მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო პაქტი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ - 22 ივლისი 2012

საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან
საერთაშორისო პაქტი
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
პ რ ე ა მ ბ უ ლ ა
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძელი;
აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობენ ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან, აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი ადამიანის პიროვნების იდეალს განხორციელება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნა ისეთი პირობები, როცა თითოეული შეძლებს ისარგებლოს თავის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ისევე როგორც თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით, ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით სახელმწიფოები ვალდებული არიან წაახალისონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა და დაცვა, ითვალისწინებენ, რომ თითოეული ცალკეული ადამიანი, აქვს რა ვალდებულებანი სხვა ადამიანებისა და იმ კოლექტივის მიმართ, რომელსაც ეკუთვნის, უნდა იღწვოდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებათა წახალისებისა და დაცვისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგი მუხლებს გამო:
ნაწილი 1
მუხლი 1*
1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიან ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
2. ყველა ხალხს თავისი მიზნების მისაღწევად შეუძლია თავისუფლად მოიხმაროს თავისი ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული
საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობიდან და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულებას. არც ერთ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წაერთვას საარსებო სახსრები, რომლებიც მას ეკუთვნის.
3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო, მათ შორის ის სახელმწიფოები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა არათვითმმართველი და სამეურნეო ტერიტორიების მართვისათვის, ხელს უნდა უწყობდეს თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივს სცემდეს ამ უფლებას.
________________________________________________________________
* საქართველოს პარლამენტი აღიარებს პირველ მუხლში ჩამოყალიბებულ დებულებებს იმ ინტერპრეტაციით, რომელიც აისახება ადამიანის უფლებათა ვენის 1993 წლის დეკლარაციაში (მე- 2 პუნქტი).
ნაწილი II
მუხლი 2
1. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.
2. თუ ეს უკვე გათვალისწინებული არ არის არსებული საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებებით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი თავისი საკონსტიტუციო პროცედურებისა და ამ პაქტის შესაბამისად, რათა მიიღოს საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისათვის.
3. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:
a) ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა;
b) უზრნველყოს, რომ თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლებას, ვინც კი ასეთ დაცვას მოითოვს, ადგენენ კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლებანი ან სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული ყოველი სხვა
კომპეტენტური ორგანო და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობანი;
c) უზრუნველყოფის კომპეტენტურ ხელისუფლებათა მიერ მათთვის მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა გამოყენება.
მუხლი 3
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ მამაკაცებისა და ქალების თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებით.
მუხლი 4
1. სახელმწიფოში საგანგებო წესების შემოღების დროს, როცა ერის სიცოცხლე საფრთხეშია და ეს ოფიციალურად გამოაცხადეს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, და განახორციელონ ღონისძიებანი იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებანი შეუთავსებელი არ იქნება საერთაშორისო სამართლით დაკისრებულ სხვა ვალდებულებებთან და მათ არ მოჰყვება დისკრიმინაცია მხოლოდ და მხოლოდ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
2. ეს დებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე გადახვევებს 6,7,8 (1 და 2 პუნქტები), 11,15,16 და 18 მუხლებიდან.
3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფომ, რომელიც იყენებს გადახვევის უფლებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამ პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, თუ რომელ დებულებებს გადაუხვია და რა მიზეზებმა მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება. ამავე შუამავლის საშუალებით მან უნდა შეატყობინოს აგრეთვე თარიღი, როცა შეწყვეტს ასეთ გადახვევას.
მუხლი 5
1. ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ თავისუფლების მოსპობა ან მათი შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს.
2. არ შეიძლება შეიზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოში აღიარებულია ან არსებობს კანონის, კონვენციების, წესების ან ზნე-
ჩვეულებების ძალით, იმ საბაბით, რომ ამ პაქტით ასეთი უფლებები აღიარებული არ არის ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.
ნაწილი III
მუხლი 6
1. სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის არ შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.
2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სიკვდილის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს და არ ეწინააღმდეგება ამ პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს, ეს დასჯა შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესასრულებლად.
3. როცა სიცოცხლის წართმევა გენოციდის დანაშაულს შეადგენს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მუხლში არაფერი არ აძლევს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს უფლებას, რომ რაიმე საშუალებით გადაუხვიონ რომელიმე ვალდებულებას, რომელიც იკისრეს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეულს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შერბილება, ამნისტია. შეწყალება ან სიკვდილის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში.
5. სიკვდილის განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებმა, და მისი აღსრულება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალების მიმართ.
6. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ გადადოს ან არ დაუშვას სიკვდილით დასჯის გაუქმება.
მუხლი 7
არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.
მუხლი 8
1. არავინ არ უნდა ცხოვრობდეს მონობაში; აკრძალულია ყველა სახეობის მონობა და მონათვაჭრობა.
2. არავინ არ უნდა ცხოვრობდეს დაბეჩავებულ მდგომარეობაში.
3. a) არავის არ უნდა დააძალონ იძულებითი თუ სავალდებულო შრომა;
b) იმ ქვეყნებში, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც დაკავშირებულია საკატორღო სამუშაოებთან, მე-3 პუნქტი (a) არ ითვლება დაბრკოლებად, რათა შესრულდეს საკატორღო სამუშაოები იმ კომპეტენტური სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ასეთი სასჯელი გამოიტანა;
c) ამ პუნქტში ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს:
I) ნებისმიერი სახის სამუშაოს თუ სამსახურს, რომელიც ნახსენები არ არის b ქვეპუნქტში, და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განკარგულების საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა პირმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად განთავისუფლებულმა პირმა;
II) ნებისმიერი სამხედრო ხასიათის სამსახურს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმა პოლიტიკური თუ რელიგიურ-ეთიკური მოტივებით, ნებისმიერ სამსახურს, რომელიც კანონით გათვალისწინებულია ასეთი მოტივებით სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელ პირთათვის;
III) ნებისმიერი სახის სამსახურს, რომელიც სავალდებულოა საგანგებო წესებისა თუ უბედურების დროს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა თუ კეთილდღეობას;
IV) ნებისმიერი სახის სამუშაოსა თუ სამსახურს, რომელიც შედის ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობებში.
მუხლი 9
1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ შეიძლება თვითნებურად დააპატიმრონ ან პატიმრობაში აიყვანონ. არავის არ შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, თუ არა ისეთ საფუძველზე და ისეთი პროცედურის შესაბამისად, რომლებიც კანონით არის დაწესებული.
2. თითოეულ დაპატიმრებულს დაპატიმრების დროს ეუბნებიან მისი დაპატიმრების მიზეზებს და სასწრაფო წესით ატყობინებენ, თუ რა ბრალდებას უყენებენ.
3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული თუ დაკავებული ყოველი პირი სასწრაფო წესით უნდა მიიყვანონ მოსამართლესთან ან სხვა თანამდებობის პირთან, რომელსაც კანონით უფლება აქვს აღასრულოს სასამართლო ხელისუფლება, და დაპატიმრებულ ან დაკავებულ პირს გონივრული ვადის მანძილზე აქვს სასამართლო გარჩევისა, თუ განთავისუფლების უფლება. სასამართლო გარჩევის მოლოდინში პირის დაკავება საერთო წესი არ უნდა გახდეს, მაგრამ მათი განთავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო
გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადების და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის აღსასრულებლად გამოცხადების გარანტიების წარდგენაზე.
4. თითოეულს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის შედეგად, აქვს უფლება, რომ მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა ამ სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს დადგენილება, კანონიერია მისი დაკავება თუ არა, და გასცეს მისი განთავისუფლების განკარგულება, თუ უკანონოდ იყო დაკავებული.
5. თითოეულს, ვინც უკანონოდ დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება, რომელსაც სარჩელის ძალა ენიჭება.
მუხლი 10
1. ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელ ღირსებას.
2. a) იმ შემთხვევებში, როცა არ არის განსაკუთრებული გარემოებანი, ბრალდებულებს ათავსებენ მსჯავრდადებულისაგან ცალკე და უწესებენ ცალკე რეჟიმს, რომელიც შეესაბამება არამსჯავრდებულ პირთა სტატუსს;
b) არასრულწლოვან ბრალდებულებს ათავსებენ სრულწლოვანებისაგან ცალკე და უმოკლეს ვადაში წარუდგენენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად.
3. პენიტენციალური სისტემით პატიმრებისათვის გათვალისწინებული რეჟიმი, რომლის არსებითი მიზანია მათი გამოსწორება და ახლებური სოციალური აღზრდა. არასრულწლოვან სამართალდამრღვევებს აცალკევებენ სრულწლოვანებისაგან და უწესებენ მათი ასაკისა და სამართლებრივი სტატუსის შესაბამის რეჟიმს.
მუხლი 11
არავის არ შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ არ შეუძლია შეასრულოს რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულება.
მუხლი 12
1. თითოეულს, ვინც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება წავიდეს ყოველი ქვეყნიდან, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან.
3. ზემოთ აღნიშნული უფლებები არ შეიძლება გახდეს რაიმე შეზღუდვის ობიექტი, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, საჭიროა სახელმწიფო უშიშროების,
საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და ეთავსება ამ პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს.
4. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოართვან თავის საკუთარ ქვეყანაში ჩასვლის უფლება.
მუხლი 13
უცხოელი, რომელიც კანონიერად იმყოფება ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ ტერიტორიაზე, შეიძლება გაასახლონ მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების შესასრულებლად, და თუ სახელმწიფო უშიშროების იმპერატიული მოსაზრებანი სხვას არ მოითხოვენ, მას უფლება აქვს წარმოადგინოს უდავო საბუთები თავისი გასახლების წინააღმდეგ, მოითხოვოს, რომ მისი საქმე გადასინჯოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ ან პირმა, რომელსაც სპეციალურად დანიშნავს კომპეტენტური ხელისუფლება, რომ ამ მიზნით წარსდგეს ამ ხელისუფლების, პირისა თუ პირთა წინაშე.
მუხლი 14
1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე, თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობის განსაზღვრისას, რომ მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. შეიძლება, რომ პრესა და საზოგადოება არ დაუშვან მთელ სასამართლო გარჩევაზე, თუ მის ნაწილზე, მორალის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგისა თუ სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით ან, როცა ამას მოითხოვს მხარეთა კერძო ცხოვრების ინტერესები ან იმდენად, რამდენადაც ეს, სასამართლოს აზრით, ძალზე საჭიროა განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა საჯაროობა შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს; მაგრამ ყოველი სასამართლო დადგენილება სისხლის სამართლისა თუ სამოქალაქო საქმის გამო საჯარო უნდა იყოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა არასრულწლოვანთა ინტერესები სხვას მოითხოვენ ან, როცა საქმე ეხება მატრიმონიალურ დავას ან ბავშვთა მეურვეობას.
2. თითოეულს, ვისაც ბრალად სდებენ სისხლის სამართლის დანაშაულს, უფლება აქვს ჩაითვალოს უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი მიიღოს შემდეგი გარანტიები სრული თანასწორობის საფუძველზე:
a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით შეატყობინონ იმ ენაზე, რომელიც ესმის, თუ რა ხასიათისაა და რა საფუძველზე წაუყენეს ბრალდება;
b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;
c) გაასამართლონ გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე;
d) გაასამართლონ მისი თანდასწრებით და დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის საშუალებით; თუ მას ჰყავს დამცველი, უნდა შეატყობინონ ეს უფლება და ყავდეს მისთვის დანიშნული დამცველი ყველა შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში, როცა არა აქვს საკმარისი სახსრები ამ დამცველის ასანაზღაურებლად;
e) დაკითხოს მოწმენი, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები სხვამ დაჰკითხოს, და ჰქონდეს უფლება, რომ გამოიძახონ და დაჰკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობებით, რომლებიც არსებობს მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეებისათვის;
f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ არ ესმის ენა, რომელსაც სასამართლოში ხმარობენ ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე;
g) არავინ არ აიძულოს, რომ ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს.
4. არასრულწლოვანთა მიმართ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გაითვალისწინონ მათი ასაკი და მათი ხელახალი აღზრდისათვის ხელშეწყობის სასურველობა.
5. თითოეულს, ვინც მსჯავრდებულია რაიმე დანაშაულისათვის, აქვს უფლება, რომ მისი მსჯავრდადება და განაჩენი გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ კანონის შესაბამისად.
6. თუ რომელიმე პირს საბოლოო გადაწყვეტილებით დასდეს მსჯავრი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და თუ მისთვის გამოტანილი განაჩენი შემდგომში გააუქმეს ან მისთვის ნაბოძები იყო შეწყალება იმ საფუძველზე, რომ რაიმე ახალი ან ახლად აღმოჩენილი გარემოება უცილობლად ამტკიცებს, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა, მაშინ ეს პირი, რომელიც დაისაჯა ასეთი მსჯავრდების შედეგად, იღებს კომპენსაციას კანონის თანახმად, თუ არ დამტკიცდა, რომ აღნიშნული უცნობი გარემოება თავის დროზე ვერ აღმოაჩინეს მხოლოდ მისი ან ნაწილობრივ მისი მიზეზით.
7. არავის მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდადებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონის და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად.
მუხლი 15
1. არავინ არ შეიძლება ცნონ დამნაშავედ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის რომელიმე ისეთი მოქმედებისა და შეცდომის
შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე არ შეიძლება დაინიშნოს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რომელიც უნდა გამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში; თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით წესდება უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ დამნაშავეზე.
2. ამ მუხლში არაფერი არ უშლის ხელს, რომ ყოველი პირი გადაეცეს სასამართლოს და დაისაჯოს ყოველი მოქმედებისა თუ შეცდომისათვის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადებრიობის მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩადენის მომენტში სისხლის სამართლის დანაშაული იყო.
მუხლი 16
თითოეულ ადამიანს, სადაც უნდა იყოს იგი, აქვს უფლება, რომ ცნონ მისი სუბიექტობის უფლება.
მუხლი 17
1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.
2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
მუხლი 18
1. თითოეულ ადამიანს აქვს აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას ჰქონდეს ან იღებდეს რელიგიასა თუ მრწამსს საკუთარი არჩევნით და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძო წესით ასრულებდეს კულტს, რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებებსა და მოძღვრებას.
2. არავინ არ უნდა განიცდიდეს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას იქონიოს ან მიიღოს რელიგია თუ მრწამსი საკუთარი არჩევანით.
3. რელიგიისა თუ მრწამსის აღიარების თავისუფლებას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და საჭიროა საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად.
მუხლი 19
1. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ჰქონდეს საკუთარი აზრი.
2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.
3. ამ მუხლის მე –2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობას და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მაშასადამე, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზ უდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონი დადგენილი და აუცილებელი:
a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;
b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.
მუხლი 20
1. ომის ყოველგვარი პროპაგანდა უნდა აიკრძალოს კანონით.
2. ყოველგვარი გამოსვლა ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური შუღლის სასარგებლოდ, რაც დისკრიმინაციის, მტრობისა თუ ძალადობის წაქეზებაა, უნდა აიკრძალოს კანონით.
მუხლი 21
აღიარებულია მშვიდობიანი კრებების უფლება. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.
მუხლი 22
1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ იმ პირთათვის, რომლებიც შედიან შეიარაღებლი ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში.
3. ამ მუხლში არაფერი არ აძლევს უფლებას სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციაში ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, ან კანონი გამოიყენონ ისეთნაირად, რომ ეს საზიანო იყოს ამ გარანტიებისათვის.
მუხლი 23
1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი.
3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.
4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.
მუხლი 24
1. თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მას, როგორც მცირეწლოვანს, უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
2. თითოეული ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ დაბადების შემდეგ და ჰქონდეს სახელი.
2. თითოეულ ბავშვს აქვს მოქალაქეობის მიღების უფლება.
მუხლი 25
თითოეულ მოქალაქეს მე –2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:
a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით;
b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას;
c) თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა.
მუხლი 26
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს კანონით და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის, როგორიცაა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
მუხლი 27
იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას ეკუთვნიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედაენაზე.
ნაწილი IV
მუხლი 28
1. იქმნება ადამიანის უფლებათა კომიტეტი (რომელსაც ქვემოთ ამ პუნქტში ეწოდება „კომიტეტი“). მასში შედის თვრამეტი წევრი და იგი ასრულებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს.
2. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან პირები, რომლებიც ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეები არიან, აქვთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და აღიარებული კომპეტენტურობა ადამიანის უფლებათა დარგში, ამასთან გათვალისწინებულია, რომ სასარგებლოა იურიდიული გამოცდილების მქონე რამდენიმე პირის მონაწილეობა.
3. კომიტეტის წევრებს ირჩევენ და ისინი მუშაობენ პირადად.
მუხლი 29
1. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ მიზნით დაასახელეს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა.
2. ამ პაქტის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია დასახოს არაუმეტეს ორი პირისა. ეს პირები უნდა იყვნენ ამ სახელმწიფოს მოქალაქენი.
3. ყველა პირს აქვს უფლება, რომ განმეორებით დაასახელონ.
მუხლი 30
1. პირველადი არჩევნები ეწყობა არა უგვიანეს ექვსი თვისა ამ პაქტის ძალაში შესვლის შემდეგ.
2. კომიტეტის თითოეულ არჩევნებამდე, გარდა არჩევნებისა ვაკანსიათა შესავსებად, რომლებიც ცხადდება 34-ე მუხლის შესაბამისად, სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილობით სთხოვს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, რომ სამი თვის მანძილზე წარმოადგინონ კომიტეტის წევრთა კანდიდატურები.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანის წესით ადგენს ასეთნაირად დასახელებულ პირთა სიას, სადაც აღნიშნულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებმაც ეს პირი დაასახელეს, და უგზავნის მას ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს არა უგვიანეს ერთი თვისა თითოეული არჩევნების მოწყობის თარიღამდე.
4. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ სხდომაზე, რომლისთვისაც კვორუმია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის დასწრება, კომიტეტში არჩეულად ითვლებიან ის პირები, რომელთა კანდიდატურები მიიღებენ ყველაზე მეტ ხმას და მონაწილე სახელმწიფოთა იმ წარმომადგენელთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობას, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ.
მუხლი 31
1. კომიტეტში არ შეიძლება შევიდეს ერთი და იმავე სახელმწიფოს ერთზე მეტი მოქალაქე.
2. კომიტეტის არჩევნების დროს ითვალისწინებენ წევრთა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას და სხვადასხვა ფორმის ცივილიზაციისა და ძირითადი იურიდიული სისტემის წარმომადგენლობას.
მუხლი 32
1. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით, მათ აქვთ უფლება ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით
დასახელების შემთხვევაში, მაგრამ ამასთან პირველ არჩევნებზე არჩეულთა შორის ცხრა წევრის რწმუნებათა ვადა იწურება ორი წლის პერიოდის დამლევს; დაუყოვნებლივ პირველი არჩევნების შემდეგ ამ ცხრა წევრის სახელებს წილისყრით განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე, რაც აღნიშნულია 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში.
2. რწმუნებათა ვადის გასვლის შემდეგ არჩევნები იმართება პაქტის ამ ნაწილის წინა მუხლების შესაბამისად.
მუხლი 33
1. თუ სხვა წევრთა ერთსულოვანი აზრით, კომიტეტის რომელიმე წევრმა შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება რაიმე მიზეზით, გარდა დროებით არყოფნის მიზეზისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამას ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ წევრის ადგილს ვაკანტურად აცხადებს.
2. კომიტეტის რომელიმე წევრის გარდაცვალებისა თუ გადადგომის შემთხვევაში თავმჯდომარე ამას დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ ადგილს ვაკანტურად აცხადებს გარდაცვალების დღიდან, ან იმ დღიდან, როცა გადადგომა ნამდვილი ხდება.
მუხლი 34
1. როცა 33-ე მუხლის შესაბამისად ცხადდება ვაკანსია, და თუ შესაცვლელი წევრის რწმუნებათა ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ ექვსი თვის მანძილზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამას ატყობინებს ამ პაქტის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ორი თვის მანძილზე 29-ე მუხლის შესაბამისად დაასახელოს კანდიდატურა ამ ვაკანსიის შესავსებად.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანის წესით ადგენს ამრიგად წამოყენებულ პირთა სიას და წარუდგენს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, შემდეგ არჩევნები ვაკანსიის შესავსებად ეწყობა პაქტის ამ ნაწილის დებულებათა შესაბამისად.
3. 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ვაკანსიის შესავსებად არჩეული კომიტეტის წევრი თანამდებობრივ მოვალეობებს ასრულებს იმ წევრის რწმუნებათა ვადის დარჩენილი ნაწილის მანძილზე, რომელმაც გაათავისუფლა ადგილი კომიტეტში აღნიშნული მუხლის დებულებათა შესაბამისად.
მუხლი 35
კომიტეტის წევრები იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ანაზღაურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან იმ წესით და პირობებით, რომლებსაც
ადგენს გენერალური ასამბლეა კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 36
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საჭირო პერსონალსა და მატერიალურ სახსრებს ამ პაქტის შესაბამისად კომიტეტის ფუნქციათა ეფექტიანი განხორციელებისათვის.
მუხლი 37
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ სხდომას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში.
2. თავისი პირველი სხდომის შემდეგ კომიტეტი იკრიბება იმ დროს, რომელიც გათვალისწინებულია მისი პროცედურის წესებით.
3. ჩვეულებრივ კომიტეტი იკრიბება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებსა თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის განყოფილებაში.
მუხლი 38
კომიტეტის თითოეული წევრი, სანამ თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდეს, კომიტეტის ღია სხდომაზე აკეთებს საჯარო განცხადებას, რომ თავის ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.
მუხლი 39
1. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. შეიძლება მათი ხელახალი არჩევა.
2. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს, მაგრამ ამ წესებით, კერძოდ გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ:
a) კომიტეტის თორმეტი წევრი შეადგენს კვორუმს;
b) კომიტეტი დადგენილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმის უმრავლესობით.
მუხლი 40
1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას წარადგინონ მოხსენებები, თუ რა ღონისძიებანი დასახეს ამ პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელებისათვის და რა პროგრესს მიაღწიეს ამ უფლებათა გამოყენებაში;
a) ერთი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ეს პაქტი ძალაში შევა შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა მიმართ;
b) ამის შემდეგ ყველა შემთხვევაში, როცა ამას მოითხოვს კომიტეტი.
2. ყველა მოხსენებას წარუდგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათ განსახილველად უგზავნის კომიტეტს. მოხსენებაში უნდა აღინიშნოს ფაქტორები და სიძნელენი, თუ ასეთები არის, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ პაქტის განხორციელებაზე.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ შეუძლია დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებს გაუგზავნოს მოხსენებათა იმ ნაწილების ეგზემპლარები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს მათი კომპეტენციის სფეროს.
4. კომიტეტი სწავლობს, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს, იგი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის თავის მოხსენებებსა და ზოგადი ხასიათის ისეთ შენიშვნებს, რომლებიც მიზანშეწონილად მიაჩნია. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს გაუგზავნოს ეს შენიშვნები იმ მოხსენებათა ეგზემპლარებთან ერთად, რომლებიც მიიღო ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისაგან.
5. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ კომიტეტს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებანი ყველა შენიშვნის გამო, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 41
1. ამ მუხლის შესაბამისად პაქტის მონაწილე სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ცნობა, სადაც რომელიმე მონაწილე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობები კომიტეტმა შეიძლება მიიღოს ან განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ცნობს ამ კომიტეტის კომპეტენციას. კომიტეტი არ იღებს არავითარ ცნობას, თუ იგი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ცნობები განიხილება შემდეგი პროცედურის მიხედვით;
a) თუ ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ახორციელებს ამ პაქტით ნაკისრ დებულებებს, მას შეუძლია წერილობით შეატყობინოს ეს აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოებს. ამ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის მანძილზე მიმღებმა სახელმწიფომ წერილობით უნდა წარუდგინოს ასეთი ცნობის გამომგზავნ სახელმწიფოს განმარტება ან რაიმე სხვა განცხადება, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი, რომელიც უნდა შეიცავდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება, მითითებას შინაგან პროცედურებისა და
ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიიღო, მიიღებს ან შეიძლება მიიღოს ამ საკითხზე;
b) თუ საკითხი არ გადაწყდა ორივე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსათვის დამაკმაყოფილებლად ექვსი თვის მანძილზე მას შემდეგ, რაც მეორე სახელმწიფომ მიიღო პირველი ცნობა, თითოეულ ამ სახელმწიფოს უფლება აქვს ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს, ამასთან ეს შეატყობინოს კომიტეტსა და მეორე სახელმწიფოს;
c) კომიტეტი მისთვის გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ამ შემთხვევაში სცადეს და ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შინაგანი საშუალება. ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება;
d) ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომას;
e) კომიტეტი c ქვეპუნქტის დებულებათა დაცვით კეთილ სამსახურს უწევს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მეგობრულად გადაწყვიტონ საკითხი ამ პუნქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე;
f) მის განსახილველად გადაცემულ ყველა საკითხზე კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს b ქვეპუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს წარუდგინონ ყოველნაირი ინფორმაცია, რომელიც საქმეს ეხება;
g) b ქვეპუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ უფლება წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტში საკითხის განხილვისას და გააკეთონ წარდგინებანი ზეპირად ან წერილობით;
h) შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი თვის მანძილზე კომიტეტი b ქვეპუნქტის შესაბამისად წარადგენს მოხსენებას;
i) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე შინაარსით;
ii) თუ გადაწყვეტილება e ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, მაშინ კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტების მოკლე შინაარსით; მოხსენებას ერთვის დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერი.
თითოეულ საკითხზე მოხსენება ეგზავნება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.
2. ამ მუხლის დებულებანი ძალაში შედის, როცა ამ პაქტის მონაწილე ათი სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ასეთი განცხადებების დეპონირებას
ახდენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც განცხადებების პირებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. გენერალური მდივნის შეტყობინებით განცხადების უკან წაღება ყოველთვის შეიძლება. ასეთი მოქმედება ხელს არ უშლის რომელიმე იმ საკითხის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული ცნობის საგანია. მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას, რომ განცხადება უკან წაიღეს, აღარ მიიღება მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი ცნობები, თუ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს არ გაუკეთებია ახალი განცხადება.
მუხლი 42
1. a) თუ რომელიმე საკითხი, რომელიც კომიტეტს გადაეცემა 41-ე მუხლის შესაბამისად, არ გადაიჭრა დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთათვის დამაკმაყოფილებლად, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წინასწარი თანხმობით დანიშნოს სპეციალური შემათანხმებელი კომისია (რომელსაც შემდგომში ეწოდება „კომისია“), კომისია კეთილ სამსახურს უწევს მონაწილე სახელმწიფოები, რათა მეგობრულად გადაწყვიტონ ესა თუ ის საკითხი ამ პაქტის დებულებათა დაცვის საფუძველზე.
b) კომისიაში შედის დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსათვის მისაღები ხუთი პირი. თუ სამი თვის მანძილზე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ კომისიის მთელი შემადგენლობისა თუ შემადგენლობის ნაწილის თაობაზე, კომისიის იმ წევრებს, რომელთა დანიშვნის თაობაზე ვერ მიაღწიეს თანხმობას, ირჩევენ ფარული კენჭისყრით კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან კომიტეტის წევრთა ხმების ორ მესამედის უმრავლესობით.
2. კომისიის წევრები მოვალეობას ასრულებენ პირადად. ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესუბული მონაწილე სახელმწიფოების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც ამ პაქტის მონაწილე არ არის, ან იმ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქენი, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება 41- ე მუხლის შესაბამისად.
3. კომისია ირჩევს თავის თავმჯდომარეს და ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.
4. კომისიის სხდომები ჩვეულებრივ ეწყობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის განყოფილებაში, მაგრამ სხდომები შეიძლება მოეწყოს სხვა მოსახერხებელ ადგილებშიც, რომლებიც კომისიამ შეიძლება განსაზღვროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან და შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით.
5. 36-ე მუხლით უზრუნველყოფილი სამდივნო ემსახურება აგრეთვე ამ მუხლის საფუძველზე დანიშნულ კომისიებს.
6. კომიტეტის მიერ მიღებული და შესწავლილი ინფორმაცია გადადის კომისიის განკარგულებაში და კომისიას შეუძლია სთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რომ წარუდგინონ ყოველნაირი ინფორმაცია, რომელიც საქმეს ეხება.
7. როცა კომისია მთლიანად განიხილავს საკითხს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს 12 თვისა მას შედეგ, რაც მას გადაეცა ეს საკითხი, იგი კომიტეტის თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებას დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისათვის გასაგზავნად:
a) თუ კომისიას არ შეუძლია დაამთავროს ამ საკითხის განხილვა თორმეტი თვის მანძილზე, იგი მოხსენებაში მოკლედ აღნიშნავს რა მდგომარეობაშია ამ საკითხის განხილვა;
b) თუ მიღწეულია ამ საკითხის მეგობრული გადაწყვეტა ამ პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, კომისია თავის მოხსენებაში სჯერდება ფაქტებსა და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე შინაარსს;
c) თუ b ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის, კომისიის მოხსენება შეიცავს მის დასკვნებს ფაქტიური ხასიათის ყველა საკითხის გამო, რომლებიც ეხება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა დაცვას, და კომისიის მოსაზრებებს ამ საკითხის მეგობრულად მოგვარების შესაძლებლობის შესახებ. ეს მოხსენება აგრეთვე შეიცავს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობით წარდგინებას და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერს;
d) თუ კომისიის მოხსენება წარდგენილია e ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ამ მოხსენების მიღებიდან სამი თვის მანძილზე ატყობინებენ კომიტეტის თავმჯდომარეს, ეთანხმებიან თუ არა კომისიის მოხსენების შინაარსს.
8. ამ მუხლის დებულებანი არ აკნინებენ 41-ე მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის მოვალეობებს.
9. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები თანაბრად ანაზღაურებენ კომისიის წევრთა ყველა ხარჯს იმ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც წარადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
10. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უფლება აქვს, თუ ეს საჭიროა, აანაზღაუროს კომისიის წევრთა ხარჯები, სანამ მათ აანაზღაურებდნენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ამ მუხლის მე –9 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 43
კომიტეტისა და იმ სპეციალური შეთანხმებული კომისიების წევრებს, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს 42-ე მუხლის შესაბამისად, აქვთ იმ ექსპერტთა შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების უფლება,
რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მივლინებაში გზავნის, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციის შესაბამის ნაწილებში.
მუხლი 44
ამ პაქტის განხორციელების დებულებანი უნდა გამოიყენონ ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ პროცედურებს ადამიანის უფლებათა დარგში, რომლებსაც ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სპეციალიზებულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტები და კონვენციები, ან მათ შესაბამისად, ეს დებულებანი ხელს არ უშლის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა პროცედურებს, მათ შორის მოქმედ საერთო და სპეციალურ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე.
მუხლი 45
ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საშუალებით კომიტეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას თავისი მუშაობის შესახებ.
ნაწილი V
მუხლი 46
ამ პაქტში არაფერი არ უნდა იყოს განმარტებული როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სპეციალიზებულ დაწესებულებათა სხვადასხვა ორგანოს შესაბამის მოვალეობათა განმსაზღვრელ სპეციალიზებულ დაწესებულებათა წესდებების დებულებათა მნიშვნელობის დაკნინება იმ საკითხებში, რომლებსაც ეს პაქტი ეხება.
მუხლი 47
ამ პაქტში არაფერი არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც დაკნინება ყველა ხალხის განუყოფელი უფლებისა და მთლიანად და თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ბუნებრივი სიმდიდრეებითა და რესურსებით.
ნაწილი VI
მუხლი 48
1. ამ პაქტს შეუძლია ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ყველა სახელმწიფომ ან ყველა მისი სპეციალიზებული დაწესებულების წევრმა, საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის მონაწილე ყველა სახელმწიფომ და ყველა სხვა სახელმწიფომ, რომლებსაც
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა შესთავაზებს ამ პაქტში მონაწილეობას.
2. ეს პაქტი რატიფიცირებული უნდა იყოს. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
3. ამ პაქტს შეუძლია შეუერთდეს ამ მუხლის I პუნქტში აღნიშნული ყველა სახელმწიფო.
4. შეერთებისათვის საჭიროა შეერთების დოკუმენტის დეპონირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ყოველ სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ პაქტს ან შეუერთდნენ მას, თითოეული სარატიფიკაციო სიგელისა თუ შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.
მუხლი 49
1. ეს პუნქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული იქნება ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ პაქტის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება მას ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელისა ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს პუნქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა დეპონირებული იქნება მისი საკუთარი სარატიფიკაციო სიგელი თუ შეერთების დოკუმენტი.
მუხლი 50
ამ პაქტის დებულებანი ვრცელდება ფედერაციულ სახელმწიფოთა ყველა ნაწილზე რაიმე შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე.
მუხლი 51
1. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს გასწორებანი და წარუდგინოს ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, გენერალური მდივანი შემოთავაზებულ გასწორებებს უგზავნის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს შეატყობინონ, მომხრე არიან თუ არა, რომ მოიწვიონ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია ამ წინადადებათა განსახილველად და მათთვის კენჭის საყრელად თუ მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა მესამედი მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ყველა გასწორებას, რომელსაც მიიღებს ამ კონფერენციის დამსწრე და
კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, დასამტკიცებლად წარუდგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
2. გასწორებანი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა და თავიანთი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა – ორი მესამედი.
3. გასწორებათა ძალაში შესვლის შემდეგ ისინი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება ამ პაქტის დებულებანი და მათ მიერ მიღებული ყველა წინა გასწორება.
მუხლი 52
48-ე მუხლის მე –5 პუნქტის თანახმად შეტყობინებისგან დამოუკიდებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს შემდეგს:
a) 48-ე მუხლის თანახმად ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთებების შესახებ;
b) 49-ე მუხლის თანახმად ამ პაქტის ძალაში შესვლის თარიღს და 51-ე მუხლის თანახმად ყოველგვარი გასწორების ძალაში შესვლის თარიღს.
მუხლი 53
1. ეს პაქტი, რომლის ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები ერთნაირად ავთენტურია, შესანახად უნდა გადაეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ პაქტის დამოწმებულ პირებს უგზავნის 48-ე მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.
საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო
პაქტის ფაკულტატური ოქმი
ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
ითვალისწინებენ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის (შემდგომში „პაქტი“) მიზნების მისაღწევად და მისი დადგენილების განსახორციელებლად მიზანშეწონილი იქნებოდა პაქტის IV ნაწილის საფუძველზე დაარსებულ ადამიანის უფლებათა კომიტეტს (შემდგომში „კომიტეტი“) მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს და განიხილოს, როგორც ამ ოქმშია გათვალისწინებული, შეტყობინებები ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი პაქტის აღნიშნული რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ამ ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ცნობა მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან. კომიტეტი არ მიიღებს არც ერთ ცნობას, თუ იგი ეხება პაქტის მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ ოქმის მონაწილე.
მუხლი 2
1-ლი მუხლის დებულებების დაცვის შემთხვევაში პირებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პაქტში ჩამოთვლილი მათი რომელიმე უფლება დაირღვა, და რომლებმაც ამოწურეს სამართლებრივი დაცვის ყველა არსებული შინაგანი საშუალება, შეუძლიათ კომიტეტის განსახილველად წარადგინონ წერილობითი ცნობა.
მუხლი 3
კომიტეტს შეუძლია მიუღებლად მიიჩნიოს ამ ოქმის შესაბამისად წარმოდგენილი ყოველი ცნობა, რომელიც ანონიმურია ან, რომელიც, მისი
აზრით, არის ასეთი ცნობების წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენება, ან იგი შეუთავსებელია პაქტის დებულებებთან.
მუხლი 4
1. მე-3 მუხლის დებულებათა დაცვის შემთხვევაში კომიტეტი ამ ოქმის თანახმად წარდგენილ ნებისმიერ ცნობას ატყობინებს ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც მტკიცების თანახმად, არღვევს პრაქტის რომელიმე დებულებას.
2. შეტყობინების მიმღები სახელმწიფო ექვსი თვის მანძილზე წარუდგენს კომიტეტს წერილობით განმარტებას ან განცხადებას, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი და ნებისმიერი ღონისძიება, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, რომელიც ამ სახელმწიფოს შეიძლება მიეღო.
მუხლი 5
1. კომიტეტი განიხილავს ამ ოქმის შესაბამისად მიღებულ ცნობებს ცალკეული პირების და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის წარდგენილი ყველა წერილობითი მონაცემების გათვალისწინებით.
2. კომიტეტი არ განიხილავს პირთა არც ერთ ცნობას, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ:
a) იგივე საკითხი არ განიხილება საერთაშორისო გარჩევის ან მოწესრიგების სხვა პროცედურის შესაბამისად;
b) მოცემულმა პირმა ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა მისაწვდომი შინაგანი საშუალება;
ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება.
3. ამ ოქმით გათვალისწინებული ცნობის განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომას.
4. კომიტეტი აცნობებს თავის მოსაზრებებს შესაბამის მონაწილე სახემწიფოს და პირს.
მუხლი 6
პაქტის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში კომიტეტს შეაქვს მოკლე ანგარიში ამ ოქმის შესაბამისად გაწეული თავისი მუშაობის შესახებ.
მუხლი 7
კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დეკლარაციის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1960 წლის 14 დეკემბერს მიღებული 1514 (XV) რეზოლუციის მიზნების მიღწევამდე, ამ ოქმის დებულებები არანაირად არ ზღუდავენ პეტიციების წარდგენის უფლებას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა საერთაშორისო კონვენციებით და დოკუმენტებით, და გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებებით მინიჭებული აქვთ ამ ხალხებს.
მუხლი 8
1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად პაქტის ხელმომწერი ყველა სახელმწიფოსათვის.
2. ეს ოქმი რატიფიცირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მიერ, რომელმაც პაქტის რატიფიკაცია მოახდინა ან შეუერთდა მას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
3. ამ ოქმთან შეერთება შეუძლია ყველა სახელმწიფოს, რომელმაც პაქტის რატიფიკაცია მოახდინა ან შეუერთდა მას.
4. შეერთებისათვის საჭირო შეერთების დოკუმენტის დეპონირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ პაქტს ან შეუერთდნენ მას, თითოეული სარატიფიკაციო სიგელის თუ შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.
მუხლი 9
1. პაქტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული იქნება მეათე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ ოქმის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება მას მეათე სარატიფიკაციო სიგელისა და შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა დეპონირებული იქნება მისი სარატიფიკაციო სიგელი თუ შეერთების დოკუმენტი.
მუხლი 10
ამ ოქმის დებულებანი ვრცელდება ფედერაციულ სახელმწიფოთა ყველა ნაწილზე რაიმე შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე.
მუხლი 11
1. ამ ოქმის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს გასწორებანი და წარუდგინოს ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი შემოთავაზებულ გასწორებებს უგზავნის ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს შეატყობინონ, მომხრე არიან თუ არა, რომ მოიწვიონ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია ამ წინადადებების განსახილველად და კენჭის საყრელად. თუ ასეთი კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ მესამედისა, გენერალური მდივანი იწვევს კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ყველა გასწორებას, რომელსაც მიიღებს ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, დასამტკიცებლად წარუდგენენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
2. გასწორებანი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა და კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა – ორი მესამედი.
3. მას შემდეგ, რაც გასწორებანი ძალაში შევა, ისინი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება ამ პაქტის დებულებანი და მათ მიერ მიღებული ყველა წინა გასწორება.
მუხლი 12
1. თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია ამ ოქმის დენონსაცია გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გენერალური მდივანი მიიღებს ამ შეტყობინებას.
2. დენონსაცია ხელს არ უშლის გაგრძელდეს ამ ოქმის დებულებების გამოყენება ყოველგვარი ცნობის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია მე –2 მუხლის შესაბამისად დენოსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.
მუხლი 13
ამ ოქმის მე –8 მუხლის მე –5 პუნქტის შესაბამისად შეტყობინებისგან დამოუკიდებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცნობებს პაქტის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს შემდეგს:
a) ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთებების შესახებ მე –8 მუხლის თანახმად;
b) ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს მე –9 მუხლის თანახმად და ყოველგვარი გასწორების ძალაში შესვლის თარიღს მე –11 მუხლის თანახმად;
c) დენონსაციების შესახებ – მე –12 მუხლის თანახმად.
მუხლი 14
1. ეს ოქმი, რომლის ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები ერთნაირად ავთენტურია, შესანახად უნდა გადაეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ ოქმის დამოწმებულ პირებს უგზავნის პაქტის 48-ე მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.
საქართველოში ძალაშია 1999 წლის 22 ივნისიდან
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების საერთაშორისო პაქტის
სიკვდილით დასჯის გაუქმებისადმი მიმართული მეორე
ფაკულტატური ოქმი
მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,
თვლიან რა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება ხელს უწყობს ადამიანის ღირსების განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების პროგრესულ განვითარებას,
ეყრდნობიან რა, 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მე – 3 მუხლს და 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტის მე - 6 მუხლს,
აღნიშნავენ რა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტის მე –6 მუხლი, რომელიც ეხება სიკვდილით დასჯის გაუქმებას, წარმოადგენს მტკიცე მითითებას გაუქმების სასურველობის შესახებ,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების ყველა ზომა განხილულ იქნას როგორც პროგრესი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფის საქმეში,
სურთ რა, აიღონ საერთაშორისო ვალდებულება სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
1. მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი სიკვდილით არ დაისჯება.
2. თითოეული მონაწილე სახლემწიფო იღებს ყველა აუცილებელ ზომას თავისი იურისდიქციის ფარგლებში სიკვდილით დასჯის გაუქმების მიზნით.
მუხლი 2
1. მოცემულ ოქმისადმი არ დაიშვება არანაირი დათქმა, გარდა იმ დათქმისა, რომელიც გაკეთდა რატიფიცირების ან შეერთების დროს და ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის გამოყენებას ომის დროს ბრალდების დადგენის შემდეგ ჩადენილ მეტად მძიმე სამხედრო ხასიათის დანაშაულში.
2. მონაწილე სახელმწიფო, რომელიც აკეთებს ასეთ დათქმას რატიფიცირების ან შეერთების მომენტში აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს თავისი ეროვნული კანონმდებლობით დებულებების შესახებ, რომელიც გამოიყენება ომის დროს.
3. მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც გააკეთა ამგვარი დათქმა, ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საკუთარი ტერიტორიის მიმართ ნებისმიერი საომარი მდგომარეობის დაწყების ან დამთავრების შესახებ.
მუხლი 3
მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს შეაქვთ მოხსენებებში, რომლებსაც ისინი წარუდგენენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მე - 40 მუხლის თანახმად, ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ მიიღეს ამ ოქმის განსახორციელებლად.
მუხლი 4
მოცემული პაქტის მონაწილე იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებმაც გააკეთეს განცხადება 41-ე მუხლის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის კომპეტენცია მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს განცხადების თაობაზე, რომ სხვა მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ვრცელდება ამ ოქმის დებულებებზე, თუ დაინტერესებულმა წევრმა სახელმწიფომ არ გააკეთა საწინააღმდეგო განცხადება რატიფიცირების ან შეერთების მომენტში.
მუხლი 5
რაც შეეხება 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებულ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის კომპეტენცია მიიღოს და განიხილოს ცალკეული პირების შეტყობინებები, რომლებიც იმყოფებიან იურისდიქციის ქვეშ, ვრცელდება ამ ოქმის დებულებებზე, თუ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფო არ გააკეთებს საწინააღმდეგო განცხადებას რატიფიცირების ან შეერთების მომენტში.
მუხლი 6
1. მოცემული ოქმის დებულებები გამოიყენება პაქტისადმი დამატებითი დებულებების სახით.
2. წინამდებარე ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული უფლება არ შეიძლება შელახული იქნას პაქტის მე - 4 მუხლის საფუძველზე, ამ ოქმის მე – 2 მუხლით გათვალისწინებული დათქმის შესაძლებლობების მიმართ შეზღუდვის გარეშე.
მუხლი 7
1. მოცემული ოქმი ღიაა ხელმოწერისათვის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელმაც ხელი მოაწერა პაქტს.
2. მოცემული ოქმი ექვემდებარება რატიფიცირებას ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოახდინა პაქტის რატიფიცირება ან შეუერთდა მას. სარატიფიკაციო სიგელები გადაეცემა შესანახად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
3. მოცემული ოქმი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ შეერთებისათვის, რომელმაც მოახდინა პაქტის რატიფიცირება ან შეუერთდა მას.
4. შეერთება ხორციელდება შეერთების სიგელის დეპონირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანი აცნობებს ამ ოქმის ყველა ხელისმომწერ ან მასთან შეერთებულ სახელმწიფოებს ყოველი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ.
მუხლი 8
1. მოცემული ოქმი ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების სიგელის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს მოცემული ოქმის რატიფიცირებას ან უერთდება მას მეათე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შედის მისი საკუთარი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.
მუხლი 9
მოცემული ოქმის დებულებები ვრცელდება ფედრაციული სახელმწიფოს ყველა ნაწილზე რაიმე შეზღუდვებისა და გამონაკლისების გარეშე.
მუხლი 10
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა სახელმწიფოს, რომელთა შესახებაც ნახსენებია პაქტის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტში ქვემოხსენებულის შესახებ:
ა) მოცემული ოქმის მე – 2 მუხლის თანახმად, დათქმები, ცნობები და შეტყობინებები;
ბ) განცხადებები, რომლებიც გაკეთებული იქნა მოცემული ოქმის მე –4 და მე – 5 მუხლების თანახმად;
გ) მოცემული ოქმის მე - 7 მუხლის თანახმად, ხელმოწერა, რატიფიცირება და შეერთება;
დ) მოცემული ოქმის მე – 8 მულის თანახმად, ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
მუხლი 11
1. მოცემული ოქმი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტურია, ექვემდებარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში შენახვას.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის ამ ოქმის დამოწმებულ ასლებს, პაქტის 48 –ე მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია