„წელიწადი და ორი თვე არანაირი საექიმო საქმიანობის, კლინიკაში მუშაობის, ოპერაციის კეთების უფლება არ მქონდა - შემიწყდა ყველანაირი ანაზღაურება“
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ-ტრავმატოლოგ ვახტანგ წიკლაურს, რომელსაც სამინისტრომ უფლებამოსილება უსაფუძვლოდ (სასამართლო ვერდიქტით) შეუწყვიტა. ექიმი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უსამსახუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე იყო დატოვებული.
ჩვენ ექიმ ვახტანგ წიკლაურს ვესაუბრეთ.
- რვა წლის განმავლობაში, ნიუ ჰოსპიტალსში ორთოპედ-ტრავმატოლოგად (ქირურგად) ვმუშაობ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ორი თვის ვადით ლიცენზირება-სერტიფიცირება მიჩერდებოდა. თავიდან მიზეზი არ ვიცოდი, როცა დეკანატში მივედი და გავარკვიე - აღმოჩნდა, რომ საქმეში არანაირი „დანაშაული“ არ არსებობდა (რასაც იხილავდნენ). ამიტომ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ (სალომე ლოლუას) მივმართე, რომ ჩემი უფლებები დაეცვათ.
- ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს?
- პაციენტის ოპერაციაზე გაყვანისას ლაბორატორიიდან კვლევის პასუხები შემოდის, მათ რომ არ ენდო, პირადად გადაამოწმო თითოეული ანალიზის შედეგი - დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო. მედავებოდნენ, რომ არ უნდა ვენდო რენტგენოლოგის დასკვნას; თუ ჩავუღრმავდებით, არც ექიმ-რადიოლოგის ბრალეულობა იკვეთება ამ საქმეში, არათუ ორთოპედ-ტრავმატოლოგის, რომელიც არანაირ მონაწილეობას არ იღებს კვლევის ჩატარების ტექნიკურ ნაწილში. ამ დეტალებზე საუბარი ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
უბრალოდ, სასამართლო პროცესი დროში ძალიან გაიწელა.
- აღნიშნული სერტიფიცირება რას ითვალისწინებს?
- საექიმო ლიცენზიის ორი თვით შეჩერებას, რის წინააღმდეგაც წავედი.
- ამ ორ თვეში რა პროცესი მიმდინარეობს?
- გთხოვენ, რომ გადამზადების კურსი გაიარო, გადაიხადო (თუ არ ვცდები) 400 ლარი. ეს ორი თვე გავიდეს, რომ მერე მუშაობის უფლება აღგიდგეს. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
- ასეთ დროს გადამზადებას სად გადიხარ?
- როგორც მითხრეს, ტაშკენტის ქუჩაზე მედი-ქლაბის კლინიკაში უნდა გამევლო. უარი ვთქვი, რადგან არანაირი ბრალეულობა არ მქონია. ეს ორთვიანი ვადა იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუკი დაეთანხმები მათ გადაწყვეტილებას; აღიარებ ე.წ. დანაშაულს, რაშიც ბრალს გდებენ.
ბევრმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესი ძალიან გაიწელებოდა, ვიწვალებდი. მაინც გადავწყვიტე, ტყუილუბრალოდ სერტიფიცირების შეჩერებას სჯობდა ისევ სიმართლე დაგვემტკიცებინა; ნებისმიერი გზით გვებრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად. არაპროფესიონალმაც რომ თვალი გადაავლოს საქმეს, ჩემი მხრიდან არანაირი გადაცდომა არ იკვეთებოდა.
- სერტიფიცირებაზე რომ უარი თქვით, ამაზე რა პოზიცია ჰქონდათ?
- მაშინ სასამართლოში გასაჩივრების უფლება გაქვსო. ამ დროს, სხვა გზა არ რჩება.
- საქმე სასამართლოში როგორ წარიმართა?
- პირველივე სხდომიდან ნათელი იყო, რომ არანაირი დარღვევა არ იყო ჩადენილი. უბრალოდ პროცესუალურმა ნორმებმა (შუალედებში რაღაც დრო უნდა გავიდეს) სასამართლო პროცესი ძალიან გაწელა. სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ექსპერტი ურუშაძეც ადასტურებდა, რომ ტრავმატოლოგის არანაირი ბრალეულობა არ იყო. ხაზს ვუსვამ, ეს არა ჩვენი, სამინისტროს ექსპერტი იყო. თავადაც არ ესმოდა, ტრავმატოლოგი რა შუაში ვიყავი და ლიცენზია რატომ შემიჩერდა.
- სამინისტრო ამით ხომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა?
- დიახ, ექსპერტი სამინისტროს პირვანდელ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ამან არაფერი შეცვალა, სანამ პროცესი ბოლომდე არ მივიდა.
- სასამართლომ კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო?
- ბათილად ცნო სხდომის შედეგი. ყველაფრის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება გამოიყენეს, როცა თვითონაც დარწმუნებული იყვნენ, რომ იქაც ვერ მოიგებდნენ. უბრალოდ, ისიც არ ვიცი, დროში გაწელვა რაში აწყობდათ. მოკლედ, ეს უფლება გამოიყენეს და გაასაჩივრეს.
- სააპელაციომ მაინც რა თქვა?
- რეალურად, სააპელაციომ სამინისტროს საჩივარი წესიერად განხილვაშიც არ მიიღო. ერთი სხდომით განვიხილეთ, მაგრამ პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვა.
- ამ ყველაფერს რა შედეგები მოყვა?
- სამწუხაროდ, წელიწადი და ორი თვე არანაირი საექიმო საქმიანობის, კლინიკაში მუშაობის, ოპერაციის კეთების უფლება არ მქონდა. შემიწყდა ყველანაირი ანაზღაურება; ხომ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს, როცა ერთი წლის ბავშვი გყავს. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს და ადამიანურ ფაქტორს არ ითვალისწინებს.
ახლა ამ დღეებში მუშაობას რა თქმა უნდა დავიწყებ, მაგრამ...
- სასამართლო გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენას ითვალისწინებს?
- დიახ, 21 დღე სჭირდება, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს. შემდეგ უკვე ჩვეულებრივად მუშაობას დავიწყებ.
- კლინიკაში სამუშაო ადგილის მხრივ პრობლემა ხომ არ შეგექმნებათ?
- არა მგონია, პირიქით ალბათ რამდენიმე კლინიკაში გავაგრძელებ საქმიანობს, რაც უკვე ჩემს პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. მთავარი უფლებამოსილების აღდგენა იყო, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჩამომართვეს.
- რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, რასაც მაგალითად თქვენთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა?
- ხშირად, როცა მსგავსი მომხდარა, იმის გამო, რომ ასეთ დღეში არ ჩავარდეს და გაეწელოს პროცესი (შემოსავლის გარეშე არ დარჩეს), ექიმი მათ გადაწყვეტილებას თვალდახუჭული ეთანხმება და არ იცავს საკუთარ სიმართლეს. მოკლედ, მსგავსი საქმის გასაჩივრება ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
- სასამართლომ თქვენი გაცდენილი დროის ანაზღაურების გადაწყვეტილებაც ხომ არ მიიღო?
- ეს ცალკე გასაჩივრების საკითხი იქნება, აქამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა.
- მიმართვას თუ აპირებთ?
- რა თქმა უნდა, რასაც ასევე ცალკე დრო სჭირდება. მთავარია სიმართლე დამტკიცდა და მუშაობის გაგრძელების უფლება მომეცა. უმიზეზოდ სერტიფიცირებას რომ გიჩერებენ, ურთულესი ასატანია. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ამ სიმართლის დამტკიცება იყო. სამწუხაროდ ამას სასამართლო გზა დასჭირდა.
საქართველოში (მთელ მსოფლიოში) ექიმობა თუნდაც ხუთი წლის სწავლით არ მიიღწევა. შემდეგ პოსტსადიპლომო განათლება უკრაინაში, კიევში მივიღე. 11 წელი სჭირდება. ლამის ნახევარი ცხოვრება ან სერტიფიცირების მოპოვებაში გავატარე. ამიტომ იყო მტკივნეული, როცა ნახევარი ცხოვრებას ხაზს უსვამენ, არავინ იცის რატომ... გიჩერებენ სერტიფიცირებას, რაც შენთვის საამაყო და ღირსების საქმეა. ვერ წარმოიდგენთ, რის გამოვლა დაგვჭირდა თუნდაც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან“ ერთად; პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ ერთი წლისა და ორი თვის განმავლობაში რის გადალახვაც დაგვჭირდა. მე ამ ასპექტში გამიმართლა, მაგრამ ჯოჯოხეთი გავიარეთ ამ ხნის განმავლობაში. ამტკიცებ იმას, რაშიც ბრალეულობა არ მიგიძღვის, დადიხარ სასამართლოში, ესწრები პროცესებს და იმის ახსნა გიწევს, რაც ისედაც ნათელია.
მთავარი, რის გამოც მიუღებელი იყო ჩემთვის ამ უსამართლობასთან შეგუება არის ის, რომ ყველა პაციენტზე ზრუნვა მქონდა ყოველთვის პრიორიტეტად; არასდროს ვაყენებდი ფინანსურ მხარეს ან სხვა ფაქტორს ადამიანის პრობლემაზე წინ; უამრავი ღამე მითენებია საოპერაციო მაგიდასთან და კიდევ ძალიან ბევრ პაციენტს დავეხმარები, რადგან ადამიანების დახმარება გაჭირვებისას იყო ჩემი მიზანი - რამაც გადამაწყვეტინა თეთრი ხალათის ჩაცმა წლების წინ და არასდროს შევცვლი ამ მთავარ პრიორიტეტს; რადგან სხვა შემთხვევაში ჩემი ექიმობა დაკარგავდა ყველანაირ ღირებულებას, რის გამოც ეს პროფესია ავირჩიე.
კომენტარი სალომე ლოლუასაც ვთხოვეთ, „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარეს:
- ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსის ექიმ-ტრავმატოლოგს დროებით (ორი თვით) შეუჩერდა საექიმო საქმიანობის უფლება. ზემოაღნიშნული შემთხვევის შემდეგ ექიმი ვალდებულია გაიაროს ორთვიანი გადამზადების კურსი (რომლის ღირებულება დაახლოებით 350 ლარია). კურსის გავლის შემდეგ კვლავ ეძლევა უფლება საექიმო საქმიანობის გაგრძელებისა. აქვე გვინდა სათანადო დაწესებულებებმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის სამინისტრო) ყურადღება მიაქციოთ აღნიშნული გადამზადების კურსებს, რადგან ეს კურსები წარმოადგენს ფორმალობას. რეალურად, არ ხდება ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა.
ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ვახტანგ წიკლაურთან ერთად სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე მოვიგეთ გასულ წელს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში! ა.წ. 14 აპრილს ეს სასამართლოც ექიმის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი ასოციაცია მადლობას უხდის ვახტანგ წიკლაურს გამბედაობისთვის (წელიწადი და 2 თვე ექიმი ელოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, იყო სამსახურის გარეშე, უმუშევარი. გასათვალისწინებელია, რომ ექიმობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა). მადლობას ვუხდით ასოციაციის ადვოკატს ნინი ენდელაძეს, დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.
და ბოლოს, უახლოეს მომავალში სასამართლოში შევიტანთ სარჩელს ვახტანგ წიკლაურისთვის სამსახურიდან განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ასევე, ვიმედოვნებთ მეორე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში აღარ გაასაჩივრებს.