მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კობა ხაბაზი ,,თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო"... - 18 მაისი 2023

,, ომი გარდამტეხ ფაზაშია და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას ვიხილავთ" 

ქეთი ხომერიკი

,, ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ არა...აქ იმიტომ ვარ, რომ მაქვს განცდა, ჩემს მიერ გასროლილი ერთი ჭურვით უკრაინასა და საქართველოსთვის უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე მანდ, საქართველოში აქციებზე ყოფნით, სიტყვით გამოსვლით, ანდაც სოციალურ ქსელებში რაღაც პოსტების წერით. დიახ, ერთი ჭურვით გაცილებით მეტ საქმეს ვაკეთებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. აი, ეს განცდა, რომ არ მქონდეს, აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. დოჩანაშვილს აქვს ნათქვამი : ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა სჭირდებაო...მაგრამ მიუხედავად ამისა ( და უხერხულობისა ), მაინც ვიტყვი - მე, კობა ხაბაზს ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს, საქართველოს სიყვარულის გარეშე და ვერც ვერასდროს ვიცხოვრებ", - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, კობა ხაბაზის სიტყვებია. ,,  ufleba. ge " მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენელს, კობა ხაბაზს უკრაინაში დაუკავშირდა. 

კობა ხაბაზი : რა დაგვხვდა აქ ჩამოსულებს ? სრული კოშმარი. მოგეხსენებათ, ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში აქ ვიყავით, კიევი ალყაში იყო, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა ტრიალებდა. და ყველას, ვინც აქ მოდიოდა ჰქონდა მხოლოდ ერთი განცდა - განცდა ბრძოლის ველზე დაღუპვისა.

დიახ, ვთვლიდით, რომ საქართველოში ცოცხლები ვერ დავბრუნდებოდით. წასვლამდე თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი შემხვდა, გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო...გესმით ხომ, ფრონტის ხაზზე არ იყო საუბარი, აბსოლუტურად ყველა ქალაქი იბომბებოდა. დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა. უკრაინამ თავისი ტერიტორიების უკან დაბრუნება დაიწყო. რუსეთი კი, ცდილობს პრესტიჟის გამო რამდენიმე მიმართულებით შეტევას. ისინი სოფლებს, დასახლებულ პუნქტებს კარგავენ და ბახმუტის ცნობილი მოვლენებიც  სწორედ ამ მიზეზით ვითარდება, თორემ რუსეთისთვის ბახმუტი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ქალაქი, ნამდვილად, არ არის. ანუ ისინი ცდილობენ ერთი ქალაქი მაინც აიღონ, რათა ჰქონდეთ სათქმელი, რომ არ მარცხდებიან. 

- ანუ შესაძლოა დაიწყოს უკრაინელების კონტრშეტევა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, როდის და თქვენი აზრით, რა შედეგი ექნება  ? 

- დიახ, ომი გარდამტეხ ფაზაშია და მალე ყველა ერთად ვიხილავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, რომელიც აუცილებლად იქნება მძლავრი და უკრაინისა და შესაბამისად, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

თქვენ იცით, რომ უკრაინას შეიარაღებას მთელი მსოფლიო ინტენსიურად აწვდის. მინდა გითხრათ, რომ ამ თანამედროვე შეიარაღების ნაწილი უკრაინაში უკვე შემოტანილია. ეს არის ტანკები, ქვემეხები, ვერტმფრენები, სხვადასხვა ანტისაჰაერო დანადგარები, რაკეტები და ა.შ. ვიმეორებ, შეიარაღების დიდი ნაწილი უკრაინაშია, რაღაც ნაწილი კი, გზაში და პოლონეთშია ბაზირებული. უკრაინა აყალიბებს, ასე ვთქვათ, ,,დამრტყმელ მუშტს", რომელიც რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს შეტევას. და ამ შემთხვევაში, ალბათ მთავარი ამოცანა არის ის, რომ რუსეთს უკან დახევის საშუალება არ მიეცეს, ანუ ეს გაქცევაში უნდა გადაიზარდოს და თუ ასე მოხდა უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. ვიმეორებ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ განცდით, რომ ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ უკრაინისა და საქართველოს გამარჯვებას. 

- საქართველოს ხელისუფლება რამდენად გამოკვეთილად უჭერს მხარს მეგობარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ ?

- რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი, არ გამაცინოთ...საქართველოს ხელისუფლება, არათუ მხარს უჭერს უკრაინას, არამედ პირიქით, ხელს უშლის. და ამას აქ მყოფი ყველა ჯარისკაცი ხედავს.

,, ქართული ოცნება " რუსეთს უფრო უჭერს მხარს, ვიდრე უკრაინას.  რატომ ვთვლი ასე ? მოდით, თანმიმდევრული ვიქნები, რათა ნათლად ავხსნა რაში გამოიხატება ეს და რას ვგულისხმობ ხელისშეშლაში. ომი, რომ დაიწყო ჩვენ, მოხალისეები თბილისის აეროპორტში მივედით, იქ კი, გახსოვთ, რაც მოხდა - პოლონეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით სპეციალურ ჩარტერულ რეისს, რომელიც მოხალისეებისათვის მომზადდა დაფრენის უფლება არ მისცეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ესეც არ იკმარეს. და გაცილებით უფრო მძიმე იყო ის, რაც შემდეგ გააკეთეს. ყველაზე მეტად სწორედ ეგ მოგვხვდა გულში ქართველ მეომრებს. ვგულისხმობ, პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა ჩვენ ხელისუფლებისგან თვითმფრინავის გამოყოფას ვითხოვდით, რაც ხელისუფლებამ იმიტომ არ გააკეთა, რომ ეს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა. ეს იყო უსინდისო ტყუილი. ჩვენ, არაცთუ რაიმე მსგავსს ვითხოვდით, არამედ ერთადერთ რამეს ვთხოვდით მათ - ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის. იცით, ერთია, როდესაც ხელს გიშლიან, მაგრამ მეორეა, როდესაც ხელს გიშლიან და ამ ყველაფერს უსინდისო ტყუილის სახით შენვე გაბრალებენ. და ესეც იქით იყოს, სახეზეა უკრაინის ხელისუფლების მიმართ ძალზე ნეგატიური განცხადებები, გამუდმებული დაპირისპირებაც კი. ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია არა უკრაინისა და უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების მხარდაჭერით, არამედ მათი დისკრედიტაციით, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რომ ამ ომში სამარცხვინო კოლაბროციონალისტურ ფუნქციას ასრულებს.

პრინციპში, ჩვენ სხვა მოლოდინი არც გვქონია, რადგან ,,ქართული ოცნება" რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლებაა. და ზოგადად, რისი ან ვისი შიში აქვს ადამიანს ? იმის, ვინც აკონტროლებს. ჰოდა, ასეა ივანიშვილიც. მასაც აქვს შიში იმ ადამიანის, ვინც მას აკონტროლებს და ეს ადამიანი, რომ პუტინია ყველამ კარგად ვიცით. ,, ქართულ ოცნებაში" ყველამ გადასარევად იცის რა მოელის, თუ პუტინზე აუგს იტყვის. იციან, რომ მათ თავს ივანიშვილის რისხვა დაატყდებათ, მეტიც, ის ჯოხს მათზე გადატეხს, ამიტომ არიან ჩუმად. მათ არ უნდა თქვან ისეთი რამ რის გამოც ივანიშვილს პუტინისგან მოხვდება. აი, ეს არის, ასეთია სქემა და ამ სქემაზეა ,, ქართული ოცნება " თავიდან ბოლომდე აწყობილი. 

- მოდით, დღეს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებიც შეაფასეთ - აშშ-ს ბოლო სანქციები მოსამართლეთა ე.წ. კლანის მიმართ, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რამდენად შეძლებს ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ?

- ,, ქართული ოცნება" ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებს სპეციალურად არ ასრულებს, არც შეასრულებს, რადგან მათ არ სურთ, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. და ესეც იმ სქემიდან გამომდინარე ხდება, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. მათ აწყობთ არ მიგვიღონ ევროკავშირში, რათა პუტინი არ შემოსწყრეს ივანიშვილს და ივანიშვილმა კი, ჯოხი ღრაიბაშვილსა და პატარ-პატარა ღარიბაშვილებზე არ გადატეხოს.

თუმცა, ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა და არ გამოვრიცხავ, რომ ევროპამ ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი, მიგვიღოს და შემდეგ გვაიძულოს დემოკრატიული პრონციპების გატარება. ასეც რომ მოხდეს არ ვიცი ეს ნაბიჯი რამდენად გამაართლებს, რადგან ევროკავშირში ყოფნა პრობლემების ავტომატურად მოგვარებას არ ნიშნავს. ვიმეორებ, შეიძლება ევროკავშირი წავიდეს ამ ნაბიჯზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დააყენოს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე, საბოლოოდ კი, რუსულ ჭაობში ჩახრჩობისთვის არ ემეტება. თუმცა დღეს, ჩვენ გაცილებით მძიმე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც უნდა ველოდოთ, არ მგონია, მხოლოდ მოსამართლეების დასანქცირებით შემოიფარგლონ, იგივე ბედი ელის ბევრ ჩინოვნიკსაც. თუმცა ეს ოცნებას არ აღელვებს, რადგან თუ ამერიკა ასანქცირებს მოსამართლეებს, ე.ი. ამერიკა ასანქცირებს ივანიშვილს და ეს კი, პუტინთან პლუსია, ანუ ესეც ძემოთ ხსენებული სქემის ნაწილია. შესაბამისად, არ მგონია, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში ამ ყველაფერმა რაიმე ცვლილება გამოიწვიოს, პირიქით, რაც მეტ ჩინოვნიკს დაასანქცირებს ამერიკა, მით უფრო უკეთესად წარმოჩინდება ივანიშვილი პუტინთან და მით მეტად დაუმტკიცებს ერთგულებას. არადა ივანიშვილი, ვერც კი ხვდება რა სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. მას ჰგონია, რომ პუტინი დაუმარცხებელია, რაც ასე არ არის. პუტინი, აუცილებლად, დამარცხდება და მასთან ერთად დამარცხდება ,, ქართული ოცნებაც", ძალა, რომელსაც ის საქართველოში ეყრდნობა. ასე რომ, ივანიშვილიც თავის სამარცხვინო რეჟიმით მალე დასრულდება. 

- და ბოლოს, ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები ( შიდა დაპირისპირებები) თქვენგან რა შეფასებას იმსახურებს ?

- ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. დღეს, რაც ხდება პარტიაში შედეგია იმისა, რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ არასწორად ვაკეთეთ, რაც უნდა გვეკეთებინა და რაც სწორად ვერ გავაკეთეთ. დღეს 2023 წელია და სხვა მიდგომებია საჭირო. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ პარტია 2023 წლის სტანდარტს ვერ პასუხობს. მე ამ ყველაფერზე ვრცელი ხედვა და გეგმა მაქვს წარდგენილი, ვნახოთ რა იქნება. შეიძლება პესიმიზმი შემომეპარა, არ ვიცი. და მაინც, ვფიქრობ, რომ ეს შიდა დაპირისპირებებიც სწორედ ამის შედეგია, რასაც ძალიან განვიცდი. ეს არ არის მელიას, ხაბეიშვილის და ბოკერიას ( პირობითად) პარტია, ეს არის იმ იდეებისა და იმ კონცეფციების ერთგული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე საფუძველი ქვეყნის რეალური აღმშენებლობის გზით ჩაუყარა. შესაბამისად, ეს პარტია, ვერც დაიშლება და ვერც გაიყოფა, მაგრამ თუ პარტიის სტრუქტურიზება არ მოხდა ყველაფერი ფუჭი იქნება. პირდაპირ გეტყვით, პარტია, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ მეორე ადგილზეა საბოლოოდ, აუცილებლად, ჩაქრება. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" სასწრაფოდ ერთიანი რადიკალური ცვლილებების დროა. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია