მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს? - 06 ოქტომბერი 2022

მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს“

გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია.

ამ თემაზე ძალადობის მსხვერპლ ქალს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?

- ისევ მოკლა ქალი ყოფილმა ქმარმა შვილის თვალწინ (საუბარია ოზურგეთის ბოლო ტრაგიკულ შემთხვევაზე, რედ.). ვფიქრობ, იმიტომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა მოძალადის მხარესაა ან ცდილობს მის საქციელს ახსნა/გამართლება მოუძებნოს, - იმიტომ, რომ ემხრობა მის აზროვნებას.

კანონის გამკაცრების გარეშე, ვერც არსებული სამართლებრივი ბერკეტები იმუშავებს. მოძალადისგან ვერ დავიცავით ქალები. ფაქტია, ვერ ვიცავთ მომავალ მსხვერპლებსაც და რაც ყველაზე საშინელებაა - ვერ ვიცავთ ბავშვებს. ასეთი შემთხვევები ბავშვებზე ძალზედ ტრაგიკულად აისახება.

როგორ დამიცავთ, როცა მორიგი მსხვერპლი შეიძლება მეც ვიყო? როცა ვიცი, რომ ბოლოს მაინც აქამდე მივა ჩემი ხმის ამოღება; უბრალოდ შიში გაიზრდება და სიტყვასაც არ დავძრავ ძალადობის წინააღმდეგ; არავის გავუმხელ, ისევ ჩემ ნაჭუჭში ჩავიკეტები და ავიტან. დაფიქრებულხართ რამდენი ქალისთვისაა ასეთი შემთხვევები შიშის საფუძველი? მომავალ თაობაზე მოძალადე მამა ხვდებით რა კვალს დატოვებს?

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა?

- რა უნდა გააკეთო და ცნობიერება შეცვალო. ეკლესია რომ გიწესებს - ცოლი ლამის შენი მონაა და რასაც გინდა უზამ - ამ გამოთაყვანებულ ხალხს მეტი რა უნდა? თუ ცოლმა გიღალატა, უნდა მოკლა - აბა როგორ, კაცი ხარ. თვითონ რომ ეცხოვრა 700 ქალთან, ეგ ხომ არაა ღალატი. სანამ ქალიშვილობის ინსტიტუტი არ გაუქმდება, სახელმწიფო არ იქნება ქალების დამცველი, სანამ ეკლესია ქალის უფლებებზე არ ილაპარაკებს ნორმალურად, მანამდე ეს უბედურება გაგრძელდება.

- პრობლემა მეორე მხარეშიც ხომ არ არის? მრავალჯერ ნასამართლევი ყოფილა ეს ქმარიც ამ ბოლო კონკრეტულ შემთხვევაში...

- ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ დაცულად რომ იგრძნოს თავი ქალმა და არ შეეშინდეს თავისი გასაჭირის გამხელის საზოგადოების აზრის გამო, ამისთვის რა კეთდება? თვითონ ვარ ძალადობის მსხვერპლი და გეტყვით, რომ არაფერი კეთდება ქალების დასაცავად. პირიქით, ასეთი შემთხვევების შემდეგ ქალმა ხმა თუ ამოიღო, ყველა ფსიქოლოგიურად სტრესავს, ეუბნებიან, რომ შვილების მამას ნუ დაიჭერ (დააჭერინებ), შემდეგ ბავშვები ვერ გაგიგებენ, არ გაპატიებენ და .. ასე დაიჭირეს და გამოუშვეს ჩემი ქმარი 2 თვეში. მისცეს პირობითი და ერთ სახლი გვაქვს - მომიწია ისევ მასთან ცხოვრება. ხვდებით რა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი? არავინ ეხმარება ასეთ დროს ქალს.

ნასაუბრები მაქვს მოძალადესთან მოსალოდნელ სასჯელზე - თუ მომკლავდა რა ელოდა და იცით რა მიპასუხა? შენ ხომ იწვები მიწაში და მე ჩემ შვილებს როცა გამოვალ ავუხსნი რატომ მოგკალიო. გაიგებენო, ქართული მენტალიტეტით გაიზრდებიან და მიხვდებიან, კაცები არიანო. საიდან ეს ფიქრები, თუ არ აქვს განცდა რომ ან არ დაისჯება, ან მსუბუქად გამოძვრება? ხვდებით, რომ აქ რეალურად მოდერნიზებული თალიბანი გვაქვს? 

- ახლა ამაზე რა პასუხს ელოდებით? მთლიანად მენტალიტეტზე მიბმაც ალბათ არასწორი მიდგომაა...

- ფაქტია, დავაჭერინე და ისევ გარეთაა. ჰაერით ეს განცდა და რეალობა არ ჩნდება. ის პათოლოგია და გასაგებია, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი და ის, რომ საზოგადოება მას გაამართლებს, საიდან გაუჩნდა? რამ აფიქრებინა, რომ თუ მისი საკუთრება (ის ხომ ასე თვლის) თავისუფლებას მოინდომებს, შეუძლია მოკლას? მე ვიცი, რაცაა ქართული მენტალიტეტი, ისიც რას ატენიან და ხშირად მიდავია ამ თემებზე. არაა ქართველის ბუნებაში ქალზე ძალადობა და ჩვენი ხალხი რომ პატივს სცემდა ქალს, ისეთი არავის დაესიზმრება, მაგრამ ეს მე ვიცი. მან კი იცის ის, რომ შერჩება და საიდან აქვს ეს განცდა? იქიდან, რომ ერთხელ უკვე გამოუშვეს!

რომ ამოვიღე ხმა ძალადობაზე, პირველი რეაქცია იყო ყველასი (მეზობლების გარდა, იმიტომ რომ ესმოდათ) - რას ამბობ, არ გვჯერა, ასეთი კარგი ადამიანი იზამდა ამას? არსებობენ ადამიანები, ვინც გარეთ სხვაა და სახლში სხვა, დაიჯერეთ!

დამიჯერეთ, 10 წელი პრევენციის მეტს არაფერს ვცდილობდი, მაგრამ უძლური ხარ; გგონიათ ვაცნობიერებდი როგორ ვხდებოდი მსხვერპლი ნელ-ნელა? სანამ საბოლოო აკორდი არ დასვა, ვერც გავიაზრე იქამდე როგორ მივედი!

ძალადობდა, დავრეკე 112-ში მოვიდნენ და წაიყვანეს. რეაქცია სამართალდამცავების თუ გაინტერესებთ -  ან აქამდე როგორ უძლებდიო, ეგ იყო. მისი რეაქცია როცა გაიგო, რომ დავრეკე (როგორც თვითონაც მითხრა) - ჩემი სიკვდილის სურვილი იყო. მანამდე უნდოდა უბრალოდ ვეცემე, შემდეგ უკვე მოკვლაც და ამის მუქარები ახლაც ბევრია. დავშორდით, მემუქრება, რომ თუ ჩემს გვერდით სხვა ადამიანს ნახავს, ორივეს მოგვკლავს.

კაცს იმის გამო არ მოკლავენ განზრახ, რომ თავის საკუთრებად თვლიან. ქალების უმეტესობას კი ამ მიზეზით მოუსწრაფეს სიცოცხლე შვილების თვალწინ. უბრალოდ, ჩვენ ირანად ვიქეცით და ჩვენისორაიებიგვყავს და არაა შორს დრო როცა ეს ნორმა გახდება.

- არსებული კანონმდებლობა რამდენად მუშაობს?

- რომ მემუქრება და ვიცი აღასრულებს კიდეც, ამისთვის უნდა ვუჩივლო, ხომ ასეა? მერე? ვიმეორებ, დაიჭერენ, ისევ გამოუშვებენ (თან უფრო მალე) და მეც მივემატები მოკლული ქალების სტატისტიკას. მერე სხვები იტყვიან - ქალის ბრალია, ასე მარტო მუქარაზე როგორ დააჭერინაო, ხომ?

ერთ ჭკვიან კაცს აქვს ნათქვამი: მომაკვდავი საზოგადოება აგროვებს კანონებს, ისე როგორც მომაკვდავი ადამიანი აგროვებს წამლებსო. რა აზრი აქვს ამ კანონებს, მერე გამკაცრებას, თუკი ვერცერთს ვერ აღასრულებ? ანდა, როგორ გგონიათ გარდაცვლილმა ქალმა რამდენჯერ მიმართა სამართალდამცავებს? და ისიც დაამატეთ, რამდენმა ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი. „გაშორდეს და ეგ იქნება“ - არ შველის საქმეს.

- გამოსავალი სად არის?

- საზოგადოება უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ მიზეზების ძებნა არაა საჭირო, რომ მოძალადე მოძალადეა, მსხვერპლი კი მსხვერპლი.

ვერ მოგიყვებით დეტალებს ჩემი ცხოვრებისას. ვის როდისგაეხსნებადა სად რას ჩაიდენს, ამას ვერ ივარაუდებ ადამიანი ვერც მაშინ, როცა ოჯახდები. დაოჯახების მერე გაშორებაც არაა მარტივი გადასადგმელი ნაბიჯი და მერე კიდევ თავდაცვის რეჟიმში ყოფნა ცალკე ჯოჯოხეთია - როცა შვილები გყავს და შენი გასაზრდელია.

მე ჩემზე გიყვებით და განაზოგადეთ, ასე ფიქრობს თითქმის ყველა ქალი. იმიტომ, რომ ისევ მათ ბრალდება - მსხვერპლის ბრალია ყოველთვის - რატომ არ გასცილდაო, გასცილდება და რომ გასცილდა, ისევ მაგის ბრალიაო. მე ჩემ პირადს მივხედავ როგორმე და ვიპოვი გამოსავალს, მაგრამ ვინც ეს ვერ შეძლო, ვინც უკვე მოკლეს და ვინც ჩიოდა, მაგრამ შედეგი ისევ სიკვდილი დადგა, იმას რა? ფაქტია, ძალიან ხშირად იცის პოლიციამ ძალადობაზე და ისევ სიკვდილი დგება.

მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. მაშინაც, როცა ეს ცემით არ გამოიხატებოდა, ამას ვერ ხვდები და ამ რეალობას თქვენ ახლა ბოლომდე ვერ გაიაზრებთ - მე კიდევ ჩემ ცხოვრებაში იმაზე მეტად ჩაგახედეთ, ვიდრე შემეძლო.

მე მაქვს ეს გასაქცევი და გავრბივარ, ამის ფუფუნება კი ბევრ ქალს არ აქვს. თქვენ არ იცით, როგორ ამუშავებს მოძალადე მსხვერპლს ფსიქოლოგიურად - ზოგს ისე ოსტატურად გამოსდის. თან ბევრი ქალი არაა ძლიერი და მეც რომ მიცნობდეთ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ჩემზე შეიძლება ვინმეს ეძალადა ოდესმე; მე თუ მომერია ვინმე, წარმომიდგენია იმათ რას უზამს, ვინც ვერც თავს იცავს და ვერც სათქმელს ამბობს?

ძალადობაზე დაჭერილი ორ თვეში გარეთაა. მისჯილი 1 წელი შეუცვალეს პირობითად, მიზეზად წერია: ინანიებს, გააზრებული აქვს, რომ არ უნდა იძალადოსო. არ არის ეს ნორმალური და აუცილებლად გასათვალისწინებელია საზოგადოების, ახლობლებისა და ნათესავების წნეხი ქალზე. უცხო კი არა, დედაჩემი მეუბნებოდა, რატომ დარეკე - ხვდებით სად არის პრობლემა? და მეც რომ მოვეკალი? არ უნდა დარეკოს ქალმა, არ უნდაჩაუშვასო“ - აი ეს მენტალობა და აზროვნება დევს უმრავლესობაში და...  კანონი კი ვიცი, მაგრამ რა ხეირი ამით? რამდენჯერმე რომ მიმართავ სამართალდამცველებს (როგორც გარდაცვლილებიდან ეს ბევრმა ქნა) და მაინც დაუცველი ხარ, .. რაღაც არ არის წესრიგში. დედაჩემმა თქვა და რამდენმა უთქმელად გაიფიქრა? რამდენიც გინდა, იმდენი იქნებოდა. ასეა, სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო. პრობლემა რომ კარზე მოგიკაკუნებთ და შეგეხებათ, მერე ისაუბრეთ რატომო, იმიტომ!

კანონი ცვლის აზროვნებას. განცდა რომ ექნებათ უმკაცრესად დაისჯებიან და ნორმალურ მომავალსაც დაკარგავენ, ასჯერ დაფიქრდებიან. ციხე თუ არაფერს ცვლის, მაშინ რატომ იჭერენ მკვლელებს საერთოდ? რა აზრი აქვს? თანადგომას არავის ვთხოვ, მე ჩემი აზრი გამაჩნია და ვითხოვ იმას, რომ პრევენციაზეც ვიფიქროთ მსგავსი დანაშაულის. ვერ დამაჯერებთ, რომ ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. აღსრულებაცაა საჭირო და გამკაცრებაც (თუნდაც დროებით), რადგან ძალიან გახშირდა ასეთი ფაქტები და თუ დარჩება განცდა, რომ არაფერი შეიცვალა, დარჩება დანაშაულიც.

მე კი მივხედავ ჩემ ცხოვრებას, მაგრამ რამდენი პატარა დაობლდება და რამდენი ოჯახი გამწარდება იცით? თითოეულ თქვენიანს რომ დაემართოს ეს უბედურება? ამიტომ გასაძლიერებელია პოლიციის მხრიდან ზომები (შემაკავებელი ორდერი და ..).შეწყალება/ამნისტიებიც უნდა შემცირდეს და გამონაკლისი იყოს. კულტურულად და მენტალურად რაც გვიჭირს, იმას არ ვიცი, ალბათ ათწლეულები დასჭირდება გამოსწორებას, სამწუხაროდ ასეა.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია