ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.
„გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომლის დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.
ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები. დადგენილებები ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართოს.
სწორედ ამიტომ, ცესკომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. ასევე ცალსახად აღსანიშნავია, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უმეტეს უბნებზე კენჭისყრის პროცედურები ორგანიზებული იქნება დიდ დარბაზებში (იმ შენობა-ნაგებობების სივრცეებში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებია განთავსებული).
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც გასულ წელს, ისე 2021 წლის არჩევნებზე, მოქალაქეები დაიცავენ იმ ნორმებს, რომელიც ცესკომ ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის დღეს გამართულ სხდომაზე დაადგინა.
ასევე გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო:
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადება