ვაჟა საღირაშვილი: ,,თავს დავდებ, ამ ტენდერით ,,გენჩ ინშათი”ქუცნაშვილმა ახეირა”
ჩვენს წინა წერილებში გაუწყებდით, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის მფლობელი გოქსელ გენჩი დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შევიდა და 2019 წლის 1 ივლისს კანონის გვერდის ავლით, ტენდერი მოიგო. ჩვენ ასევე გაუწყებდით, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ყოფილი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ლობირებდნენ. კერძოდ, ისინი ,,გენჩ ინშაათ”-ს ტენდერებში ფასადად იყენებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, ერთად ხეირობდნენ. ერთ -ერთი მათგანი კი, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილია.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არაგველები 21-ე საუკუნე”-ს ხელმძღვანელს, დუშეთის მაცხოვრებელს, ამჟამად ემიგრაციაში მყოფ, ბატონ ვაჟა საღირაშვილს დავუკავშირდით და ზოგიერთი დეტალების დაზუსტება ვთხოვეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
- დუშეთის ყოფილი მერი ზურაბ სეხნიაშვილი ნომინალური ფიგურა იყო. მხოლოდ საბუთებს აწერდა ხელს. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდა. დანამდვილებით ვიცი, ზურაბ სეხნიაშვილი ზაქარია ქუცნაშვილის კადრი იყო, შესაბამისად, ის მასთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას, რომც სდომებოდა, მაინც ვერ მიიღებდა. სეხნიაშვილმა დუშეთის გამგებელი გიზო ჩოხელი ჩაანაცვლა. უწინ სეხნიაშვილი დუშეთის სატყეოში მუშაობდა. ქუცნაშვილს მერად თავის კადრი სჭირდებოდა და მის კანდიდატურაზე გააკეთა არჩევანი. ასევე ქუცნაშვილი ,,კურირებდა” დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კახაბერ ჩიტაურსაც, რომელიც გოდერძი ჩოხელის დისშვილია. ის ირაკლი ტრიპოლსკის ნათესავიცაა.
- ქუცნაშვილის გარდა, ვის შეეძლო გავლენა მოეხდინა სეხნიაშვილზე, რათა კანონის გვერდის ავლით მიეცა ეს ტენდერი კომპანია ,,გენჩ ინშაათის”-თვის ? იქნებ, კახაბერ ჩიტაურს ?
- ქუცნაშვილის გარდა, არავის. მართალია, კახაბერ ჩიტაური ირაკლი ტრიპოლსკის ნათესავია და მის კადრად მოიაზრებოდა, მაგრამ მან ტრიპოლსკი გვერდზე გაწია. არადა, ტრიპოლსკის კახაბერ ჩიტაური სეხნიაშვილ-ქუცნაშვილის ტანდემის გასაკონტროლებლად ჰყავდა საკრებულოში ჩასმული… თუმცა, თავად ჩიტაურის კონტროლი ვერ შეძლო. მე პირადად მქონდა ჩიტაურთან საუბარი და მან პირდაპირ მითხრა: საერთოდ არ მაინტერესებს ირაკლი ტრიპოლსკიო. ირაკლი ტრიპოლსკი ამ დაჯგუფებამ გზიდან ჩამოიცილა. ქუცნაშვილმა, სეხნიაშვილმა, ჩიტაურმა და კიდევ ზოგიერთმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გადაჭამა. პირდაპირ გეუბნებით, კახაბერ ჩიტაურს ზაქარია ქუცნაშვილი აპურებდა. ისინი ერთად ძარცვავდნენ ბიუჯეტს.
- გამოდის, ტრიპოლსკი და ქუცნაშვილი ერთი გუნდი აღარ იყო ? სოციალურ ქსელში თქვენ ირაკლი ტრიპოლსკისაც, სულ რბილად რომ ვთქვათ, დადებითად ნამდვილად არ მოიხსენიებთ და, ნუთუ, ის ამ ტენდერში გარეული არ იყო ?
- დიახ, არ იყო. გამორიცხულია. მართალია, ამბობენ, დუშეთში ირაკლი ტრიპოლსკის ნებართვის გარეშე ფოთოლიც არ შეირხევა, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. როდესაც ქუცნაშვილი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, იმ დღიდან ყველაფერს მხოლოდ ის განაგებდა. ირაკლი ტრიპოლსკი საერთოდ აღარ აინტერესებდა, მეტიც, როგორც გითხარით, ის ,,მოტეხა”… გიმეორებთ, 2019 წელს სეხნიაშვილ-ქუცნაშვილის ტანდემი იყო დუშეთის ბატონ-პატრონი. ირაკლი ტრიპოლსკის ძალიანაც რომ სდომებოდა, მაგ ტენდერში ,,ხელის მოთბობა”, ახლოსაც არ გაიკარებდნენ.
მეტსაც გეტყვით, ქუცნაშვილის ხროვამ იცით, რა გააკეთა ? 2017 წელს ბულაჩაურში დიდი რაოდენობის მილები დაჭრეს, გაიტანეს და ჯართში ჩააბარეს. არადა, ეს მილები მოსახლეობას ჰქონდა ნაყიდი, რომ სარწყავები გაკეთებულიყო. მაშინ მე დავიწყე ამ საკითხის შესწავლა. დუშეთის პოლიციასაც მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. მტკიცებულებები მაქვს თავისი ფოტო-მასალით, შემიძლია გამოგიგზავნოთ. ბულაჩაურის დეპუტატი მამუკა აფციაურიც გარეული იყო, სწორედ მის კუთვნილ ტერიტორიაზე დაიჭრა ეს მილები. მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მოვითხოვე, ჩემზე ზეწოლა დაიწყო. ქუცნაშვილს რამდენიმე კაცთან უთქვამს: მომაშორეთ ეს კაციო. მან ახლობლები გამომიგზავნა და შემომითვალა : შემხვდი, დამელაპარაკეო, რაზეც უარი ვუთხარი, რის შემდეგაც უთქვამს : ეს კაცი ან დაიჭირეთ, ან გააჩუმეთ. არ მაინტერესებს, რაღაც უქენითო. პირდაპირ მითხრეს, გაჩერდი, თორემ დაგაკავებენო.
- არადა, ქუცნაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ არცერთ ტენდერში არ ერეოდა…
- ვინ არ ერეოდა ?! არ გამაცინოთ ! ეგენი იყვნენ, რაც იყვნენ! ბატონი ზაქარია ყველა ტენდერში ერეოდა. ქუცნაშვილის გარეშე დუშეთში არაფერი კეთდებოდა. სხვათა შორის, ქუცნაშვილი ფულის კეთებაში ვერავის ენდობა და სეხნიაშვილს სათვალთვალოდ თავისი დაახლოებული პირი - ყოფილი პოლიციელი, ,,ნაციონალები”-ს დროს ფერადი კაბელების მოპარვისთვის ნასამართლევი, ზაქარია ხერხელაშვილი მეორე მოადგილედ ჩაუსვა. ეს უკანასკნელი ჩემთან მოვიდა და მითხრა : დაგასაქმებთ, ოღონდაც გაჩუმდიო. როგორც გითხარით, მე მათ არ გავურიგდი. სანდო ადამიანმა მითხრა : ვაჟა, თუ არ წახვალ ცუდი შედეგი დაგიდგება. წადი, ოჯახს ნუ გააუბედურებო.
საბოლოოდ, საქართველოს დატოვება მომიწია და დღეს ემიგრაციაში ვარ. თუმცა, მოვა დრო და მათზე ისეთ მასალებს გამოვაქვეყნებ, რომ თავ-ბედს ვაწყევლინებ.
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, თავს დავდებ, ეს ტენდერი ,,გენჩ ინშათს” ქუცნაშვილმა მისცა. მეტსაც გეტყვით, ზაქარია ქუცნაშვილს, ზოგადად, თურქებთან არაერთი კვეთა ჰქონდა. 2018-2019 წლებში დუშეთში არაერთ ობიექტს თურქები აშენებდნენ, რის გამოც დიდი გაწევ-გამოწევა იყო. მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებდა. ამბობდნენ : რატომ თურქები, როცა უამრავი ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომლებიც დუშელებსაც დაგვასაქმებდნენო. სხვათა შორის, ერთ- ერთ თურქს დუშელისთვის შეურაცხყოფაც კი მიუყენებია, რაზეც ერთი ამბავი ატყდა. ქუცნაშვილმა დუშეთში არაერთი თურქული სამშენებლო კომპანია შემოიყვანა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ეს თურქული კომპანიაც მისი მოძიებული და მოყვანილია. ადრე თუ გვიან, ყველა აგებს პასუხს… მოვა დრო და მეც დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, რომელიც ქუცნაშვილის და მისნაირი არამზადებისგან თავისუფალი იქნება.
ჩვენ ვცადეთ ბატონ კახაბერ ჩიტაურთან დაკავშირება, მაგრამ ამოდ. მისი მობილური სდუმს. მიუხედავად ამისა, ბატონ კახაბერს ვთავაზობთ დაგვიკავშირდეს და გასცეს ზემოთმოყვანილ ბრალდებებს პასუხი.
როგორც ხედავთ, ბატონი ვაჟა, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს მსგავსად, თითს ზაქარია ქუცნაშვილისკენ იშვერს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ 2020 წელსაც ვწერდით, ქუცნაშვილის სავარაუდო კავშირებზე ,,გენჩ ინშაათის” მფლობელ გოქსელ გენჩთან. ასევე გოქსელ გენჩთან უშუალო კავშირი ჰქონდა ზაქარია ქუცნაშვილის ,,ჭირში და ლხინშიც” ახლო მეგობარს, ინფრასტრუქტურისა და განვითარების ყოფილ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილსაც. ასევე ,,სუსი”-ის ყოფილ თანამშრომელს გოჩა ალფაიძეს და მის ნათესავს, ყოფილ პოლიციელს მურთაზ კაპანაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს… თუმცა, ჩვენ კატეგორიულად არაფერს ვამტკიცებთ, რადგან საგამოძიებო ორგანო არ ვართ. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაციები, ჩავწერეთ ინტერვიუ ყველა იმ პირთან, ვინც ამ ტენდერთან, პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებული იყო. ყველა მხარის პოზიცია გაგაცანით და ამით ჩვენი ფუნქცია ამ ეტაპზე იწურება. ეს, სავარაუდოდ, კორუფციული ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ( სადაც ,,გენჩ ინშაათ”-სა და მის მფლობელზე მიმდინარეობს გამოძიება), გენერალური პროკურატურისა და ,,სუსი”-ის ანტიკორუფციული სააგენტოს შესასწავლია, რომლებსაც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ჟურნალისტებმა, უკვე ვაცნობეთ.
დაბოლოს, ორი სიტყვით ,,გენჩ ინშაათი”-ის მფლობელ გოქსელ გენჩზე : ჩვენმა კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის 12 აპრილს გოქსელ გენჩისა და მისი კომპანიის ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ საქართველოში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კერძოდ, შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის ( N 031120422003) საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით. გოქსელ გენჩმა ,,ცესკოს” თანამშრომელს, ბატონ რაულ ნიჟარაძეს თაღლითური გზით 220 ათასი ლარი გამოსძალა…
არადა, ბატონი გოქსელი სულ შეგვახსენებს, რომ ის უპატიოსნესი ადამიანია, უმწიკვლო ბიოგრაფიით და ჩვენ ,,ცილისმწამებელმა” ჟურნალისტებმა სიცოცხლე გავუმწარეთ და, აი, უკვე, ოთხი წელია მოსვენებას არ ვაძლევთ. რამდენიმე დღის წინ, დაგვემუქრა, რომ ჩამოვა საქართველოში და პოლიციაში შეგვხვდება. თავის ფანტაზიაში ის მართლაც ჩამოვიდა, გამოგვიგზავნა ურეკში გადაღებული ვიღაც ვაშლებით მოვაჭრე ბებოს სურათი და ძალიან შეეცადა, გვერწმუნა, რომ მან ქართულ მიწაზე, როგორც იქნა, ტერფი დადო. რა თქმა უნდა, ის ანკარაშია თავის სახლ-ოფისში, რომელშიც 2018 წლის ნოემბრიდან, როცა მის თაღლითობაზე პირველი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, ,,გოდება და კბილთა ღრჭენა” სუფევს.
ჩვენ ,,გენჩ ინშაათ”-ის და მისი მფლობელის გოქსელ გენჩის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლას კვლავაც განვაგრძობთ და შესაბამის მიგნებებს ვაცნობებთ ჩვენს მკითხველს. მით უფრო, კიდევ ერთი, სავარაუდოდ, კორუფციული ტენდერია შესასწავლი, რომელიც ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალმა იგივე, ,,რქებმა და ჩლიქებმა” და, ჰოი, საოცრებავ, მარნეულის მუნიციპალიტეტშიც ისევე, როგორც დუშეთში, ტენდერი სწორედ 2019 წლის 1 ივლისს მოიგო! როგორც ჩანს, ყველაფერი ერთი ხელიდან აღსრულდა…
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი