მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გაძვალტყავებული ერთადერთი პრეტენდენტი, ჩაჯიბული თანხა და არგაწეული ზედამხედველობა - 23 ივნისი 2022

ზურაბ სეხნიაშვილი: ,,ერთს გეტყვით, ზაქრო ქუცნაშვილი ვერ გამიბედავდა ამას, არც არის ეგ ტიპი” 

ჩვენს წინა წერილში სათაურით ,, არც ,,ქაფჩა”, არც ,,ტაჩკა” ანუ  ვის ერგო დუშეთის ბიუჯეტიდან 157 ათასი ლარი” დაგპირდით, რომ მომდევნო სტატიაში დეტალურად მოგახსენებდით რა ტენდერზეა საუბარი. 

მაშ ასე:

2019 წლის 10 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ( NAT190011327) - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, კერძოდ ნაპირ-გასამაგრებელი კედლების მშენებლობა / მდინარის დინების მარეგულირებელი და წყალდიდობებისგან დამცავი სამუშაოები - გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ: ბაკურხევის კალაპოტის გაწმენდა-გაღრმავება, გაბიონის მოწყობა და ქ. დუშეთში საავადმყოფოს კორპუსებთან რკინა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 206.076.00 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 2019 წლის 1 ივლისს 16.00 საათზე მთავრდებოდა.   

2019 წლის 1 ივლისს, 15 საათსა და 10 წუთზე, წინადადების მიღების ბოლო დღეს შეთავაზება ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა გააკეთა ანუ ამ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა მიიღო. 

შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულად ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალი გამოცხადდა. 

სხვა გზა სატენდერო კომისიას არც ჰქონდა, რადგან ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალი კონკურენტის გარეშე აღმოჩნდა.

ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, აღნიშნული დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტიდან. 

ისმის კითხვა: ნუთუ, სხვა კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ სურდა ? 

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შესყიდვის მონაწილეთა შორის უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ამ ტენდერში არ იყო. 

ალბათ, იკითხავთ: სად არის აქ კორუფციული რისკები ?

მოდით, მოვუხმოთ საღ აზრს. ტენდერის გამოცხადებიდან გადის 20 დღე, უკვე საჭიროა, რომ სატენდერო კომისიამ გამოაცხადოს ხელახლა ტენდერი, რადგან სხვა გზა არაა, სამუშაოები შესასრულებელია. ვადის დასრულებამდე რჩება 50 წუთი და დუშეთის მუნიციპალიტეტს ამ დროს ,,მფარველ” ანგელოზად ეცხადება ,,უქაფჩო” და ,,უტაჩკო”გოქსელ გენჩი, თავისი ,,გენჩ ინშაათით”, რომელმაც უნდა გააღრმაოს ჭირვეული მთის მდინარის კალაპოტი და ააგოს დამცავი ნაგებობები. 

კი ბატონო, დავუშვათ, რომ მართლაც შემთხვევითობა მოხდა, გოქსელ გენჩმა ბოლო წამს აღმოაჩინა ეს ტენდერი და ხელი გაუწვდინა დუშეთის მუნიციპალიტეტს, მაგრამ სატენდერო კომისია სად იყურებოდა ?! სულ ცოტა, მას უნდა გაეკითხა-გამოეკითხა ამ კომპანიის თაობაზე, რაც არ გააკეთა და ბრმად ენდო ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის წარდგენილ სატენდერო დოკუმენტებს.   

ჩვენ შევდივართ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მდგომარეობაში, ფორსმაჟორი იყოო, გვიცხადებენ, მაგრამ სამუშაოების ღირებულება 206 ათას ლარზე მეტია, რაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთრება იყო და არა მისი თავკაცების, რომელსაც მოხელეები წესით თვალისჩინივით უნდა გაჰფრთხილებოდნენ. აქ აშკარად საქმე გვაქვს გაუმართლებელ რისკთან. სამი დღის განმავლობაში ეცნობი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და ამ დროის განმავლობაში დეტალურად, სიტყვა-სიტყვით, უნდა გასცნობოდნენ წარდგენილ ინფორმაციას, მეტიც, ვალდებულნი იყვნენ გადაემოწმებინათ ყველა დოკუმენტი. კერძოდ, უნდა დაჰკავშირებოდნენ თურქეთის სავაჭრო პალატას, ასევე მექსიკის შეერთებული შტატების სათანადო ორგანოებს, რომლებიც დაადასტურებდნენ, დიახაც, ამ კომპანიამ ,,ნახევარი თურქეთი ააშენა”, ხოლო მექსიკაში მდინარე რიო გრანდეს გაუღრმავა კალაპოტი. გინდა არ გინდა, აქ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ასე ბრმად როგორ ენდო დუშეთის მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ბოლო წამს ,,შემოფრენილ” ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს? ლოგიკა გვკარნახობს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია, წესით და რიგით, აუცილებლად, გადაამოწმებდა ნებისმიერი ფირმის დოკუმენტებს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ბრმად ენდობოდა, თუ მას (კომისიას) ვინმე ავტორიტეტული პირი ან პირები მიუთითებდნენ, რომ ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალი გამარჯვებულად გამოეცხადებინათ. 

ჩვენი აზრით, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, მოხდა კორუფციული გარიგება და ბიუჯეტის თანხა ძმურად გაიყო… და თუ გავიხსენებთ, რომ გოქსელ გენჩს ყალბი დოკუმენტაციის გარდა არაფერი გააჩნია, უნდა ვივარაუდოთ, მას ამ თანხიდან ,,საქორწინო გენერლის” თუ გნებავთ, ,,ფასადის” როლის შემსრულებლის თანხა შეხვდა. 

მართალია, დუშეთის მუნიციპალიტეტის მამები იფიცებიან, რომ არაფერი საეჭვო ამ ტენდერში არ იყო, რადგან ტენდერი პირდაპირი მიყიდვის წესით არ გამოცხადდა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს კონკურენტი არ ჰყავდა, სწორედაც, გვინდა არ გვინდა, აშკარაა ფაქტობრივად, პირდაპირი მიყიდვის ფაქტი. 

და აქვე გავიხსენებთ, რომ ჩვენი გამოძიების დროს, 2020 წელს, ეს ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვერ აღმოვაჩინეთ. ალბათ, იმ დროს საიტზე მოხდა ტექნიკური ხარვეზი. არადა, საქართველოში უამრავი სამშენებლო ფირმაა, რომლებიც მშიერი მგლებივით დაძრწიან ელექტრონულ ტენდერებში მსუყე ლუკმის გადასასანსლად და, ალბათ, ტექნიკურმა ხარვეზმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა აბორიგენი კომპანიები. 

და მაგ კომპანიებს, სხვათა შორის, გააჩნიათ სათანადო სამშენებლო ტექნიკა, რაც ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს, უბრალოდ, არ აქვს. 

მოდით, გავიხსენოთ ტენდერის ლოგიკაც: სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, იმიტომ რომ შესასრულებელი სამუშაოებიდან მსურველებმა უფრო უკეთესი პირობები შესთავაზონ იმისათვის, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები არ გაიფლანგოს, ოპტიმალურად იქნას გამოყენებული და სახელმწიფომ სარგებელი ნახოს და არა ზარალი. 

გავიხსენოთ, საწყისი ფასი იყო 206 ათას ლარზე მეტი. ბოლო წამს გამოჩენილი ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალი სთავაზობს 195 ათას, ანუ განსხვავება არის სულ რაღაც, 11 ათასი ლარი. ეს არ არის ის თანხა, რომელიც გაძლევს უფლებას, დაასრულო ტენდერი. იქნებ, არსებობს სხვა ფირმა, რომელიც ამ სამუშაოებს შეგისრულებს, დაუშვათ, 150 ათას ლარად, ან უფრო ნაკლებად, რადგან, როგორც ვახსენეთ, საქართველოში უამრავი სამშენებლო ფირმაა. 

ვიმეორებთ, ტენდერი იმიტომაც ცხადდება, რომ იყოს კონკურენცია, რათა სახელმწიფომ მოგება მიიღოს. ახლა ვსვამთ ლოგიკურ კითხვას: სად ეჩქარებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტს ? გამოეცხადებინა ხელახალი ტენდერი და თუ არ გამოჩნდებოდა მყიდველი, ექნებოდა მაშინ საფუძვლიანი პასუხიც, რა ვქნა, ბატონო, ამ ფირმის გარდა არავინ არ შემოსულა. ფორმალურად მაინც გაეკეთებინა ეს და არ ექნებოდა დღეს თავის ტკივილი. ზემოხსენებული მიზეზების გამო, ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს კონკურენტი ისედაც არ ეყოლებოდა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე კვლავ ,,შეფერხება” იქნებოდა. 

მაშ, ვის სძლია სიიაფით ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა? … ეს ვითარება ძალიან ჰგავს ეპიზოდს, როცა ინიშნება 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კარში, რომელსაც მეკარე არ იცავს. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებასთან. 

ამ ტენდერში აუცილებელი პირობა იყო შემდეგი : პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში ვკითხულობთ შემდეგს :,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალმა ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინა დოკუმენტები - ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, კომისიის სახელზე წერილი მექსიკის ეროვნული ბანკის მონაცემების შესახებ, ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოს შესახებ და საბანკო გარანტია ,,ზირაათ ბანკიდან”. 

სატენდერო კომისიამ განიხილა ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალის ტექნიკური დოკუმენტაცია,  დაადგინა ის გამარჯვებულად და გაუფორმა ხელშეკრულება ისე, რომ ტენდერში წარდგენილი დოკუმენტაციის ავთენტურობა არ გადაამოწმა. 

ჩვენ გამოვიძიეთ, რომ ,,გენჩ ინშაათს” ერთი აგურიც არ დაუდია თურქეთში, 100 % -ით არ გაუღრმავებია მდინარე რიოგრანდეს კალაპოტი და არც 220 კილომეტრიანი გზა გაუჭრია ციმბირის ტაიგაში და ჭაობებში, ანუ არავითარი სამშენებლო გამოცდილება ამ კომპანიას არ გააჩნდა. 

და როგორ დააკმაყოფილა ტენდერის ზემოხსენებული აუცილებელი პირობა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა ? ანდაც როგორ დააჯერა გოქსელ გენჩმა სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ბატონი თანიაშვილი, შესყიდვების სამსახურის უფროსი, მარიამ ზარქუა და თავად დუშეთის მაშინდელი მერი, ზურაბ სეხნიაშვილი, რომ ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ამ ტიპის სამუშაოების გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა, როცა აღნიშნულმა მოხელეებმა ეს ინფორმაცია, როგორც თავადვე განაცხადეს არ გადაამოწმეს. 

ჩვენი აზრით, არათუ სპეციალისტი, არამედ სკოლის მოსწავლეც მიხვდება, რომ ამ საქმეს ცუდი სურნელი ასდის. და უფრო გასაგებად - საქმე წინასწარ გაყიდულ ტენდერთან გვაქვს. 

მოგეხსენებათ, ჩვენ წინა წერილში დუშეთის მერის იმდროინდელი მოადგილის, გიორგი თანიაშვილისა და დუშეთის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ზარქუას პოზიცია გაგაცანით, ამჯერად დუშეთის იმდროინდელ მერს ზურაბ სეხნიაშვილს დავუკავშირდით. 

- ბატონო ზურაბ, 2019 წლის 10 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა, რატომ, რა დამსახურებისთვის ? 

- დიახ, გაიმარჯვა, მანდ დარღვევა არ არის. გამოცხადდა ტენდერი, მოვიდა კომპანია და გაიმარჯვა. ტენდერი, მართალია, აუქციონის გარეშე იყო, მაგრამ ჩატარდა, თანაც კანონიერად, ეჭვის საფუძველიც ვერ გექნებათ, რომ რაიმე არაკანონიერი იყო, მით უფრო, პირდაპირი მიყიდვა არ იყო, ტენდერია ჩატარებული. 

- კარგით, არ იყო პირდაპირი მიყიდვა, მაგრამ აქ საეჭვოა ის ფაქტი, რომ ეს კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო...თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ ამ კომპანიაზე და გადამოწმდა თუ არა მის მიერ წარმოდგენილი საბუთების ავთენტურობა, თუ ტენდერი ბრმად გადაეცა ?

- ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ შემოდის ტენდერში და ვინ არა. კომპანია შემოვიდა ტენდერში, მოიგო, შეასრულა სამუშაოები… მანდ დარღვევა არაფერი იქნება, თავს დავდებ. მე ვესაუბრე შესყიდვების სამსახურს, ცხადია, დოკუმენტაციას გადაამოწმებდნენ. შეიძლება კომპანიას წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები, მაგრამ მე, პირადად, რა ვიცი ყალბი დოკუმენტები წარმოადგინა თუ არა, მაგას ხომ მე ვერ გავიგებდი. 

მანდ მთავარს გეტყვით და ამას მიაქციეთ ყურადღება, შპს,,მშენ ექსპერტი” რეგიონში გამარჯვებული ვინც იყო, სწორედ ის უწევდა ,,გენჩ ინშაათს” კურატორობას და ექსპერტიზაც დევს. 

- ცხადია, შპს,,მშენ ექსპერტთან” ცალკე გვექნება კითხვები… ჩვენ გვაინტერესებს, თქვენ თუ გაარკვიეთ ჰქონდა თუ არა ამ კომპანიას მსგავსი სამუშაოები შესრულებული, რაც ტენდერის აუცილებელი პირობა იყო ?  

- ვიმეორებ, არ არსებობს, შესყიდვების სამსახურს, რომ არ გადაემოწმებინა. გარდა ამისა, ჩვენი დამოკიდებულება იყო ასეთი - ვამოწმებდით კომპანია იყო თუ არა ე.წ. შავ სიაში და შემდეგ ვიღებდით გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, ბევრი თურქული კომპანია გაგვიძევებია ჩვენ ტენდერებიდან. 

- და თქვენ თუ იცით, სინამდვილეში ვინ ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები ?

- შეიძლება ქვეკონტრაქტორმა. არ ვიცი.  

- ხელშეკრულების თანახმად, ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობის დაფიქსირება აუცილებელია და თუ ეს დამალა, უხეში დარღვევაა… 

- მისი მხრიდან თუ არის რაიმე დარღვევა, ამას შესაბამისი სამსახურები მიხედავენ. მე ხომ ინსპექცია არ ვარ. ვიმეორებ, მას კურირებდა რეგიონში გამარჯვებული შპს ,,მშენ ექსპერტი”. მას უნდა დაუკავშირდეთ, რადგან ,,მშენ ექსპერტმა” დაწერა დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე. ქვეყანა ფულს ვუხდიდით ჩვენ ,,მშენ ექსპერტს”. მას უნდა მოჰკითხოთ ქვეკონტრაქტორზე ინფორმაცია. 

ხომ გეუბნებით, სამუშაოები სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ბაკურხევში, გუდამაყარში სტიქია იყო. სხვათა შორის, გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გავაკეთე, აუცილებლად ნახეთ ეგ საოცრება.  

- ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ,,მშენ ექსპერტ”-მა შეიყვანა სატენდერო კომისია შეცდომაში და იმიტომ გააფორმა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან ?

- არა, ,,მშენ ექსპერტი” ერთვება შემდეგ. ვიმეორებ, ეს კომპანია შავ სიაში არ იყო. 

- ანუ რადგან შავ სიაში არ იყო, ამიტომ მიიჩნიეთ, რომ ეს კომპანია იყო კვალიფიციური ?

- შემოვიდა ტენდერში, შემოიტანა საბუთები, გაიმარჯვა. 

- ბატონო ზურაბ, მოდით, გვითხარით, ვინ გაუწია ამ კომპანიას რეკომენდაცია თქვენთან ან თქვენს მოადგილეებთან, დუშეთის ყოფილმა დეპუტატებმა ? ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს. 

- არა, რას ამბობთ, არავინ. 10 წელი კონტროლის პალატაში ვმუშაობდი და ყველას და ყველაფერს ვამოწმებდი. უჩემოდ ჩემი ვერც ერთი მოადგილე ვერაფერს იზამდა. ისე, ცნობისათვის ერთს გეტყვით,  ზაქრო ქუცნაშვილი ვერც გამიბედავდა ამას, ეს ერთი. მეორე, არც არის ეგ ტიპი, რომ ჩემთვის ეგ ეთქვა. 

ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ბატონი ზურაბი აცხადებს, რომ 10 წელი იმუშავა კონტროლის პალატაში. აქედან გამომდინარე, მისთვის სიტყვები ,,ზედამხედველობა” და ,,გადამოწმება” ისევე უნდა ჟღერდეს და აღაზევოს, როგორც მუსლიმისთვის ჟღერს და აღაზევებს სიტყვები ,,უფალი ერთია!”. კი ბატონო, კანონით პირადად მას არ ევალებოდა დოკუმენტების გადამოწმება, მაგრამ ზედამხედველობა სატენდერო კომისიაზე და შესყიდვების სამსახურზე მისი პირდაპირი მოვალეობა იყო.

კიდევ ერთი უცნაურობა: ჩვენ ბატონ ზურაბს მივმართეთ კითხვით - ხომ არ გაუწია რეკომენდაცია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს დუშეთის რომელიღაც ყოფილმა დეპუტატმა. მან ახსენა ზაქრო ქუცნაშვილი. რატომ, მაინც და მაინც, ზაქრო ქუცნაშვილი და არა, თუნდაც, ირაკლი ტრიპოლსკი ? ისიც ხომ დუშეთის ყოფილი დეპუტატია ?! ამ ,,წაცდენით” ბატონი სეხნიაშვილი მკერდით ხომ არ გადაეფარა ბატონ ქუცნაშვილს, რომლის ოჯახსაც აქვს სამშენებლო საქმიანობაში მდიდარი გამოცდილება. ჩვენი ინფორმაციით, ბატონი ზაქარიას გარეშე, მის მშობლიურ რაიონში ტენდერები, მისი გვერდის ავლით არ ტარდებოდა, თუმცა მომავალში ყველაფერი გაირკვევა.  

ჩვენ ისედაც ვფიქრობდით მიგვემართა შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორისთვის, მალხაზ წიქარიშვილისთვის, რომელიც წარმოადგენდა დუშეთის მერიის მიერ აკრედიტებულ ზედამხედველს და რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულების კონტროლი, მაგრამ ახლა, როცა თავად ბატონი ზურაბიც კი, ბატონი წიქარიშვილისკენ იშვერს თითს, ამ შემთხვევაში ორი უწყინარი კითხვის მაგივრად, მის მიმართ გაგვიჩნდა მთელი კითხვარი. 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

(გაგრძელება იქნება)

ასევე იხილეთ: http://ufleba.ge/index.php?do=fullmod/news&id=4036

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია