ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა. მიქსერის თქმით, აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ.
„ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.
კერძოდ, საუბარია ცალკეული დეპუტატების მიერ მომზადებული იმ შესწორებების შეცვლილ ვარიანტზე, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა. დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად.
შესწორებების ახალ ვარიანტში „გამოთქმულია წუხილი, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად; შესწორებები შეიცავს მოწოდებას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური მხარისადმი, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ხაზს უსვამს ნდობის ჩამოყალიბებისა და გაზრდის აუცილებლობას ყველა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეს შორის, ასევე მათ და ქართველ ხალხს შორის; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ საქართველოში და, შესაბამისად, აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში“.
შესწორებებში ასევე „გამოთქმულია წუხილი 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გასვლაზე და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები“;
ამასთან, შესწორებებში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება; ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება შეეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს“.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ახალ შესწორებებში საუბარია: „ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას იძლევა, რომ მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით“.
შესწორებების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;“
ახალ შესწორებაში კვლავ საუბარია, რომ „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.
- აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შესწორებების შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მთლიანად ანგარიში ცუდი არ არის, არის რაღაც პოზიტიური ტენდენციები, რაც საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩენს ქართულ პოზიციას ევროსივრცეში, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად ამ მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში, რაც ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არსებობს. აქ უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში და თავისი შინაარსით უსამართლოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა ახლა კონტურები უფრო მკაფიოა და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს.
„მათ უნდათ, ბიძინა ივანიშვილი გახდეს პიროვნება, რომელიც თავის გავლენით მიუთითებს მმართველ გუნდს, რომ აუცილებელია, საქართველო მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილად გადაიქცეს და ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ, რომ თუ მასზე ასეთი ინტენსიური შეტევა განხორციელდება, ის მოტრიალდება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ბოლოს და ბოლოს, მიგვითითებს ჩვენ ყველას, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სფეროში დაკავებულ ადამიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ დამხმარე რესურსად სჭირდებათ.
„ვგულისხმობ ყველას, ზელენსკიდან დაწყებული, პოდოლიაკით დამთავრებული. თუნდაც, გონჩარენკო რომ არის, ნახევრად ფსიქოპატი. ადამიანები ყოველდღიურად მოუწოდებენ საქართველოს, რომ ჩაერთოს ომში და თუ არ ერთვება, ეს იმის ბრალია, რომ „ქართული ოცნებაა“ სათავეში და ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის თემა, რომლის შეკვეთაც მიღებული აქვს ევროპარლამენტს და მუდმივად ამ თემაზე მიმდინარეობს პედალირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი არის თემა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ყელზე დაადგა, რადგან აღარ არსებობს მართვის სისტემა, რომელიც კონკრეტულად სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლებასთან ერთად ჰქონდათ აწყობილი.
მისივე თქმით, ამ ჯგუფებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები თუ საქართველოს რეალურად დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, საქართველოს მოსახლეობა აფორიაქდება და რევოლუციურ პროცესებს განავითარებს.
„აქვთ მოლოდინი, რომ იქნებ ამან გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები, რომელიც შემდგომ უკვე გამოყენებული იქნება სხვადახვა მიმართულებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ომში ჩართვის იდეა არსებობს და ამ იდეის ორბიტაზე ტრიალებს მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია შექმნილ ვითარებაში, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმებში პოზიციონირებს, როგორც ევროპის ნაწილი და საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში.
„ჩვენ რომ ვამბობთ, გვინდა ევროკავშირში, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვეპრანჭებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ ამ სისტემაში, თავისი როლით და ფუნქციით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
წყარო: „პირველი არხი“