მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ხვალ ჯარში მივდივარ..." - 28 სექტემბერი 2022

უფალმა მაზიარა უნეტარეს წუთებს, როდესაც ფიცი დავდე სამშობლოს წინაშე, თუმცა გული ცრემლით მქონდა სავსე, მე ფიცს ვდებ და ჩემი ბიჭები მიწაში ქრებიან-მეთქი“

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 18-დან 51-წლამდე მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული (ტოტალური) თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 

ამ თემაზე რეზერვისტ ზაირა მიქატაძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ზაირა, სანამ რეზერვში წახვიდოდით, რა შეხება გქონდა თავდაცვის სფეროსთან?

- ჩემში ჯარისკაცი  დამოუკიდებელი საქართველოს პირველ გვარდიელთან ასოცირდება. ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ქართული ჯარი ჩემ თვალწინ იქმნებოდა და ვითარდებოდა. მაშინ რომ გამჩენოდა ჯარისკაცობის სურვილი, კიდეც გავხდებოდი, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩემი მომავალი პროფესია ყველაფერს მერჩია. აფხაზეთის ომშიც ჩემი პროფესიით  მოვხვდი, თორემ იარაღთან შეხება საერთოდ არ მქონია. მაშინ ვინ იცოდა ომის კანონი და როცა საბრძოლო მოქმედებებში გავდიოდით, მეომრებისგან განმასხვავებელი სამოსის ნაცვლად მეც სამხედრო ფორმა მეცვა, „სატინისქსოვილისაგან შეკერილი. ომის შემდეგ იგი ჩემი წარსულის რელიკვიად იქცა და სასოებით ვინახავდი, სანამ მეზობლის ბიჭმა არ მთხოვა, რომელიც ჯარში ახალგაწვეული იყო. ჯარისკაცს ფორმა არ ჰქონდა და როგორ დავუკავებდი?! ასე რომ, მე ჩაუცმელ ჯარსაც მოვესწარი. აფხაზეთის ომში ბიჭები რომ სამოქალაქო ტანსაცმლითა და საკუთარიჯინსისშარვლებით იბრძოდნენ, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

მოგეხსენებათ, 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებისას ეროვნული გვარდია ორად გაიყო. ერთი ნაწილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იცავდა, მეორე ნაწილი კი, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, კანონიერი ხელისუფლების დასამხობად იბრძოდა. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, ეს იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო და მოღალატეობრივი ფურცელი, რომელმაც ქვეყანა წელში გატეხა. თავდაპირველად სწორედ გვარდიის ეს ნაწილი შევიდა აფხაზეთში და აღმოჩნდა რუსული სამხედრო ძალებისა და შეიარაღებული სეპარატისტების პირისპირ. მტერს, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში პუტჩი მოაწყო, ქართველი ხალხის ერთობა არც ამჯერად აწყობდა და ამუშავდა კრემლის აგენტურაც. ქართული ჯარი აფხაზეთში საძარცვად და საყაჩაღოდ წავიდაო, ხშირად მოისმენდით მოარულ ხმებს. როგორ არ მინდოდა, ასე ყოფილიყო! საკუთარი ჯარის იმიჯზე ფიქრი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რამაც მე აფხაზეთის ომში წასვლა მაიძულა. პატარა გოგო არ ვყოფილვარ, 22-23 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ომის კადრების ნახვა და აღწერა. ჩემს კალამს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, მეწერა ახალბედა ქართული ჯარის რეპუტაციის შემლახავი დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გადმომეცა ომის ისტორიები. „მძარცველებისადაყაჩაღებისნაცვლად მე იქ ვნახე თავგანწირვითა და სიმამაცით გამორჩეული ქართველი მეომრები. როცა ამდენ თავდადებულ მებრძოლს ვხედავდი, საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრის მრცხვენოდა. ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა, მაგრამ ისევ და ისევ მათი სახელებისა და საქმეების უკვდავსაყოფად, ძალები მოვიკრიბე და ცხოვრება გავაგრძელე. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვეძებ უსახელო გმირებს და ვწერ მათ ისტორიებს. ამ საქმისთვის დავაფუძნე და გამოვეცი სამხედრო-პატრიოტული ჟურნალიმეციხოვნე“, სადაც სწორედ ასეთი გმირები არიან თავმოყრილი. სულ ეს არის ჩემი შეხება თავდაცვის სფეროსთან.

- აქტიურ სარეზერვო სამსახურში როგორ მოხვდით?

- მთელი სიცხადით ვგრძნობდი, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე ვაკეთებდი. ხშირად ვაწყობდი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მხარდამჭერ და წამახალისებელ ღონისძიებებს. 2013 წელს თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით განვახორციელე პროექტი სახელწოდებით, „წერილები ავღანეთიდან“. სოლიდარობის ნიშნად ღონისძიებებზე ყოველთვის სამხედრო ფორმით მივდიოდი. სამხედრო ფორმისა და ფორმიანის სიყვარული და პატივისცემა ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან მომყვება. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოვინდომე, თავადაც ჩამეცვა ფორმა.

როდესაც აფხაზეთის ომში ტამიშის დესანტის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოვჩნდი, მივხვდი, ქალი მამაკაცი მეომრების გვერდით სიმამაცისა და გამბედაობის წყარო იყო. ამიტომაც ვთვლიდი, რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ყოფილიყო ქართული ჯარის რიგებში. ახლახან 202- ბატალიონის 30-მა რეზერვისტმა სწავლების საკმაოდ რთული კურსი გავიარეთ. ხშირად მიხდებოდა პარალელების გავლება აფხაზეთის ომის სიტუაციებთან და თავს იმითვიმხნევებდი“, რომ მაშინდელისგან განსხვავებით,  ამჯერად არცერთი ჩვენგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. სულ ორი ქალი ვიყავით, მე და თეა შარაშიძე. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, ბიჭები ცოტას მაინც წაიწუწუნებდნენ. მოკლედ, ჩემი რეზერვში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, ჩემი გამოცდილებითა და ასაკით სხვებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობისთვის, მაგალითის მიცემა, რომ სამშობლოს დაცვის მოვალეობამ ასაკი არ იცის.  შემდეგ კი -  ჩემი ბიჭების საფლავებთან მათთვის მიცემული სიტყვა,  მათ საქმეს მე გავაგრძელებდი. მე ამ სიტყვის შესრულების  შესაძლებლობა მომეცა რეზერვში. უფალმა მაზიარა უნეტარეს წუთებს, როდესაც ფიცი დავდე სამშობლოს წინაშე, თუმცა გული ცრემლით მქონდა სავსე, მე ფიცს ვდებ და ჩემი ბიჭები მიწაში ქრებიან-მეთქი.

ვიდრე პირველ შეკრებაზე წავიდოდი და კონტრაქტს გავაფორმებდი, წინა ღამით პოსტიც კი დავწერე ჩემს ფეისბუქგვერდზე, სადაც მთელი ჩემი ემოცია გადმოვეცი:

ხვალ ჯარში მივდივარ...

კაცმა რომ მკითხოს, რატომო, პასუხი ბევრია. რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს სახელმწიფოს ინტერესებისაგან განკერძოებით. მერგო პატივი და მონაწილეობა მივიღე ჩემი ქვეყნის ერთიანობის დაცვაში. ახლა კი საშუალება მეძლევა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; მოვიხადო სამხედრო ვალდებულება სამშობლოს წინაშე; აქტიურად ჩავერთო ქვეყნის თავდაცვაში. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის და ყოველთვის მჯეროდა, დადგებოდა დრო და ჯარისკაცის ამპლუასაც მოვირგებდი. ასე რომ, მართლაც არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, და არც შესაძლებლობებზე დაიჩივლო, რადგანაც მას დიდი მონდომება აჩენს, მონდომება, სურვილი და მიზანი. ჩემი მიზანი კი ისაა, ბოლომდე დავიხარჯო, ბოლომდე დავიწვა, ბოლომდე ამოვწურო საკუთარი თავი და ეს ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. კარგა ხანია, წლებს აღარ ვუყურებ და იგი მხოლოდ წელთაღრიცხვაა და მეტი არაფერი. წლები ჩემთვის წარსულზე მეტად გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც ახლის შექმნაში მეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხო არაა ყაზარმა, დენთის სუნი და ტყვიის წუილი, მაინც მგონია, რომ სრულიად განსხვავებული ეტაპი დგება ჩემს ცხოვრებაში, სადაც არ გაქვს არათუ დაღლის, არამედ წელში მოხრის უფლებაც კი, რადგანაც მტერმა მხოლოდ მხრებგაშლილი და წელგამართული უნდა გნახოს. ეს განცდა მქონდა მაშინაც, როცა ომში მივდიოდი, როცა თოფის ხმის მეშინოდა და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი. სხვათა შორის, მკვდარსაც არ ვიყავი შენახები... მერე იყო პირველი ცრემლები ომში შეძენილი მეგობრების ცხედრებზე. მერე იყო ჩუმად დადებული ფიცი მათ კუბოებთან, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებდი. ხვალიდან ამ ფიცის განხორციელების შესაძლებლობა მეძლევა, რისთვისაც ასიათასჯერ ვმადლობ უფალს.

ხვალ ჯარში მივდივარ... თუმცა არ ვიცი, რა ჰქვია ამას, წარსულში დაბრუნება თუ დაბრუნება წარსულიდან...

ხვალ ჯარში მივდივარ...“

- პროგრამა კონკრეტულად რას ითვალისწინებს?

- ტოტალური თავდაცვის კონტექსტში რეზერვი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. შეიარაღებული კონფლიქტების გარდა რეზერვის ჩართვა გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეშიც, როგორიცაა, ხანძარი, წყალდიდობა და .. შედეგი ის იქნება, რომ პირველ რიგში, გაიზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, გარდა იმისა,  რომ რეზერვი კონფლიქტურ სიტუაციებში იქნება ჩართული, იგი დაეხმარება მოსახლეობას სტიქიური უბედურებების დროსაც. აქტიური რეზერვის ფარგლებში ტერიტორიული რეზერვის განვითარებით  რეგიონს ეყოლება თავისი მცველები. პირადად მე, თბილისის მასშტაბით ვირიცხები ტერიტორიულ რეზერვში  და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-  ბატალიონის მეორე ასეულში ვმსახურობ.

- რა პირობებში მსახურობთ?

- სამსახურსპალდოს  საწვრთნელ ბაზაზე გავდივართ. ნორმალური პირობებია. ყოველ შემთხვევაში, პირობების გამო სწავლებაში ხელი ნამდვილად არ გვეშლება. როგორც გვპირდებიან, მალე საგურამოში გადაგვიყვანენ, სადაც ბაზის გარემონტება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.  ჯერჯერობით პალდოში ვართ და სიტუაციას არ ვუჩივით. გვყავს არაჩვეულებრივი მეთაურობა და კარგად მომზადებული ინსტრუქტორები, რომლებიც ცდილობენ, მთელი თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაწვრილებით გადმოგვცენ და გაგვიზიარონ. და

რაც მთავარია - მოტივირებული და მონდომებული რეზერვისტები. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მათ გვერდით მსახური. აქვე მინდა, აღვნიშნო, წელს პირველად, თავდაცვის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში (აღლუმში) რეზერვისტთა ქვედანაყოფმაც მიიღო მონაწილეობა, რაც მისასალმებელია და ყველა რეზერვისტისთვის სასიხარულო ფაქტია. კარგი იქნება, თუკი ეს ტრადიცია დამკვიდრდება და დამოუკიდებლობისა და ეროვნული გვარდიის დღეებშიც გაგვიყვანენ. თავდაცვის უწყების ასეთი მიდგომა სარეზერვო სამსახურის იმიჯს კიდევ უფრო ამაღლებს და მეტ სერიოზულობას სძენს.

- ამ პროცესს დამსაქმებლები რამდენად უწყობენ ხელს?

- პირადად მე, ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და ჩემი სამსახური თავადაა ჩართული რეზერვის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში.  ესეც რომ არ იყოს, ჩემი ხელმძღვანელები მაღალი რანგის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და მეომრები არიან და მათზე უკეთ არავინ იცის სამხედრო სამსახურის როლი და ფასი. პირიქით, სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებების შესახებ ხშირად მეკითხებიან. ისე კი ბევრი რეზერვისტისგან მსმენია, რომ დამსაქმებელი პრობლემებს უქმნის და მთელი რიგი წინააღმდეგობების გადალახვა სჭირდებათ. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყოვლად გაუგებარია, რატომ არ უნდა აძლევდე ადამიანს იმის საშუალებას, რომ მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, რაშიც  მათი ოჯახების დაცვაც მოიაზრება?! კანონით ვალდებულები არიან, ხელი არ შეუშალონ თანამშრომელს, გამოცხადდეს რეზერვის შეკრებაზე, მაგრამ როგორც ჩანს, კანონს პატივს არ სცემენ. არ ვიცი, რა ჰგონიათ. იქ გასართობად და დასასვენებლად არავინ მიდის. რეზერვიც ჩვეულებრივი სამხედრო სამსახურია, სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე ვეუფლებით სამხედრო საქმეს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია