მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კანონი დევნილთა შესახებ - 21 ივლისი 2012

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ (23.12.2011 N 5597)

 

ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. (23.12.2011 N 5597)

 

მუხლი 1. დევნილის ცნება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა (23.12.2011 N 5597)

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომ – დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. დაუშვებელია დევნილთა რაიმე სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ასევე იმ მიზეზით, რომ ეს პირები იძულებით არიან გადაადგილებულები.

 

მუხლი 11. ტერმინთა განმარტება (23.12.2011 N 5597)

ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო);

ბ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო;

გ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობას და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას;

დ)       დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სამინისტროს და რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ჩაითვალოს დევნილად;

ე) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო;

ვ) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

თ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

ი) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი ორგანიზებულად იქნენ განსახლებულნი, ამ ობიექტში საცხოვრებელი ფართობების დევნილი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებების დაწყებამდე/შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;

კ) დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი (შემდგომ − კერძო სექტორი) − 2007 წლის შემდეგ დევნილთა განსახლების მიზნით სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან/და აშენებული ახალი ობიექტი, ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გარდა ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა;

ლ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და დევნილის ახალი მოწმობის გაცემის პროცედურა;

მ) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა;

ნ) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.

 

მუხლი 2. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების წესი                                             (06.04.2005 N 1235)

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

2. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს სამინისტროს პირის განცხადება დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. თუ პირი ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებისას გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. (23.12.2011 N 5597)

31. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დახმარებით, ყოველი თვის ბოლოს მიაწვდის სამინისტროს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. (23.12.2011 N 5597)

4. დევნილის სტატუსის მაძიებლად შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს პირი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ პირი შეიძლება ჩაითვალოს დევნილად ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე.

5. სამინისტრო პირის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

6. დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრირებულ პირს ეძლევა დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობა.

7. დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

8. პირზე მისი დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო. (23.12.2011 N 5597)

9. ამოღებულია (23.12.2011 N 5597)

            10. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობა და დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

11. ბავშვი უფლებამოსილია მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, თუ ორივე ან ერთ-ერთ მშობელს აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი. (23.12.2011 N 5597)

            12. სამინისტროს უარი პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების, დევნილთა რეგისტრაციის პროცედურა განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

            მუხლი 3. დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის უფლებები და მოვალეობები.                                           (06.04.2005 N 1235)

  1.  ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

           2. ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

3. დევნილის სტატუსის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესის საფუძველზე უფლებამოსილია: (06.04.2005 N 1235)

ა) იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე;

ბ) ისარგებლოს უფასო კომუნალური მომსახურებით კომპაქტურად განსახლების ობიექტში;

გ) მიიღოს სხვა სახის დახმარება.

4. დევნილის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია: (06.04.2005 N 1235)

ა) სამინისტროს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია, ამასთანავე, წარუდგინოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (23.12.2011 N 5597)

          ბ) ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მოთხოვნისთანავე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

            5. ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

 

            მუხლი 4.  ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

 

მუხლი 5. დევნილის უფლებები და მოვალეობები (23.12.2011 N 5597)

1. დევნილს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დევნილის შემწეობა;

ბ) მიიღოს სოციალური და სხვა დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) ისარგებლოს დროებითი საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში.

2. დევნილი ვალდებულია:

ა) ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;

ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში;

გ) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.

 

მუხლი 51. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები (23.12.2011 N 5597)

1. დევნილის შემწეობა შეჩერდება, თუ:

ა) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;

ბ) დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე.

2. დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლების გარეთ გასვლა;

ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების ნებაყოფლობით მიღება;

გ) დევნილის სტატუსის შეწყვეტა;

დ) დევნილის შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით უარის თქმა.

3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, ამასთანავე:

ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა ანაზღაურდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში;

ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

მუხლი 52.  ამოღებულია (23.12.2011 N 5597)

 

მუხლი 53. დევნილის დაცვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე (23.12.2011 N 5597)

1. საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება მათ მიერ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ან სხვა მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მიღების თაობაზე;

ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან ტექნოგენური მოვლენები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) დევნილს ფართობი თვითნებურად, კანონის დარღვევით აქვს დაკავებული.

 

მუხლი 54. დევნილის უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე (23.12.2011 N 5597)

1. სამინისტრო ეხმარება დევნილს დროებით საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

ა) ეხმარებიან დევნილს დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემწეობებსა და სხვა დახმარებებს;

გ) უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სწავლებას;

დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;

ზ) ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;

თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;

ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის, სამინისტრო, უზრუნველყოფენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს დევნილისთვის დროებით საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.

 

მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები (23.12.2011 N 5597)

1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

ა) მას პირადი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი;

ბ) დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგა საქართველოს იურისდიქცია;

გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) იგი გარდაიცვალა.

2. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

4. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის თაობაზე დავას წყვეტს სასამართლო.

5. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:

ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა;

გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.

 

            მუხლი 7. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე

                        რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები

            1. თუ დევნილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაბრუნდება საცხოვრებელ ადგილას:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, უზრუნველყოფენ მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი იმ მომენტისთვის არსებული სახით; მიყენებული ზარალის კომპენსირება მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე საცხოვრებლად უვარგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს იქ დაბრუნების გარანტია; (15.10.2010. N3714)

            ბ) მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.(18.12.2001 #1199)

2.  ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

3. ამოღებულია (06.04.2005 N 1235)

. 

            მუხლი 8. დევნილთა დახმარების ორგანიზება (9.06.2006 N 3289)

            დევნილთა განსახლების, რეგისტრაციის, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად.

 

მუხლი 9. დევნილის უფლებების დაცვის გარანტია (სათაური 23.12.2011 N 5597)

            1. დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო.

            2. თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციებში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

           3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.(18.12.2001 #1199)

 

            მუხლი 10. დევნილთათვის დახმარების

                        ფინანსური წყაროები

            1. დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.(18.12.2001 #1199)

2. დევნილთათვის დამატებითი დაფინანსების წყაროებია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულებები, სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებები. (23.12.2011 N 5597)

 

მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის (23.12.2011 N 5597)

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

            საქართველოს პრეზიდენტი                                                           ედუარდ შევარდნაძე

 

            თბილისი,

            1996 წლის 28 ივნისი.

            N 335 - IIს

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია