მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გაძვირებული რკინიგზა და... მედიათეკა, სადაც კონდიციონერი ისევ არ მუშაობს - 04 ოქტომბერი 2022

თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა. 25 ივლისიდან მატარებლით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი – 74 ლარი, ბიზნესკლასი – 124 ლარი. ამ დრომდე ბათუმი -თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავრობა 25 ლარი ღირდა.

ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი მალხაზ . (გვარს არ ვასახელებთ) გვესაუბრება.

- ყურადღებას თუ აქცევთ, ყველაფერი ძვირდება ქვეყანაში, ადამიანების შემოსავალი კი არ იმატებს. წარმოუდგენელია, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომ ისედაც გაღატაკებულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს.

რკინიგზამდე სანამ მივალთ, ერთ სახასიათო მაგალითზე მოგახსენებთ. ვაკის პარკის შესასვლელში უკვე წლებია მედიათეკა ფუნქციონირებს. წინა ხელისუფლებისას მერმა უგულავამ გახსნა დიდი ზარზეიმით და აბონენტს სამ თვეში ერთხელ მხოლოდ შვიდი ლარის გადახდა უწევდა. შეგეძლო ამ სიმბოლურ ფასად გამოგეყენებინა ყოველდღიურად ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. ვინც იცნობს აღნიშნულ სივრცეს, გახსნის დღიდან მედიათეკაში სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა. ასევე, კვირა არ გავიდოდა, იქ საინტერესო შეხვედრა არ გამართულიყო. რამდენადაც ვიცი, ესეც უფასოდ ხდებოდა, უბრალოდ წინასწარ იყო საჭირო თავისუფალი სივრცის დაჯავშნა. არაერთი საინტერესო დისკუსიის მომსწრე ვყოფილვარ განათებული მედიათეკის სივრცეში.

- მერე რა მოხდა?

- ხომ გახსოვთ ქართული ოცნება როგორი ლოზუნგებით მოვიდა - კომუნალური გადასახადების, საწვავის ფასების განახევრება, უფასო ფული, ასობით ქარხანა და მისთანები. მაღალ მატერიებს რომ შევეშვათ, სულ ცოტა ხანში მედიათეკის გამოყენების საფასური გააორმაგეს ისე, რომ მომხმარებლისთვის არაფერი უკითხავთ. თან არ დაგავიწყდეთ, თანდათანობით მომსახურება გააუარესეს. ისე, რომ ზამთარში გათბობა აღარ მუშაობდა და ზაფხულში კონდიციონერი. ამან კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია, ფეხებზე ეკიდათ. ზამთარი ისე გადიოდა რომ გათბობის ქვაბს არაფერი შველოდა და თვითონ მომსახურე პერსონალიც ყინვიან ამინდებს მედიათეკაში, პალტოებში ჩაცმული ატარებდა. ისეთი სისტემა ჩამოყალიბდა, არავინ არაფერზე იყო პასუხისმგებელი და მედიათეკის მშვენიერ იდეასაც ნელ-ნელა დედა ეტირებოდა.

- ეს სადამდე გაგრძელდა?

- სანამუფროსობასმაშველ რგოლად კოვიდ პანდემია არ გამოეცხადა. იქ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, რის გამოც ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. მთელი ორი წლის განმავლობაში აღარ მუშაობდა - პირბადით თუ მის გარეშე საყინულეში ჯდომა მაინც შეუძლებელი იყო. აჩრდილების საუფლოს დაემსგავსა ცოტა ხნის წინ სიცოცხლით სავსე დაწესებულება.

- მაგრამ პანდემია ხომ თითქმის დასრულდა?

- კი ბატონო და ამ გაზაფხულიდან თითქოს მედიათეკამაც მინავლებული სიცოცხლე განაახლა. შევდივარ როგორღაც და მისაღებში ახალმოყვანილ თანამშრომელს ვეკითხები, - რამე ცვლილებები ხომ არ გაქვთ მეთქი.

- დიახ, მომსახურება გაძვირდა, თვეში 20 ლარი გახდაო, - მიპასუხა.

- ასე რატომ გააძვირეს, გადაწყვეტილება ვინ მიიღო ხომ არ იცით, მედიათეკების გაერთიანება ხომ დედაქალაქის მერიას ეკუთვნის, მასში შემავალი ააიპ-ია და ასე როგორ შეიძლება-მეთქი.

- მე სამწუხაროდ ვერაფერს გიპასუხებთ, უბრალოდ კოვიდპანდემიის შემდეგ რაც გავიხსენით, ასეთი საფასურიაო, - მისთვის რა უნდა მეთქვა.

შიდა სივრცეში შევედი, გადავხედე და არ მგონია მეშლებოდეს... იქ ძირითადად უცხოელი სტუდენტები იყვნენ, ძველი ნაცნობებიდან ვინც ადრე დადიოდა, ვერავინ ვნახე. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია - ძალიან ბევრი თვეში ოც ლარს ვერ გადაიხდის იმის მიუხედავად, რომ მისთვის სახლიდან თავის დაღწევა და აქ მოსვლა ამოსუნთქვა იყო.

უცხოელებს არაფერს ვერჩი, მაგრამ იმას მივმართავ ვისაც პირდაპირ ეხება - თქვე უნამუსოებო, უგულავამ ბრწყინვალე იდეა - მედიათეკების გაერთიანება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვისაც არ წამოიწყო? ან რით ვერ ამოიყორეთ თქვენი ჯიბეები, რომ გასაცოდავებული მოქალაქეებისგან გსურთ ისევ დამატებითი თანხების ამოხაპვა? მერე ერთ-ორი ნაცნობი შეხვდა ვაკის პარკში და დამიდასტურა, რომ ახალ აბონენტს ვეღარ იძენენ ასე უსინდისოდ გაძვირების გამო. აბონენტი აღარც მე მიყიდია.

- აგრძელებს მედიათეკა მუშაობას?

- აგრძელებს კი არა! ამასწინათ შევამჩნიე, რომ სიცარიელე იყო შიგნით, მივედი ახლოს და რას ვხედავ, წარწერაა - კონდიცირების სისტემის რემონტის გამო მედიათეკა სექტემბრამდე არ იმუშავებსო! აქ რომ გავჩერდე და აღარაფერი მოგიყვეთ, თქვენთვის ალბათ ყველაფერი გასაგები იქნება. წარმოიდგინეთ, ელემენტარული კონდიცირებაც არ ჰქონდათ გარემონტებული და უკვე მომსახურება სამ თვეში 7 ლარიდან თვეში ოც ლარამდე გააძვირეს ისე, რომ ადგილობრივი იქ თითქმის ვერავინ შედიოდა. ისედაც მომხმარებელი კანტი-კუნტად ჰყავდათ და უნიათობა-უსაქმურობის გამო ისინიც დაიფრინეს!

ჰოდა წარმოიდგინეთ, დაახლოებით ეს კატეგორიაამბიონიდანრომ გადმოდგება და ქადაგებს ერეკლე მეორის დაცვის აუცილებლობაზე. ბიჭო, სად ერეკლე და სად თქვენ - ორი წელი ვაკის მედიათეკაში კონდიციონერი ვერ შეაკეთეთ და თქვენ მიიყვანთ ამ გასაცოდავებულ ხალხსა და ქვეყანას ტაძრამდე? მერი არ იყოს ჩემი მტერი, თქვენგან თუ კიდევ რამე სახეირო გამოცხვება.

- გინდათ თქვათ, რომ რკინიგზაში უარესი ხდება?

- მოდი ამაზე არაფერს აღარ გეტყვით და ვისაც კითხვები გაუჩნდება სტატისტიკას, მათ შორის სახელმწიფო სტატისტიკას მიმართოს. უბრალოდ უსინდისობა-უპასუხისმგებლობა აქ გაცილებით მაღალ დონეზე გრძელდება და ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ საზოგადოება არ გამოფხიზლდება და ვიღაც-ვიღაცებს დამსახურებულ სანაგვეზე არ გაუშვებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია