მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი თუ მოგვარდა, ეს მამაკაცებისთვის ცუდი რატომ არის?“ - 30 სექტემბერი 2022

სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და ბოლნისში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი მოპასუხექვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყაროსპრეზიდენტი მარინა ბჟალავაა.  

ufleba.ge

ქალბატონი მარინა გვეუბნება, რომ ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში ძირითადად ქალები მუშაობენ. მისივე თქმით, მმართველობაშიც ბევრად მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე დღეს არიან: „ბოლნისშიც გადაწყვეტილების მიღება-აღსრულებაში მამაკაცები უფრო არიან წარმოდგენილი. საკრებულოს წარმომადგენლებთან: ფერიდე ტვილდიანთან, ნონა რეხვიაშვილთან და ნონა ყაველაშვილთან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაკავშირებს ; გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. ეს თანამშრომლობა რომ არა, მუშაობა ძალიან გაგვიჭირდებოდა. პროექტებს ვწერთ და მათთან კონკრეტული წინადადებებით მივდივართ. ოფიციალურ მიმართვებამდე, ტელეფონზე ვრეკავ და შინაურულად ვმსჯელობთ, როგორ გადავჭრათ პრობლემა“. 

მაგალითისთვის, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის (უკონტროლოდ რომ არ დაეწვათ) პროექტი განახორციელეს და ბანერიც დადგეს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ  მათ ამ საქმეში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაეხმარნენ: „მათი ჩართულობა გადამწყვეტია. პროექტსაც იმ იმედით ვწერთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხარში დაგვიდგება. თუნდაც ბანერისთვის ადგილი რომ გამოიძებნა, ამ ლიდერი ქალბატონების დამსახურებაა. ამავე დროს, სოფლებში რომ დავდიოდით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვყვებოდა, ჩვენთან ერთად მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბუნების დასაცავად. ნებისმიერ საკითხზე თვითმმართველობის კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გვაკავშირებენ და ..“ 

ბჟალავას თქმით, ასევე, ბოლნისის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც ქალებიც არიან წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით, მერის თანაშემწეა სალომე საღინაძე, ვისთანაც ბოლო დროს კარგად თანამშრომლობენ: „მისი თანადგომით, შეხვედრებს სათემო ცენტრებში ვმართავთ. სხვანაირად პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, რაც უნდა სასიკეთო ნაბიჯები დაგეგმო. კიდევ ვალენტინა ნავერიანია, რომელიც სოციალურ საკითხებზე მუშაობს და აქტიურად გვეხმარება. მათ შორის, შშმ პირ ქალებთან შეხვედრებს ესწრებიან, უშუალოდ ისმენენ გადასაწყვეტ პრობლემებს. ბოლო შეხვედრაზეც ინგა ფოცხვერაშვილი (გენდერული თანასწორობის განყოფილება) და სოციალური სამსახურიდან მახლდნენ. მათ მონაწილეობას მოსახლეობა განსაკუთრებულად აღიქვამს, ეს ეთნიკურ უმცირესობას უფრო შეეხება. იგივე სოფლებში რწმუნებულებს რომ დაურეკავენ, გაცილებით პასუხისმგებლობიანად უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ინგა ფოცხვერაშვილმა დაურეკა რწმუნებულებს და უთხრა, რომ სოფლებში შშმ პირ ქალებს და მათ ოჯახის წევრებს უნდა შევხვედროდითვიარეთ, ყველგან კარგად მიგვიღეს და მათ შესახებ სრული ინფორმაცია წამოვიღეთ. ინდივიდუალურად შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას; რათა ამ ადამიანების განათლებას და შემდეგ დასაქმებას ხელი შეეწყოს“. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის ხელშემშლელ ფაქტორებზე ქალბატონი მარინა გვეუბნება, რომ დღემდე სტერეოტიპული დამოკიდებულებაა - რომ ქალს უფრო საოჯახო საქმე ევალება და პოლიტიკა მამაკაცის საქმეა: „ამაზე პროექტები განგვიხორციელებია, როცა მამაკაცები დაუფარავად გვეუბნებოდნენ, რომ ქალები პოლიტიკაში გვეცოდებიანო. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩვენთან ეს პოლიტიკაც ზედმეტად დამძიმებულია. ბოლო დროს ქალები შედარებით აქტიურები კი გახდნენ, მაგრამ მეტი არის საჭირო“.    

ბჟალავას თქმით, ადრეულ და იძულებით ქორწინებაში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ პროგრესი შეუქცევადი უნდა გახდეს. მისივე თქმით, გენდერულ საკითხებზე 2001 წლიდან მუშაობენ (დღეს ქალთა რადიოც აქვთ) და ურთულესი რეალობის წინას იდგნენ: „ჯერ გათიშულობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მოგეხსენებათ, 90-იანებში ბოლნისში ამ ნიადაგზე შეტაკებაც მოხდა. ამ ამბებმა კიდევ უფრო დაშორიშორება გამოიწვია. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი სამოქალაქო აქტივისტებს მტრებად აღგვიქვამდა. ახლა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ბევრი საკითხი გადაგვიწყვეტია“. 

ქალბატონი მარინა აზუსტებს, რომ ნაადრევ ქორწინებაში უფრო ეთნიკურ უმცირესობას გულისხმობს. იმასაც იხსენებს, ერთხელ 11 წლის გოგონა როგორ მოიტაცეს და 12 წლისას უკვე ქორწილი გადაუხადეს: „ასეთი საშინელებები დღეს აღარ ხდება. იყო სოფლები, საიდანაც სკოლიდან შეიძლება მეექვსეკლასელი გამოეყვანათ და დაენიშნათ. სოფელ ნახიდურში პედაგოგად 10 წელი ვიმუშავე. ადგილებზე საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყვეთ, რომელიც ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებდნენ. საამაყო წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომ დღესაც მოქმედებენ - „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოშიდაქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი“ - პროექტებსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ამ ადამიანებს საკუთარ თემში უფრო მეტი კონტაქტები და შესაძლებლობები  აქვთ, ენის ბარიერიც არ აქვთ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ გზით სამოქალაქო ღირებულებები უნდა გავზარდოთ და განვავითაროთ. ფონდიტასოსპროექტიც გვაქვს და პირდაპირ ამ საინიციატივო ჯგუფების გააქტიურებაზე ვმუშაობთ; რათა შემდეგ ოფიციალურად ორგანიზაციები გახდნენ და მეტ შედეგებს მიაღწიონ. ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა წამოვიდნენ, მუდმივად პროგრესირებენ. მათთან ერთად სოფლებში დავდიოდით და გოგონებს ვეკითხებოდით, რა საჭიროებები აქვთ, რა უნდოდათ. მაგალითად, სოფელ ნახიდურში ბიბლიოთეკა არ გვაქვსო. ვცდილობთ ისინი არ დაფრთხნენ და ნელ-ნელა ვიაროთ პროგრესის გზით. არ გვავიწყდება, ადრე სოფლებში სკოლას ვერ ამთავრებდნენ, განათლებას ვერ იღებდნენ, მაღალ კლასებში გოგონას ვეღარ ნახავდით. ბოლო წლებია სკოლასაც ამთავრებენ და მოტაცების ფაქტებიც კი შემცირებულია. მახსოვს გოგონა, შეხვედრისას გვითხრა, რომ თვითმკვლელობამდე იყო მისული, როცა ძალით დანიშნეს და ათხოვებდნენ. მთელი თავგადასავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევა დაგვჭირდა (ძალიან გამოგვადგა), რომნიშანიუკან დაებრუნებინათ. აზერბაიჯანულ თემში ნიშნის უკან დაბრუნება ერთი სერიოზული ტრაგედია თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა. გოგონები ამ ყველაფერს უკვე წინააღმდეგობას უწევენ“. 

ასოციაციის პრეზიდენტი ძალადობის ერთ შემთხვევაზე სასამართლო პროცესზე დასწრებასაც აპირებდა, - ჯერ არაო, უთხრეს. მისივე ინფორმაციით, ქალი სახლიდან გამოუშვეს, შვილები წაართვეს: „აზერბაიჯანელ მამაკაცებს მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხშირი ურთიერთობა აქვთ, ეკონომიკურადაც ქალებზე უფრო ძლიერები არიან. ამ მხრივ ქალი იჩაგრება. როდესაც ქალი ეკონომიკურად ფეხზე ვერ დგას, ნაკლებად დაცულია. ამიტომ ვიბრძვით ეკონომიკურად გავაძლიეროთ, ვზრუნავთ განათლებაზე. გოგონებს ვუხსნით თუ რამდენად ცუდია ადრეული გათხოვება განათლებისა და მისივე კარიერისთვის. სხვათა შორის, მამაკაცებსაც ვუხსნით უარყოფით შედეგებს, რასაც ქალებისთვის განათლების შეზღუდვა იწვევს - საზოგადოებისთვის, მათივე ოჯახისთვის და .“. 

ქალბატონი მარინას თქმით, გენდერული სამართლიანობის გასაუმჯობესებლად გამოსავალი მეტი ინფორმირებასა და განათლებაშია. მისივე დაკვირვებით, ხშირად მამაკაცებსაც ჰგონიათ, რომ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობენ, როცა ქალების უფლებების დაცვას და გაძლიერებას ხელს უწყობენ: „მაგრამ ჩვენ ამით მამაკაცების უფლებებს კი არ ვარღვევთ, ქალმაც ასე არ უნდა გაიგოს. მიზანია ოჯახში იყოს ჰარმონიული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა. პოლიტიკაშიც ქალების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან განსხვავებული ხედვა აქვთ. ქალს ბუნებრივად სოციალური საკითხებისადმი უფრო მეტი მგრძნობელობა აქვს. ერთი აქაური შემთხვევა მახსენდება - მამაკაცებმა სოფლის კრებაზე პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, ხოლო ქალებმა წყლის საკითხი, რეკრეაციული ზონის გაკეთება, გარემოს დაცვა ამჯობინეს. და თუ ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი (პრობლემა) მოგვარდა, ეს მამაკაცებისთვის ცუდი რატომ არის?“

მართლაც რიტორიკული კითხვაა - ამიტომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ცენტრალურ თუ ადგილობრივ პოლიტიკაში. მასმედიამ ამ პროცესს მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ, ისევ და ისე ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის.  

წყარო

http://ginsc.net/home.php?id=3156&cat=2&sub=1&mode=11&lang=ge

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია