაგიეროდ, ჩვენში კვლავ სახეზეა დამპალი რუსული პროპაგანდის შედეგი და ... შიშველი გულგრილობა.

- თქვენი აზრით, ეს კიდევ რაში გამოიხატება?

- გეტყვით. ცივ, წვიმიან დღეს, ვაკეში,  აბულაძის ვიწრო ქუჩაზე აჩქარებული ნაბიჯით მივდივარ. უცბად წინ ვხედავ ასაკოვანი მამაკაცი ბუჩქის ძირას წაქცეულია და ქალები თავზე ადგანან, გულწასულის მოსულიერებას ცდილობენ. მივედი, ქალბატონს ჩავენაცვლე და ხელები შევაშველე, შევეცადე მძიმე მამაკაცს თავი ბეტონის ბორდიურზე არ დაედო, შედარებით თბილად ყოფილიყო. იქვე ორ ნაბიჯში მცირეწლოვანი გოგონა დგას და ტირის. ვინ არის-მეთქი, ვიკითხე. -  ამ კაცთან ერთად მოდიოდნენ, ეტყობა პაპას აქვე საბავშვო ბაღში მიჰყავდაო. ვთხოვე ქალებს, რომ ბავშვი ცოტა მოშორებით გაეყვანათ, რათა ზედმეტად აღარ ენერვიულა. მერე იქვე ახლოს ბაღშიც მიიყვანეს, რათა იქ გაერკვიათ მისი მშობლების ვინაობა და დაჰკავშირებოდნენ.

ამასობაში სასწრაფო დახმარება როგორც ყოველთვის აგვიანებს, არადა ხომ იცით, ორ ნაბიჯში არიან იქვე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე. კაცი გათიშულია, ხრიალებს, აბა ჩვენ დილეტანტებს მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთ-ერთი გაიქცა და იქვე აბულაძეზე ორ ნაბიჯში კლინიკიდან (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ, იქ მომუშავე სხვა პროფესიონალ დასტაქრებს ჩრდილი რომ არ მივაყენო) ექიმი მოიყვანა, ახალგაზრდა მამაკაცი. დგას ეს ჯეელი, სიგარეტს ეწევა და ბრძანებებს იძლევა, - მე ბატონო,  სასწრაფოს ექიმი კი არა, ქირურგი ვარ, აბა მე რა შემიძლიაო. - ის მაინც მითხარით, როგორ მოვიქცე კაცი არ მოკვდეს-მეთქი, - ვცდილობ თავი შევიკავო. - გვერდზე მოაბრუნე, რადგან აღებინებს და არ დაიხრჩოსო. კიდევ კარგი ეს მაინც მითხრა, სასწრაფოდ შევაბრუნე და ამოიღო, - მიდი ამოიღე ძია, არ შეგეშინდეს, სასწრაფო ახლავე მოვა-მეთქი. არ ვიცი, ჩემი ნათქვამი ესმოდა თუ არა, ერთია, რომ რასაც ვაკეთებდი ყველაფერში მემორჩილებოდა და მომყვებოდა. ნელ-ნელა გრძნობა დაუბრუნდა; ამ დროს ექიმმა დაიხარა მისკენ და ავადმყოფმა ხელი არ ჰკრა? ამაზე ხომ გადაირია ექიმი, - ხელს რატომ მკიდებო, ჩხუბი დაუწყო გათიშულ კაცს, თვალებგადმოკარკლულს გრძნობა რომ სრულად არც კი ჰქონდა დაბრუნებული. წამოდგა ეს ექიმი და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას.

კიდევ კარგი ამ დროისთვის უკვე სასწრაფოს ექიმებიც მოვიდნენ, თორემ ეს კლინიკის ექიმი სალანძღავი გაგვიხდებოდა, უკვე მოთმინების ყველა ლიმიტი ამოწურული იყო. საღოლ ჩვენ, თუ ეგეთი ქირურგები გვყავს. ეს კაცი ხალხის თვალწინ ასე უგვანად რომ იქცეოდა, ჩაკეტილ პალატაში როგორღა მოიქცევა. ასე თუ ისე, მამაკაციხეჩინაშვილშიგადაუდებელში წაიყვანეს და იმედია გადარჩებოდა. იქვე მდგარი ბავშვის ტირილი რამდენიმე დღე თავს მახსენებდა.

- ამ გულგრილობას რა ეშველება?

- არ ვიცი, რეცეპტი არ მაქვს. ერთი შემთხვევა კი არაა. ბოლო დროს რამდენიმედღიანი სიცხეები მქონდა. სურდო-ხველა არაფერი, მარტო სიცხეები. რის გამოც სამსახურში ვერ მივედი და საოჯახო პოლიკლინიკიდან ცნობა დამჭირდა. მივედი ასე სიცხიანი, კარი შევაღე და შორიდანვე მიმღებში გოგონებს დაველაპარაკე - აღარ შემოვდივარ და სასწრაფო ტესტზე მოსული ვარ-მეთქი. - რამე ნიშნები თუ გაქვსო, - მკითხეს. ცოტა სიცხე-მეთქი და... ამ დროს იქვე მისაღებში ცოტა მოშორებით ასაკოვანი ქალბატონი ზის, - უიმეეო, ერთი საზარლად შეჰყვირა და ჩემთან ზურგით შებრუნდა კიდევ უფრო საშინლად და დემონსტრაციულად; თითქოს არნახულად კეთროვანი ვყოფილიყავი, გამონაყარებით დაფარული თავიდან ფეხებამდე. შოკში ჩავვარდი, ეს ადამიანი როგორ იქცევა-მეთქი. ხმამაღლა არ მითქვამს, რა თქმა უნდა, მხოლოდ შევწყვიტე გოგონებთან შორიდან საუბარი და ხელი ჩავიქნიე იმის ნიშნად, - ეს საცოდავი ვინღაა-მეთქი. მოვხურე კარები სიცხიანმა, მსგავსი ქცევის შემყურეს სიცოცხლის სურვილი რომ გეკარგება.

უკანა მხრიდან შევედი სწრაფი ტესტის ოთახში და ახალგაზრდა ლაბორანტს ვეკითხები - აი, იქნებ თქვენ მიპასუხოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა 60-70 წელი იცოცხლოს ამ ცოდვილ ქვეყანაზე და მაინც ასეთ ტაქტისგან დაცლილ საქონლად დარჩეს-მეტი. მიყურა მიყურა სიცხიან თვალებში თეთრხალათიანმა ქალბატონმა და ხმამაღლა მთელი გულით გაიცინა. ისე, რომ ეს ბავშვურად სუფთა სიცილი მეც გადმომედო და ორივე გიჟებივით ვხარხარებდით, - არა, ბატონო გია, არ შეიძლება ასეთ კარგა ხანს ცოცხლობდეს ადამიანი (ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს) და მაინც ასეთ უგვანად დარჩესო, - მიპასუხა ისე, რომ სიცილს ისევ ვერ იკავებდა.

სიცხიანობის მიუხედავად, სწრაფი ტესტის ლაბორატორია ბედნიერმა დავტოვე (ცოტა ხნის წინ ხომ სიცოცხლე აღარ მინდოდა), კოვიდიც აღარ დამიდასტურდა; ან რად მინდა, უკვე ორჯერ მაქვს გადატანილი.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია